ეკონომიკა

უპასუხისმგებლო მთავრობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ნულპროცენტიანი ზრდა აღინიშნა. ჩემს წინამდებარე სტატიებში ვასაბუთებდი, რომ მოსალოდნელი რეცესიის ალბათობა მაღალია, თუმცა საქართველოს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი – 4%-იანს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა გარკვეულ წინაპირობებს დააკმაყოფილებს.

ასეთ წინაპირობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვები, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს. მოკლედ რომ ვთქვათ, საქმე ეხება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. საქმე ის არის, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-საც არ შეადგენს, რაც არ არის საკმარისი თუნდაც 2%-იანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

საქართველოს მთავრობის ოპტიმიზმი, აგრეთვე, ეფუძნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს და შეღავათიან აგროკრედიტებს, ასევე გაურკვეველ საინვესტიციო ფონდს, რომელმაც სოფლის მეურნეობის პროექტები უნდა დააფინანსოს. დღეს, აგრარული სექტორი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს (2,3 მილიარდი ლარებში). ამდენად, იმ დაშვებითაც, რომ გაზაფხულზე განხორციელებული პროექტები წარმატებული იყო, აღნიშნულ სექტორში პროდუქციის ნამატი ვერ გადააჭარბებს 460 მილიონ ლარს, რაც ოპტიმიზმის საფუძველი ასევე არ შეიძლება იყოს. თეორიული შანსი რჩება შიდა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში (მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარი) და ეკონომიკური აქტივობის მოულოდნელ ცვლილებაში, რაც მიმდინარე სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, სასწაულის ტოლფასია.

ფაქტობრივად, ეკონომიკის 4%-იანი ზრდის პროგნოზი არარეალურია. საუკეთესო სიტუაციაში, რეალური მშპ არ გაიზრდება, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეცესიის ალბათობა მაღალია. ეს არის რეალობა და საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა მიმართოს ადეკვატურ ღონისძიებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება, რისი ნიშნებიც უკვე გაჩნდა საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების კუთხით. ეკონომიკური კრიზისი დგება, როდესაც ეკონომიკა არ იზრდება და მთავრობა ვეღარ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, განსაკუთრებით სოციალური პოლიტიკის ნაწილში. კრიზისს მოსდევს პოლიტიკურად არასტაბილური გარემოს ფორმირება, რაც ზრდის არჩეული მთავრობის ვადაზე ადრე გადაყენების ალბათობას. თავის გადარჩენის მიზნით, მთავრობა შუამდგომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან საგარეო ვალის მოზიდვის მიზნით. თუმცა, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც რეცესიული ეკონომიკის პირობებში სრულდება არარეალური დაპირებები იმ იმედით, რომ მომავალი თაობები საგარეო ვალს გაზრდილი კეთილდღეობის ხარჯზე გაისტუმრებენ. მთავრობისთვის პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა მომავალში ცხოვრების დონის გაუარესება. იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მთავრობა აუცილებლად დადგება ასეთი არჩევანის წინაშე.

პოლიტიკური კრიზისი მით უფრო მწვავე ფორმით ვლინდება, რაც უფრო ნაკლებად არის განვითარებული ქვეყანაში ეკონომიკა. მსოფლიო პრაქტიკაში ბევრი ასეთი პრეცედენტია ცნობილი. გადავხედოთ საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს. ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საბერძნეთის მთავრობა ვერ ასრულებდა საზოგადოების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და დახმარებისთვის ხელგაწვდილი მიმართავდა ევროკავშირის უფრო მეტად განვითრებულ ქვეყნებს, რომლებიც ასევე ეკონომიკური კრიზისის პირობებში იმყოფებიან. საბერძნეთში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 25,000 აშშ დოლარია, საქართველო კი ამ ქვეყანას ცხოვრების დონით, სულ მცირე, 6-ჯერ ჩამორჩება.

იმისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკური კეთილდღეობა გაიზარდოს 25,000 აშშ დოლარამდე 20 წელიწადში, საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 10%-ით მაინც უნდა იზრდებოდეს. ადვილი გასათვლელია, თუ რამდენად მაღალია პოლიტიკური კრიზისის ალბათობა საქართველოში, რაც ინვესტიციების მოზიდვას კიდევ უფრო გაართულებს. შეცდომებს ვუშვებთ ყველა, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ვერც საკუთარ და ვერც სხვის შეცდომებზე სწორი დასკვნები ვერ გამოგვაქვს.

საქართველოს მოქმედი მთავრობა არ არის დამნაშავე იმაში, რომ დღეს ეკონომიკა არ იზრდება. ჩემს წინამდებარე სტატიებში „ინვესტიციები და დასაქმება" და „მოსალოდნელი რეცესიის ალბათობა არ არის დაბალი" ახსნილია ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შემცირდა. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ახალი ტექნოლოგიების შექმნის რესურსი, მაგრამ ვითხოვთ რაც შეიძლება ბევრ უცხოურ ინვესტიციას. ვცდილობთ დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ კარგი საინვესტიციო გარემო გვაქვს და იაფი რესურსის შეთავაზება შეგვიძლია. საქმე ის არის, რომ დღეს მსოფლიოში 200-მდე ქვეყანაა, სადაც ცხოვრების დონე დაბალია და იაფი რესურსი აქვს. ყველა ეს ქვეყანა ცდილობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას. ინვესტორს დიდი არჩევანი აქვს და ამ მიმართულებით კონკურენციაც ძალიან მაღალია. ამდენად, ინვესტორს მხოლოდ საინვესტიციო გარემოთი ვერ მოხიბლავ და არც იაფი რესურსია საკმარისი პირობა – პროდუქციისა და მომსახურების ბაზარიც შთამბეჭდავი უნდა იყოს და მეზობლებიც – შედარებით მდიდრები.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ბიზნესი ძირითადად არსებულის შენარჩუნებას უფრო ცდილობს, ვიდრე ახლის შექმნას და, ამდენად, პოტენციურ ინვესტორთა რაოდენობაც მცირდება. თუმცა, მოქმედი მთავრობა ნამდვილად უწყობს ხელს რეცესიის წარმოქმნას, რაც აღვწერე ჩემს სტატიაში „საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუარესდება" და გამოვყავი ის ძირითადი ფაქტორები, რაც ინვესტიციებს კიდევ უფრო მეტად ამცირებს და იწვევს ეკონომიკის ნულოვან ზრდას. ეს ფაქტორებია: სამართლიანობის აღდგენის პროცესი, შრომის კოდექსში მიღებული ცვლილებები, საუბრები კანონზე მინიმალური ხელფასების შესახებ და ქსენოფობიური გამოვლინებები სამთავრობო წრეებსა და საზოგადოებაში. თუმცა, ეს უფრო უცოდინრობის გამო ხდება, ვიდრე უპასუხისმგებლობის. ამ სტატიაში, მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო სწორედ იმ საკითხზე, თუ რატომ არის საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლო დღეს.

1. 6%-იანი ეკონომიკური ზრდის დაგეგმვა – საბიუჯეტო განაცხადის გაკეთებამდე მთავრობა ადგენს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტი არის ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების შესახებ. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მხარჯავ დაწესებულებებთან კოორდინაციით, რისთვისაც ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები და ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.

ეკონომიკის 4%-იანი ზრდის პროგნოზი არარეალურია. საუკეთესო სიტუაციაში, რეალური მშპ არ გაიზრდება, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეცესიის ალბათობა მაღალია.

შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი ფლობენ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც უზრუნველყოფს მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირებას. 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ ეკონომიკა ახალ რეალობაში გადასასვლელად ემზადებოდა (ერთობლივი მიწოდება შემცირდა). თუმცა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები პოპულისტურ განცხადებებს აკეთებდნენ და ეკონომიკის 6%-იან ზრდას წინასწარმეტყველებდნენ.

მოგვიანებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღიარა პროგნოზის არამართებულობა, რასაც საქართველოს პრემიერმინისტრის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მას შემდეგ, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, მთავრობამ აღიარა, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელებულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოდიფიცირებული 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ასევე მიუღწეველია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დიდ როლს თამაშობს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვაში. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ. ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობას საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, როდესაც ის გეგმავს არადეფიციტურ ბიუჯეტს (4,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გათვლით), რადგან სინამდვილეში, არარეალური ეკონომიკური ზრდის ფონზე ბიუჯეტის დეფიციტის რისკი ძალზე მაღალია, რაც, როგორც წესი, თავს იჩენს კალენდარული წლის ბოლო კვარტალში (დამოკიდებულია დეფიციტის სიდიდეზე). მაშასადამე, საქართველოს მთავრობას, ერთი მხრივ, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნას. სწორედ ეს არის უპასუხისმგებლო მთავრობის ქცევა.

2. სოციალური ვალდებულებები ამომრჩევლების წინაშე – მისასალმებელია, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკური პარტია ცდილობს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, თუმცა ცნობილია ქართული ანდაზა, რომ საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო. სოციალური სფერო ყველა ქვეყანაში მტკივნეული საკითხია და პოლიტიკოსების ფავორიტ სალაპარაკო თემას წარმოადგენს, რადგან უფასო სახელმძღვანელოებით, ქირურგიული ოპერაციებით, სასადილოებით, სიღარიბის დაძლევის პროგრამებით, დასაქმების პოლიტიკით და სხვა, ძალიან მარტივია გაჭირვებული ადამიანის გულის მოგება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უფასო განათლება, საყოველთაო ჯანდაცვა, საპენსიო სისტემა და სუბსიდიები სოფლის მეურნეობაში.

ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო ჯანდაცვის ისეთი სისტემა იქმნება, რისი ფინანსური უზრუნველყოფა მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკებსაც არ შეუძლიათ. მაგალითად, აშშ-ში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტი 47,000 აშშ დოლარია, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის აქილევსის ქუსლი სწორედ ჯანდაცვის ის მოდელია, რომელიც სახელმწიფოს უზარმაზარ ვალდებულებებს აკისრებს და რის გამოც აშშ-ის მთავრობა დამატებით საგარეო ვალის მოზიდვის პოლიტიკას მიმართავს.

იმ აბსურდული დაშვებითაც კი, რომ მთავრობის ჩინოვნიკები უკეთესად შეძლებენ ურთულესი სისტემის უფრო რაციონალურად და ეფექტიანად ადმინისტრირებას, ვიდრე კერძო სექტორი, შეუძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტით ამ რაოდენობის ვალდებულებების დაფინანსება. ეს ეხება ყველა მომსახურებას, დაწყებული პროფილაქტიკური გამოკვლევებიდან, დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციების ჩათვლით მოქალაქეებისთვის უფასოდ მიწოდებას.

ჯანდაცვა ძვირადღირებული მომსახურება და ფუფუნების საგანია. ზოგჯერ მისი მომსახურება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საცხოვრებელი სახლის შეძენა. ამასთან, ნებისმიერი ადამიანი ცდილობს, საკუთარი შემოსავალი რაციონალურად გაანაწილოს, თუმცა მისი სურვილები, საჭიროებები და მოთხოვნილებები უსაზღვროა. განსაზღვრული მხოლოდ ის მოთხოვნაა, რომელიც წარმოადგენს სწორედ გადახდისუნარიან მოთხოვნილებას და შემოსაზღვრულია შემოსავლით. ამდენად, ადამიანი მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს იმის მიხედვით, თუ რამდენია მისი შემოსავალი. თუ ადამიანი იკმაყოფილებს უფრო მეტ მოთხოვნილებებს, ვიდრე შემოსავალი აქვს და, ამავე დროს, ვერ ხედავს მომავალში ზედმეტი ხარჯების დაფარვის წყაროს, ამბობენ, რომ უპასუხისმგებლოა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საზოგადოება წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფს, ხოლო მთავრობა არის საზოგადოების მიერ არჩეული ინსტიტუტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი შემოსავლები, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ზემოხსენებული შეფასება მართებული იქნება მთავრობისთვისაც.

