მოდა

როდის იწყება შემოდგომა?

საქართველოში ბევრი რამ არ არის ეროპული სტანდარტის, მოდა და კომერცია კი განსაკუთრებით უკან დგას. მაშინ, როდესაც ევროპაში გაგანია ფასდაკლებების სეზონია, როდესაც ლონდონსა თუ მილანში ცნობილი მოდის სახლების მიერ შექმნილი ტანსაცმელი მესამედ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ, თბილისში მოდის დამფასებელთა მცირე ჯგუფისთვის არაფერი ხდება, რამდენიმე თითქოს ლუქს კლასის მაღაზია უღიმღამო კოლექციებით შეუმჩნეველ სეილებს ატარებს, არადა, ზაფხულის ფასდაკლებები ხომ იმისთვისაა, რომ გზა დაუთმოს შემოდგომის ახალ ტენდენციებს.

კომერსანტებმა კარგად იციან, რაც უფრო ადრე გააღიზიანებენ მოდის მიმდევრებს, მით უფრო უკეთ წავა მათი საქმე, საზაფხულო, თხელი ტანისამოსი რაც შეიძლება მალე უნდა გაყიდონ, რადგან წინ შემოდგომაა სქელი ქსოვილებით, თბილი ტანსაცმლით, ბეწვით და ტყავით. ეს ცივი, მაგრამ სარფიანი სეზონია ძვირფასი მოდელებით, რომელთა განხილვაც 6 თვით ადრე მოდის კვირეულებზე მოხდა. პოდიუმებზე ნანახი სილამაზე სულ მალე ხელშესახები გახდება და ამ მოდელების ცხოვრება, როგორც „ახალი" და „სანუკვარი" ნივთებისა, რამდენიმე თვეს, მხოლოდ დეკემბრის ბოლომდე გასტანს. შემდეგ კი გაზაფხულის ტენდენციები ბოლოს მოუღებს ამაოების ამ დაუსრულებელ მონაცვლეობას.

რა არის ტენდენცია, თუ არა წინა სეზონების მიგნებების დახვეწილი გააზრება და, როგორც ყველა პრესტიჟული გამოცემა თუ საიტი გვამცნობს, მომავალი შემოდგომის ტენდენციები დიდად არ შეცვლილა, უბრალოდ, გასულ წელთან შედარებით, ის, რაც შარშან ცოტა უცნაურად გვეჩვენებოდა, წელს მისაღები გახდება. ასე ვთქვათ, თვალი შეგვეჩვია.

Valentino
ფოტო: Reuters

PUNK/REBEL – იმის დათვლას თუ შევუდგებით, რამდენი დიზაინერისთვის გამხდარა პანკ სუბკულტურა ინსპირაცია, დავიბნევით. პანკებს, ამ ასოციალებს, მეტროპოლიტენ მუზეუმში პომპეზურ გამოფენას უძღვნიან, სწორედ პანკ სუბკულტურამ განსაზღვრა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ანარქისტული ტენდენციები მუსიკასა და, ზოგადად, ხელოვნებაში. დღეს მოდელიორთა ნაწილი ეკოლოგიურ და პოლიტიკურ პრობლემებს სწორედ პანკ ტენდენციის გასამყარებლად იყენებს და სახეზეა ახალი, ურბანული პანკ სტილი ძვირი დეკონსტრუირებული, კოლაჟური ტანსაცმლის სახით, რომლის დიდი თაყვანისმცემლები Rodarte, Undercover, ლუის გრეი და ჯუნია ვატანაბე არიან.

