პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი წერილში, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს, საუბრობს ქართველების ემოციურ პატრიოტიზმსა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობის აუცილებლობაზე.
"იმას, რომ დღემდე საქართველოში ემოციური პატრიოტიზმი მეფობს, ადასტურებს ხელისუფლების არჩევისა თუ შეცვლის აქამდე არსებული ყველა შემთხვევა, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით. გავუსწოროთ თვალი სიმართლეს და ვაღიაროთ, რომ თქვენ ჩვენ აგვირჩიეთ გულისა და ემოციის კარნახით, და არა ჩვენი პროგრამის გამო" - წერს პრემიერმინისტრი თავის წერილში.
ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ მას სურს არა მხოლოდ ემოციებით, არამედ გონებით პატრიოტი ქართველების მიღება, ვინც მთელი ცხოვრება მზად იქნება იფიქროს, იკამათოს საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე.





