სტიქია დასავლეთში

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ozurgeti.org.ge

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო დასავლეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში ჩაერთო. ძლიერმა წვიმებმა ლანჩხუთში, სენაკში, ოზურგეთში, შეკვეთილში, ურეკსა და ბათუმში მოსახლეობა დააზარალა. ძლიერმა ქარმა კი ხეები მოგლიჯა და მოსახლეობას ავტომობილები დაუზიანა.

გადაუღებელმა წვიმებმა ლანჩხუთის რაიონის სოფლებში, სუფსასა და ახალსოფელში, ასევე ნიგვზიანში სახლები დატბორა, ასევე დახოცა შინაური ცხოველები და ფრინველები. რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, დაზიანდა ნათესები.

ძლიერმა წვიმამ ოზურგეთსა და ურეკში მოსახლეობა დააზარალა. ინფრასტრუქტურა დაზიანდა ნატანებისა და ქობულეთის დამაკავშირებელ გზებზე.

შეკვეთილში ძლიერმა ქარმა დამსვენებლების მანქანები დააზიანა. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ბათუმში კი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, წყალმა შენობათა პირველი სართული დატბორა.

სპეციალისტები დაზარალებულ რაიონებში ვითარებას შეისწავლიან და სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაგეგმავენ.ადგილზე ზარალის დამთვლელი კომისიაც შეიქმნება.

კომენტარები