განათლება

პრეზიდენტი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე: ხელიდან გავუშვით ისტორიული შანსი

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
www.facebook.com/SaakashviliMikheil

"ამ ეტაპზე ჩვენ ხელიდან გავუშვით ისტორიული შანსი საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტის განათლების და ტექნოლოგიების ცენტრის შექმნის და არა მგონია, ეს მხოლოდ ჩემი პირადი მარცხი იყოს", - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე.

სააკაშვილის თქმით, ბათუმში უნივერსიტეტის მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო და პირველი სტუდენტები მას სექტემბერში უნდა მიეღო.

"ეს იქნებოდა პირველი სრულფასოვანი ამერიკული უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეზე. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის მშენებლობა შეჩერდა, ხოლო ამერიკის მთავრობის დაფინანსება, ქართული მხარის ინიციატივით, სხვა პროექტებზე გადამისამართდა, მთავრობამ კი განაცხადა, რომ ამ შენობაში საერთოდ არ განთავსდება უნივერსიტეტი", - აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი თბილისში გადმოვა.

"ბათუმის უნივერსიტეტი იყო სააკაშვილის ერთ-ერთი იდეა, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნდა. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შევთანხმდებით ამ უნივერსიტეტის მომავალთან დაკავშირებულ დეტალებზე და, სავარაუდოდ, უნივერსიტეტი თბილისში გადმოვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები