პედაგოგიკა

პედაგოგის პრესტიჟი

ათი წლის წინ, არიზონის შტატის გაქვავებული ტყის ეროვნულ პარკში ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდა – მკვლევართა ჯგუფმა სხვადასხვა ბილიკზე დამთვალიერებლებისთვის შემდეგი ოთხი განსხვავებული შინაარსის გამაფრთხილებელი ნიშანი დაამაგრა:

  1. მრავალი დამთვალიერებელი ხელუხლებლად ტოვებს გაქვავებული ხეების ნიმუშებს და ამით ეხმარება გაქვავებული ტყის შენარჩუნებას;
  2. მრავალ დამთვალიერებელს მიაქვს თან გაქვავებული ხის ნიმუშები, რითიც გაქვავებული ტყის მდგომარეობას აუარესებს;
  3. გთხოვთ, დატოვოთ გაქვავებული ხის ნიმუშები პარკში;
  4. გთხოვთ, ნუ წაიღებთ გაქვავებული ხის ნიმუშებს პარკიდან.

ნიშნებთან ახლოს, ბილიკზე, გაქვავებული ხის ნიმუშებიც ეყარა. მკვლევრები აკვირდებოდნენ, თუ რამდენ ნიმუშს აიღებდნენ დამთვალიერებლები გაფრთხილების ნახვის შემდეგ.

ქურდობის ყველაზე მცირე რაოდენობა მეოთხე ნიშნის ნახვის შემდეგ აღირიცხა. ეს მოსალოდნელიც იყო. ცნობილია, რომ უარყოფით გზავნილს (ამ შემთხვევაში, „ნუ წაიღებთ") ადამიანი უფრო მეტად აქცევს ყურადღებას, ვიდრე დადებითს. მეორე ნიშანიც უარყოფითად აღწერდა დამთვალიერებლების ქმედებას და ამგვარი ქცევის შედეგებს, მაგრამ შედეგი არასახარბიელო იყო. ქურდობის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ გაფრთხილების ნახვის შემდეგ აღირიცხა. სწორედ ამ ნიშნის ნახვის შემდეგ მოიპარა სამჯერ უფრო მეტმა ადამიანმა გაქვავებული ხის ნიმუში, ვიდრე მეოთხის შემთხვევაში. რატომ მოხდა ასე?

მკვლევართა ახსნით, ისევე, როგორც მეოთხე ნიშნის შემთხვევაში, უარყოფითი აღწერა აძლიერებდა ნიშნის მიმართ დამთვალიერებლების აღქმის უნარს. თუმცა, დამთვალიერებლებს მეორე ნიშანი ეუბნებოდა, რომ ხის ნიმუშების წაღება დამახასიათებელია პარკის სტუმრებისთვის. ეს კი ეხმარებოდა დამთვალიერებლებს ქურდობასთან დაკავშირებული მორალური დილემის დაძლევაში.

კვლევა საინტერესოა განათლების პოლიტიკისთვის. მოსწავლეებზე სტერეოტიპების გავლენის შესახებ ბევრი დაწერილა. ამჯერად გთავაზობთ დავფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს აღწერილი გამოცდილება მასწავლებლების შემთხვევაში.

მოსწავლის შედეგებზე, ცხადია, მისი თანდაყოლილი უნარები, მშობლების ან მეურვეების განათლება და შემოსავლები, სკოლაში მართვის გამართულობა, სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოებიც მოქმედებს. თუმცა ყველა კვლევით დასტურდება, რომ მასწავლებელი, კერძოდ კი მისი პროფესიონალიზმი, ყველაზე განმსაზღვრელი ფაქტორია მოსწავლის წარმატებისთვის.

იმისთვის, რომ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მასწავლებლები გვყავდეს, რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პირობა არის დასაკმაყოფილებელი. პირველ რიგში, საჭიროა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება და მასწავლებლობის მსურველთა ფრთხილი და საფუძვლიანი შერჩევა. პრინციპში, ეს ორივე პირობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. საზოგადოების თვალში მასწავლებლის პოზიტიური აღქმა ერთ-ერთი გადამწყვეტი პირობაა სკოლებში განათლების ხარისხის ამაღლებისთვის.

დასაწყისში მოყვანილი კვლევა სწორედ პრესტიჟის ამაღლების კონტექსტშია მნიშვნელოვანი. მედია, მკვლევრები და, მით უმეტეს, სახელმწიფოს წარმომადგენლები, უნდა ერიდონ მასწავლებლების შესახებ ნეგატიური ინფორმაციის იმგვარად წარმოდგენას, რაც მასწავლებლების მიმართ ნეგატიურ სტერეოტიპებს გაამყარებს. ასეთია განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორ იტყუებიან მასწავლებლები გამოცდებზე, როგორ ხელმძღვანელობენ ცრურწმენებით, როგორ ჩაგრავენ მოსწავლეებს და ა.შ. განა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პრობლემაა, როდესაც ამგვარ ცნობებს ვაზოგადებთ, ვერ ვუპირისპირებთ პოზიტიურ ინფორმაციას და ვქმნით ნეგატიურ სტერეოტიპს, რომელიც მასწავლებლის დაბალ თვითშეფასებას უწყობს ხელს, ისევე, როგორც ეროვნული პარკის დამთვალიერებლების შემთხვევაში.

