საფრანგეთი

რეცესია à la française − თავისუფლება, თანასწორობა, უმუშევრობა

„როგორ უნდა მართო ერი, რომელსაც ყველის ორას ორმოცდაექვსი სახეობა აქვს?!" – ქილიკობდა ფრანგების მუდმივ აზრთა სხვადასხვაობასა და ერთფეროვნების სიძულვილზე მეხუთე რესპუბლიკის ფუძემდებელი შარლ დე გოლი. „ატლანტიკიდან ურალამდე" თავისუფალი ევროპის იდეის ავტორი პირდაპირი კენჭისყრით არჩეული პირველი პრეზიდენტი იყო, მას შემდეგ კი ადამიანის უფლებების სამშობლოს ძირითადად მემარჯვენე და ცენტრისტი პოლიტიკოსები მართავდნენ. ფრანსუა ოლანდი 50 წლის მანძილზე მეორე სოციალისტი პრეზიდენტია.

ოლანდმა ელისეს სასახლეში ბინა ერთი წლის წინ დაიდო, როდესაც დაძაბული საარჩევნო კამპანიის ფონზე, მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მცირე უპირატესობით დაამარცხა. ცვლილების პირობით მოსული პრეზიდენტისგან ბევრს ელოდნენ, თუმცა როგორც უკანასკნელი მოვლენები ადასტურებს, დე გოლის კითხვაზე ოლანდს პასუხი არ აქვს. მეტიც, კომენტატორთა შეფასებით, არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგაც, პრეზიდენტს „მართვა ჯერ არ დაუწყია".

საქმე ისაა, რომ საფრანგეთი ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე მესამე ეკონომიკურ რეცესიას განიცდის. წარმოება გაყინულია, ინვესტიციები იკლებს და მსყიდველობითი უნარი მცირდება. ამას ემატება შემცირებული ექსპორტი და ევროზონის ეკონომიკის ვარდნა ზედიზედ ექვსი კვარტლის განმავლობაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი
ფოტო: Reuters
მიუხედავად მრჩევლების სურვილისა, პოზიციონირება მტკიცე ლიდერობით და ეკონომიკური რეცესიის გამოსასწორებლად დაუყოვნებელი ზომების მიღებით მოეხდინა, ოლანდმა სარკოზის საპირისპირო, „ბატონი ნორმალურის" ნიშა დაიკავა. ამ არასწორი სტრატეგიის შედეგად, 65%-იანი ნდობით დაწყებული რეიტინგი, ახლახან ჩამოსცდა 30 წლის რეკორდულ ქვედა ზღვარს და 25%-ს მიაღწია.

ნიკოლა სარკოზის ექსჰიბიციონისტური მართვის სტილითა და ფინანსური სკანდალებით გადაღლილი ამომრჩეველი ოლანდისგან მწვავე ხარჯშემკვეცი ზომების შემსუბუქებას, მდიდრების დაბეგვრის ხარჯზე საშუალო და დაბალი კლასების ყოფის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ სტაბილურობას ელოდა, თუმცა უშედეგოდ.

საფრანგეთის ეკონომიკური სტაგნაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოუქნელი შრომითი კანონმდებლობაა. ფრანგ დამსაქმებელს, საშუალოდ, დასაქმებულის ხელფასის ორმაგი ოდენობის გადახდა ბიუჯეტში უწევს, ხოლო არასასურველი თანამშრომლის დათხოვნა საკანონმდებლო რეგულაციების გამო უზომოდ რთულდება. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საფრანგეთი 2013 წელს მსოფლიოში ბიზნესის კეთების თავისუფლების მხრივ 62-ე ადგილზეა. ავტორიტეტული ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „დასაქმების ბაზარი სტაგნაციიდან ვერ გამოდის. შრომის კანონმდებლობის მძიმე რეგულაციები ვნებს კონკურენტუნარიანობას და ამძაფრებს უმუშევრობის პრობლემას".

მართლაც, უკანასკნელი 14 წლის მანძილზე უპრეცედენტო – 10,6%-იანი უმუშევრობა საფრანგეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. მაგალითად, პარიზის სევრანის დასახლებაში ახალგაზრდების 40% სამსახურს უშედეგოდ ეძებს და სახელმწიფო დახმარებაზეა დამოკიდებული. უკვე 30 წელია, საფრანგეთში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 25%-ზე ქვემოთ არ ჩამოდის, ხოლო მათგან, ვინც ოფიციალურად დასაქმებულად ითვლება, დიდ ნაწილს დროებითი კონტრაქტი ან განათლებასთან დაუკავშირებელი სამუშაო აქვს.

ედეგად, იზრდება სამუშაოს მაძიებელთა კომპეტენციასა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შორის განსხვავება და დამსაქმებლებს სურვილის შემთხვევაშიც კი უჭირთ შესაბამისი კადრის პოვნა.

მსგავსი პრობლემა საფრანგეთის გარეთაც დგას. ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 12,2%-ს მიაღწია. საერთაშორისო საკუნსულტაციო ფირმის McKinsey-ს დასკვნით, ამის მიზეზი მარტო სამუშაო ადგილების არარსებობა არ არის. 10 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ საშუალო ზომის კომპანიებს 13-მდე საწყისი საფეხურის თავისუფალი პოზიცია აქვთ, თუმცა შესაბამისი უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრის მოძებნა უჭირთ. ფაქტი კი ფაქტად რჩება – მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ახალგაზრდას არ აქვს სამსახური. განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები 26 მილიონი 15-25 წლის მოქალაქე არააქტიურია: არც სწავლობს, არც მუშაობს.

ამ ფონზე, განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა საფრანგეთში რამდენიმე მსხვილი ქარხნის დახურვას, რომელთა გადარჩენა პრეზიდენტმა, დაპირების მიუხედავად, ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მრეწველობაში მოსახლეობის მხოლოდ 15%-მდეა დასაქმებული, პროტესტს ჩვეული ფრანგები ქარხნების შენარჩუნების მოთხოვნით არაერთხელ გაიფიცნენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა სამუშაოს უშედეგოდ მაძიებელი ახალგაზრდების უკმაყოფილებას, ფრანსუა ოლანდმა უპასუხა, რომ „სამშობლოს ისინი უყვარს და წარმატებასაც სწორედ საფრანგეთში უნდა მიაღწიონ". თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 3.6 მილიონ სამსახურის მაძიებელ ევროპელ ახალგაზრდას მუშახელის თავისუფლების პრინციპს ახსენებს და მოუწოდებს, გასცდნენ საკუთარ ქვეყნებს და ევროკავშირის უზარმაზარი პოტენციალით ისარგებლონ.

მსგავს განსხვავებულ მიდგომებს, კომენტატორების აზრით, ისტორიული ახსნა აქვს. ამაყი ფრანგებისთვის რთული წარმოსადგენი, მეტიც, შეურაცხმყოფელია იმის წარმოდგენა, რომ მათი ქვეყანა – მილიონობით ემიგრანტის საოცნებო მიმართულება, დღეს ნიჭიერი ახალგაზრდების გადინების საფრთხის წინაშეა. ზოგი უფრო შორსაც მიდის და ფრანგებს „ფსიქოლოგიურად გადაღლილ" ერად მიიჩნევს.

მართლაც, ფრანგების უკმაყოფილება კონკრეტული ხელისუფალის მიმართ პრეტენზიებს სცდება და მთელი პოლიტიკური სპექტრის უნდობლობაში გადადის. მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს სწამს, რომ მომავალი უკეთესობის მომტანია. შედეგად, იმატებს ევროსკეპტიციზმი და ნაციონალიზმი, რაც ევროკავშირის გაფართოების მიმართ საკონსტიტუციო შეზღუდვებით და თურქეთის გაწევრიანების დაბლოკვითაც გამოვლინდა. ჟურნალ Economist-ის შეფასებით, ფრანგები ბოლოდროინდელი განწყობებით გაცილებით უფრო მოგვაგონებენ ევროპის პერიფერიულ ძალებს (ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი), ვიდრე ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედსა და საყრდენს.

ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი
ფოტო: Reuters
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის სტაბილურობის, კოორდინაციისა და მართვის ხელშეკრულების ე.წ. ფისკალური პაკეტის მიხედვით, წევრ სახელმწიფოებს საბიუჯეტო დეფიციტის 3%-იანი ზღვარი დაუწესდათ. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო შემოსავლებსა და ხარჯებს შორის მაქსიმუმ 3%-იანი გარღვევა შეიძლება არსებობდეს. იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთს საბიუჯეტო ბალანსი 1970-იანი წლებიდან არ ჰქონია, ხოლო სარკოზის „ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის შემდეგაც კი აღნიშნული კოეფიციენტი 4,5%-ია, ოლანდის მთავრობას ევროკომისიის წინაშე შუამდგომლობა და სახელშეკრულებო ვალდებულების გადავადების თხოვნა მოუწია. დეფიციტის 3%-მდე შემცირებას სოციალისტები გადასახადების ზრდით გეგმავდნენ, თუმცა საბოლოოდ, მდიდარი მოსახლეობისთვის საშემოსავლო გადასახადის 75%-მდე გაზრდის პოპულისტურმა იდეამაც კრახი განიცადა.

ოლანდის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირების საკანონმდებლო დონეზე იმპლემენტაციამდე, საფრანგეთი არაერთმა მდიდარმა ადამიანმა დატოვა. საგადასახადო ტვირთის გამო ჟერარ დეპარდიეს მიერ მოქალაქეობის შეცვლის გახმაურებული პრეცედენტის გარდა, გადასახადებისთვის თავის არიდებაში ოლანდის მთავრობის წევრი, საბიუჯეტო საქმეთა მინისტრი ჯერომ კაუზაც ამხილეს. შვეიცარიის ბანკებში საიდუმლო ანგარიშების გამო თანამდებობის დატოვებით, კაუზამ საფრანგეთს კიდევ უფრო განუმტკიცა „საგადასახადო ჯოჯოხეთის" იმიჯი, რამაც ინვესტიციების შემოდინებაზეც უარყოფითად იმოქმედა.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, ქვეყნის დატოვებას ფუფუნების საგნების მწარმოებელი უდიდესი კონგლომერატის – ლუი ვიტონ მოეტ ჰენესის – დირექტორი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი – ბერნარ არნოც აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, კონსტიტუციურმა საბჭომ სიმდიდრის გადასახადის გაზრდა ძირითად კანონთან შეუსაბამოდ ცნო. მიუხედავად ამისა, გარკვეული მოდიფიკაციებით, არა ფიზიკურ პირებს, არამედ მსხვილ კომპანიებს „სუპერგადასახადი" მაინც დაუწესდათ. ასევე, 2014 წლიდან გაიზრდება დამატებითი ღირებულების გადასახადიც.

როგორც ოფიციალური პროგნოზებიდან ირკვევა, მიღებული ზომები საკმარისი მაინც არ არის. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, პიერ მოსკოვიჩის ინფორმაციით, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი -0,2% იქნება. შესაბამისად, „ფისკალური პაკეტის" შესასრულებლად, მთავრობას 3 წლის განმავლობაში ხარჯების შემცირება დაახლოებით 115 მილიარდი ევროთი მოუწევს. სოციალისტების დაპირებებით განებივრებული ამომრჩევლისთვის ოლანდის „გაბედული არჩევანი" კატასტროფის ტოლფასია.

ოლანდი უკვე იმაზე არაპოპულარულია, ვიდრე მისი წინამორბედი ოდესმე ყოფილა. მეტიც, CSA Institute-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მოსახლეობის 34%-იანი მხარდაჭერით ქვეყნის პირველ პირად კვლავ ნიკოლა სარკოზი დაბრუნდებოდა.

ამ ყველაფრის პარალელურად, არსებობს სხვაგვარი საფრანგეთიც. აქ ახალგაზრდების 83% კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით. ეს არის Thalys, Vivendi, L'Oreal, LVMH, Alstom და სხვა უმსხვილესი კომპანიების სამშობლო, სადაც გამარტივებული პროცედურების შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი ახალი კომპანია შეიქმნა. აქ ახალი ბიზნესის წამოწყებას ნულოვანი საწესდებო კაპიტალი, რეგისტრაციას კი – გერმანიაზე და დიდ ბრიტანეთზე ბევრად ნაკლები – 7 დღე სჭირდება. ეს ის საფრანგეთია, სადაც ტექნოლოგიური სტარტაპების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს და McKinsey-ის მონაცემებით, ორჯერ გაზრდილი ციფრული ეკონომიკის წყალობით, 2015 წლისთვის 450 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ჯანსაღი კვებისა და მოწესრიგებული ჯანდაცვის სისტემის წყალობით, ფრანგები სხვა ევროპელებზე დიდხანს ცოცხლობენ და ბოლო პერიოდში, დემოგრაფიაც იმედისმომცემია. შობადობის მაჩვენებელმა თითოეულ ქალზე ორს გადააჭარბა და თუ ასეთი ტემპი შენარჩუნდა, 20 წელიწადში საფრანგეთის მოსახლეობა გერმანიისას გაუსწრებს.

სწორედ ასეთი საფრანგეთი იყო ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარი და არაერთი კვლევის მიხედვით, „საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა".
ფრანგებს, ისე როგორც არავის, სისხლში აქვთ გამჯდარი გაფიცვა და დემონსტრაცია. ისინი აპროტესტებენ ყველაფერს, ეკონომიკურსა თუ სოციალურს, ეროვნულს თუ ლოკალურს: საპენსიო ასაკის 62 წლამდე გაზრდიდან ერთსქესიან ქორწინებამდე, ქარხნების დახურვიდან ევთანაზიის შესაძლო დაკანონებამდე. თუმცა, რეალურად თუ შევხედავთ, ეს ერთგვარი მითიცაა. ჟურნალ Economist-ს თუ დავუჯერებთ, ფრანგებს უბრალოდ „ტემპერამენტულად იტაცებთ პროტესტის იდეა", რაც ხშირად აქციის დაშლიდან რამდენიმე დღეში თემის სრული მივიწყებით მთავრდება. რეალურად, გაფიცვებით სახელგანთქმული ფრანგული პროფკავშირების წევრი დასაქმებულთა მხოლოდ 8%-ია, ხოლო მოსახლეობის 64% მათ არ ენდობა. უმრავლესობა საერთაშორისო ვაჭრობას უჭერს მხარს, მთავარ ღირებულებებად კი – თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას ასახელებს.

საგულისხმოა Le Nouvel Observateur-ის პოლიტიკური რედაქტორის, სილვან კურაჟის მოსაზრება ფრანგების წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაზე ლიდერობასთან. „ჩვენ ვკლავდით მეფეებს, თუმცა მუდმივად მეფის ძიებაში ვართ", – მიიჩნევს კურაჟი. გამორჩეულია ფრანგების სახელმწიფოებრივი აღქმაც. ერი, რომელიც სტატისტიკურად ყველაზე ცოტას მუშაობს, მაგრამ ყველაზე მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება, სახელმწიფოსგან მიღებულ ნებისმიერ სოციალურ და ეკონომიკურ პრივილეგიას (35-საათიანი სამუშაო კვირა, უმუშევრობის შეღავათები, უფასო ჯანდაცვა) „acquis" ანუ „მონაპოვრად" – ახალ ძირითად უფლებად მიიჩნევს. შედეგად, ასეთი უფლებების შეზღუდვა მათ გარდაუვალ პროტესტს იწვევს და მთავრობას საშუალებას არ აძლევს, სოციალურ შეღავათებს შეეხოს. ეს ყველაფერი, ფეხმოკიდებული რეცესიის ფონზე, კრიზისს აღრმავებს და აჩენს ძლიერი ლიდერის საჭიროებას, რომელიც საზოგადოებრივ აზრს არ მოერიდება და მწვავე რეფორმების გატარებას შეძლებს.

თუკი ნიკოლა სარკოზის ამ კუთხით გარკვეული მიღწევები ჰქონდა, ელისეს კულუარებში „ბაბუას" მეტსახელით ცნობილი ოლანდი ასეთი გაბედული ლიდერი ნამდვილად არ არის. შედეგად, სოციალისტური პარტია სუსტდება, ხოლო სარკოზის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფონზე, „სიმძიმის ცენტრად" მარინ ლე პენის ულტრანაციონალისტური ეროვნული ფრონტი გვევლინება. ანტიევროპელი, იმიგრანტების მოძულე ლე პენის პოლიტიკური რესურექცია აშინებს ევროპული, მულტიკულტურული საფრანგეთის მომხრეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სოციალისტების ინსპირირებული „კლასობრივი ბრძოლა" რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

პრეზიდენტმა თავი უნდა დააღწიოს ახლანდელ პირველ ლედის და ყოფილ პარტნიორს შორის მიმდინარე სკანდალებს, საკადრისი პასუხი გასცეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი პრეზიდენტის და სექსუალური სკანდალისგან რეაბილიტირებული გავლენიანი პოლიტიკოსის – დომინიკ სტროს-კანის კრიტიკას. საგარეო ასპარეზზე მან უნდა დაიცვას საფრანგეთის ინტერესები ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში, ღირსეულად უნდა გააწონასწოროს ევროპის ლიდერად ქცეული ანგელა მერკელი და დაარწმუნოს იაპონელები, რომ ჩინეთთან გაცხოველებული ვაჭრობის მიუხედავად – მათი „გამორჩეული კომერციული პარტნიორიცაა". ამოცანათა სია გრძელია და არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ მაინც, ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მართვა უნდა დაიწყოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მალის ისლამისტ ტერორისტულ დაჯგუფებებზე გამარჯვება სახელმწიფოს მეთაურის რეიტინგს ვერ გააუმჯობესებს. ბასტილიის აღების დღეს უმუშევრობაზე საუბარი კი ცვლილების სახელით მოსულ ოლანდს თავად გაუყენებს ცვლილების გზას. ნაპოლეონის ქვეყანაში „უიღბლო გენერლები" არ უყვართ.

კომენტარები