სირიის კონფლიქტი

ფანჯიკიძე სირიაში მყოფ ქართველებს დაბრუნებას ურჩევს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, სირიაში ამ დროისთვის 22-მდე ქართველი იმყოფება . ისინი ბიზნესსაქმიანობას ეწევიან.

ფანჯიკიძე სირიაში მყოფ ქართველებს დაბრუნებას ურჩევს.

"ჩვენ ყველასთან გვაქვს კონტაქტი, ვისაც აქვს ქვეყანაში დაბრუნების სურვილი, ჩვენ კატეგორიულად ვურჩევთ მათ საქართველოში დაბრუნებას, გვაქვს გამონახული დაბრუნების გზები. პირველ ეტაპზე, უნდა მოხდეს მათი ბეირუთში გადაყვანა, შემდეგ გადავიყანთ ეგვიპტეში. ჩვენ ეგვიპტიდან ვფარავთ სირიას, შემდეგ კი მათი ჩამოყვანის გზები დადგენილია, ასე, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში მოგვარდება", - აღნიშნავს  ფანჯიკიძე.

დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა " 30 აგვისტოს  საქართველოს 18 მოქალაქემ განაცხადა სამშობლოში დაბრუნების თანხმობა  და ითხოვა დახმარება, ქ. ბეირუთიდან ქ. თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენაში. 30 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიძინა 2013 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული ავიაბილეთები ბეირუთი-ქაირო-თბილისის მიმართულებით.  

31 აგვისტოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ისინი თავად აცხადებენ, არ სურთ სირიის ტერიტორიის დატოვება 2013 წლის 5 სექტემბრამდე, რამაც შესაძლოა სამინისტროს შეუქმნას სერიოზული სირთულეები მომავალში, მოქალაქეების საქართველოში უსაფრთხოდ გადმოყვანის  კუთხით.  " - წერია განცხადებაში.

კომენტარები