ჯანდაცვის გაუგებარი სისტემა, გაორმაგებული გრანტების რაოდენობა უმაღლესი განათლების სფეროში, გაორმაგებული პენსიები, უფასო სახელმძღვანელოები, უპრეცედენტო რაოდენობის სუბსიდიები სოფლის მეურნეობაში უკვე საკმარისი პირობაა ბიუჯეტის დეფიციტის შესაქმნელად, განსაკუთრებით შენელებული ეკონომიკის ზრდის ფონზე, რომელსაც გაუარესების უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე გაუმჯობესების. როდესაც ადამიანი ხარჯავს შემოსავალზე მეტს, ხშირად, მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს ვალების გასტუმრება. ვალი, მისი სიდიდან გამომდინარე, შეიძლება მის შთამომავლობასაც გადაეცეს. ამბობენ, რომ ეს ადამიანი მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია. როდესაც მთავრობა შეგნებულად ახალისებს ბიუჯეტის დეფიციტს, საზოგადოებას საგარეო ვალების გასტუმრება უწევს, რაც მომავალ თაობებზე გადადის. ამბობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დგება. სწორედ ამაში გამოიხატება უპასუხისმგებლო მთავრობის ქმედება.

საქმე ისაა, რომ უპასუხისმგებლობა არ არის მოქმედი მთავრობის ცალკეული გამოვლინება. უპასუხისმგებლობა ახასიათებდა საქართველოს ყველა მთავრობას. უპასუხისმგებლოდ იქცევა მსოფლიოს მრავალი განვითარებული ქვეყნის მთავრობა. სახელმწიფო მოწყობის წესი და სისტემა განაპირობებს მის ასეთად ჩამოყალიბებას, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი ხარვეზია. როდესაც ერთობლივი მიწოდება მცირდება, პოლიტიკოსები პასუხობენ ერთობლივი მოთხოვნის გაზრდით, რადგან რეალურ ერთობლივ მიწოდებაზე ზემოქმედება არ შეუძლიათ.

არსებული კრიზისი კიდევ უფრო დიდი სიმწვავით ვლინდება სწორედ იმის ხარჯზე, რომ დეფიციტის დაფინანსება წარმოებს საგარეო ვალით ან/და ფულის ემისიით. როდესაც დაავადებულ ადამიანს ტკივილგამაყუჩებლით მკურნალობენ, მას გარკვეული პერიოდით ტკივილი უნელდება, მაგრამ დაავადება უფრო დიდი სიმწვავით ვლინდება მომავალში. სწორედ ასე იქცევა უპასუხისმგებლო მთავრობა, რადგან მომავლში წარმოქმნილ პრობლემებზე მას პასუხს არავინ მოსთხოვს. დაავადებას სჭირდება მკურნალობა. ეს არის შემცირებული ერთობლივი მიწოდება და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ბიზნესი უფრო აქტიური გახდება. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გადასახადებს შეამცირებს, მაქსიმალურად შეკვეცს ვალდებულებებს, გააუქმებს სუბსიდიებს, უარს იტყვის ბიზნესის რეგულირებაზე და შეამცირებს სახელმწიფო აპარატის ხარჯებს. გადასახადების შემცირების გარდა, საზოგადოებისთვის სხვა ყველა დანარჩენი ქმედება ძალიან არაპოპულარულია, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევის სხვა ალტერნატივა საზოგადოებას არა აქვს.

მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემა ნაკლებად მტკივნეულია, რადგან მთავრობები გარკვეულწილად ახერხებენ შემოსავლის გადანაწილებას, ხოლო საზოგადოებამ ათეული წლების განმავლობაში მოახერხა არსებული სიმდიდრის ფორმირება. ამ ქვეყნებს საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცხოვრების დონით. მთავრობა ვერ მოახერხებს ვერც უფასო განათლების და ვერც უფასო ჯანდაცვის მიწოდებას, რადგან ამას სხვა სიდიდის შემოსავალი სჭირდება. ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდება და გაქრება ის მცირედიც, რაც, ასე თუ ისე, ხელმისაწვდომია. ერთადერთი გამოსავალი კვლავ ეკონომიკურ ზრდაშია, რისი მიღწევაც მხოლოდ აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება. ორივეს შეთავსება და დაბალანსება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ვერც შემოსავალს გაზრდის და ვერც უფასოდ მიიღებს საზოგადოებრივ მომსახურებას.

კომენტარები