THE NIGHT IS LONG – როგორც ჩანს, ოცდამეერთე საუკუნეში მეოცე ასწლეულის ელეგანტური სილუეტები ჯერ კიდევ აქტუალურია. საღამოს გამოსასვლელი ტანსაცმლისთვის მთავარია სიგრძე და, ამჯერად, რაც უფრო გრძელია საღამოს კაბა, მით უკეთესი – ტომ ფორდი, Gucci და სტელა მაკარტნი სწორედ ამ აზრზე დგანან და წლევანდელი შემოდგომის საზეიმო საღამოების აღნიშვნას გრძელი, ოდნავ შლეიფიანი კაბებით გვირჩევენ. წითელ ხალიჩაზე ათწლეულების მანძილზე გამოცდილი კლასიკა მუდამ მოდაშია.

THE NIGHT IS LONG – როგორც ჩანს, ოცდამეერთე საუკუნეში მეოცე ასწლეულის ელეგანტური სილუეტები ჯერ კიდევ აქტუალურია. საღამოს გამოსასვლელი ტანსაცმლისთვის მთავარია სიგრძე და, ამჯერად, რაც უფრო გრძელია საღამოს კაბა, მით უკეთესი – ტომ ფორდი, Gucci და სტელა მაკარტნი სწორედ ამ აზრზე დგანან და წლევანდელი შემოდგომის საზეიმო საღამოების აღნიშვნას გრძელი, ოდნავ შლეიფიანი კაბებით გვირჩევენ. წითელ ხალიჩაზე ათწლეულების მანძილზე გამოცდილი კლასიკა მუდამ მოდაშია.

SAVILE ROW – ლონდონის ცენტრში მდებარე ეს ქუჩა არაერთი ტენდენციის დასაბამი გამხდარა, სამკერვალო ხელოვნებას აქ ადმირალი ნელსონი, ნაპოლეონი და ნიკოლოზ პირველი ეზიარნენ. წელს ამ ადგილმა ქსოვილებით, კერძოდ კი კუბოკრული ტვიდით და მოხერით, მიიქცია ყურადღება. სწორედ აქედან ხვდება მამაკაცის ტანსაცმლისათვის განკუთვნილი ტრადიციული ქსოვილები ქალის გარდერობში. შემოდგომაზე ტენდენციად მოგვევლინება თბილი და კაცური ქსოვილებისგან შექმნილი შეფარულად ეროტიკული ქალის ტანსაცმელი. ამ საქმის დიდი მცოდნეები – ალბერ ელბაზი, ჰაიდერ ეკერმანი და ტომ ბრაუნი ამის შესანიშნავ მაგალითებს წარმოადგენენ.

Undercover
ფოტო: Reuters
MIDI SKIRT – კაბის თუ ქვედაბოლოს სიგრძე მუხლს ქვემოთ, სულ რამდენიმე სეზონის წინ, წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს თითქოს ასაკოვანი ქალების ასოციაციებს იწვევდა და უბრალოდ გაახალგაზრდავების მანიით შეპყრობილი სოციუმისთვის არ იყო მოდური. მიუჩია პრადამ, ალექსანდრე ვანგმა, მარკ ჯეიკობსმა და, რა თქმა უნდა, ფიბი ფილომ Céline-ის სახლისთვის, სრულად დაარღვიეს ეს სტრეოტიპი და „ახალი სიგრძე" შემოდგომის ახალ, სექსუალურ ტენდენციად დაამკვიდრეს.

DIORELLA – კრისტიან დიორის სახლი არა მხოლოდ ტენდენციების, არამედ მთელი ეპოქის დაბადების ადგილია. აქ ხდებოდა მეოცე საუკუნის მოდის ისტორიის მნიშვნელოვანი ამბები და სწორედ ამ სახლს უკავშირდება პარიზის, როგორც მოდის დედაქალაქის სახელი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აღმავლობა და უდარდელი 50-იანი წლების ჰოლივუდის მოდა წელს შემოდგომა-ზამთრის ტენდენციად გვევლინება. შერბილებული სილუეტები სწორედ ძველ ყაიდაზე შეკერილი კაბების ახლებური გააზრებაა. მაგალითებს რაფ სიმონსთან ერთად სხვა ცნობილი დიზაინერებიც გვთავაზობენ.

 

კომენტარები