მედიით მასწავლებლების შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება საქართველოში იშვიათია. სპეციალურ გამოცემებშიც კი წარმატებული მასწავლებლის პორტრეტი, პრაქტიკულად, არ გვხვდება. მაგალითად, mastsavelebeli.ge მასწავლებლებისთვის შექმნილი ჟურნალია. აქ ბევრი საინტერესო და მცოდნე ადამიანი წერს განათლების შესახებ და მრავალი სასარგებლო რჩევა ქვეყნდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 1300-მდე სტატია გამოიცა. ქართველი წარმატებული მასწავლებლის შესახებ ინფორმაცია კი მათ შორის თითებზე ჩამოსათვლელია.

გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგისმენიათ ან წაგიკითხავთ რაიმე წარმატების მქონე მასწავლებლის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში და შეადარეთ ე.წ. სკანდალურ სიახლეებს იმავე პროფესიის წარმომადგენლების შესახებ. მასწავლებლისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი პრაქტიკის შესაფასებლად მაღალი პროფესიული ქცევის სტანდარტს შეედაროს. მედიის ფარგლებში წარმატებულთა ჩვენების გარდა, მსგავს ფუნქციას რეგულარული პროფესიული კონფერენციების არსებობაც შეასრულებდა.

პროფესიული პრესტიჟის ამაღლება მხოლოდ მედიის მეშვეობით, ცხადია, წარმოუდგენელია. საჭიროა მნიშვნელოვანი ფინანსური წახალისება ორი მიზნის მისაღწევად. პირველი, უნდა ვეცადოთ, რომ მასწავლებლობა რაც შეიძლება მეტ საუკეთესო უნარებისა და ცოდნის მქონე ახალგაზრდას მოუნდეს. მეორე, მასწავლებლების პროფესიონალიზმი მწვერვალს დაახლოებით 8 წლის შემდეგ აღწევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საკმარისი წახალისება ჰქონდეთ, რათა კარიერის დასაწყისშივე არ შეიცვალონ პროფესია და ხანგრძლივად დაინტერესებულები დარჩნენ პედაგოგიური საქმიანობით.
ახალგაზრდების პროფესიის არჩევანზე არაფინანსური ფაქტორებიც მოქმედებს. მათ ნაკლებად იზიდავთ სკოლის კულტურა, რომელიც ვეტერანი მასწავლებლების პრივილეგირებულობაზე დგას. მიმზიდველი უფრო მეტად ისეთი სკოლებია, სადაც განსხვავებული გამოცდილების მქონე მასწავლებლები საერთო პრობლემების ერთობლივად, თანამშრომლობით გადაჭრას ცდილობენ.

პედაგოგიურ პროფესიას მიმზიდველობას ისიც უკარგავს, რომ სკოლების დიდ ნაწილში მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი სამუშაო ადგილი არ გააჩნია. მათ არ აქვთ საკუთარი კომპიუტერი, საკუთარი სამუშაო მაგიდა, თარო და სხვა. არ არის გასაკვირი, რომ მასწავლებელი ასეთ პირობებში გაკვეთილების შემდეგ სახლში სწრაფად წასვლას და იქ მუშაობას ამჯობინებდეს. ეს კი სკოლისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია, რადგან სწორედ თავისუფალ დროს უზიარებენ მასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას, ეხმარებიან მოსწავლეებს და თანამშრომლობენ ადმინისტრაციასთან.

თავისუფლება პროფესიის მიმზიდველობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. რომელ წარმატებულ ადამიანს უნდა, მთელი ცხოვრება სხვის გაცემულ დირექტივებს ემსახუროს? დღეს მასწავლებელს უამრავი შეზღუდვა აქვს. სახელმწიფო დღეს არ ენდობა მასწავლებლის შეფასებას, მის უნარს, თავად შეარჩიოს სასწავლო მასალები და მეთოდები. ასე კი მრავალი ინოვაციური ადამიანის დემორალიზება და სისტემიდან გარიყვა ხდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც პროფესიის მიმზიდველობას უკავშირდება, კოლეგების პროფესიონალიზმია. საუკეთესო პოტენციის მქონე აბიტურიენტები იშვიათად ინტერესდებიან იმ სპეციალობებით, სადაც მათ მაღალი ცოდნისა და უნარების, წარმატებული მომავლის მქონე კურსელები არ ეყოლებათ. საერთაშორისო გამოცდილება კი გვაჩვენებს, რომ ქვეყნებს, სადაც პედაგოგობის მსურველთა მკაცრი და ფრთხილი შერჩევა ხდება, უკეთესი კომპეტენციების მასწავლებლები და, შესაბამისად, უკეთესი საგანმანათლებლო შედეგები აქვს.

აქ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ერთ პრობლემას ვეჯახებით. ