დვალიშვილის საქმე

შსს წამებაში დადანაშაულებული პოლიციელების დაწინაურებაზე განმარტებას აკეთებს

ნინო გიორგობიანი
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა რევაზ დვალიშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში კონკრეტულ პირებს გამოავლენს, შსს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს მიიღებს.

ამ განცხადებით უწყება ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის ზაზა ხატიაშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა. ხატიაშვილი წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების რევაზ ქობულიასა და მალხაზ მჟავიას დაწინაურებას აპროტესტებს და ამის გამო შს მინისტრის, მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, ხსენებული პოლიციელები ადამიანის წამებაში მონაწილეობდნენ და ეს ევროპის სასამართლოს მიერაა დადგენილი.

შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ რევაზ ქობულია ამჟამად წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსია. მისივე თქმით, მალხაზ მჟავია არ დაწინაურებულა და ერთი განყოფილებიდან მეორეში, იგივე პოზიციაზე გადავიდა.

გიორგობიანის თქმით, დვალიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არც ერთი პოლიციელის გვარი მითითებული არ არის:

"ეს ორი პიროვნება პოლიციაში მართლაც მუშაობს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში "დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" წერია, რომ დვალიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მესამე მუხლის არსებით დარღვევას - არასათანადო მოპყრობის გამო, რომ ამ ადამიანთან მიმართებაში გამოძიების პროცესში იყო ხარვეზები, მაგრამ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონკრეტული სახელები და გვარები მითითებული არ არის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს დვალიშვილი. იკითხებიან პირები, ვისაც შეხება ჰქონდა დვალიშვილის საქმესთან. იმ შემთხვევაში, თუკი დვალიშვილის წამებაში ამა თუ იმ პირის მონაწილეობა დადასტურდება, მათ მიმართ კანონის შესაბამისი ზომები გატარდება", - ამბობს გიორგობიანი.

14 აგვისტოს ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2012 წლის 18 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე "დვალიშვილი საქართველოს წინაააღმდეგ". საუბარია წყალტუბოს პოლიციის სამმართველოში 2005 წელს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც რევაზ დვალიშვილი აწამეს. ხატიაშვილის თქმით, დაზარალებული, მათ შორის, სწორედ რევაზ ქობულიამ და მალხაზ მჟავიამ სცემეს.
.

 

კომენტარები