ევრაზიული კავშირი

ევროპარლამენტარი: სომხეთი რუსეთის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი გახდა

nw-news.de

გადაწყვეტილება საბაჟო და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესახებ სომხეთმა რუსეთის მხრიდან შანტაჟის შედეგად მიიღო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბრისას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ სომხეთზე უზარმაზარი ზეწოლა ხდებოდა რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისა და ყარაბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ზეწოლა ამ პატარა სახელმწიფოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყო გამოყენებული ამ გადაწყვეტილების მისაღებად", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ბროკმა დაადასტურა, რომ საბაჟო კავშირში ქვეყნის წევრობა ევროკავშირთან ასოცირებას და თავისუფალ ვაჭრობას გამორიცხავს, რის თაობაზეც სომხეთი მოლაპარაკებებს ბრიუსელთან აწარმოებდა.

4 სექტემბერს ერევანში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ქვეყნის საბაჟო კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნება და რუსეთის გუბერნიად ქვეყნის გადაქცევა არ სურთ. პოლიციამ აქციის 12 მონაწილე დააკავა.

3 სექტემბერს, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთი თანახმაა საბაჟო და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს.

კომენტარები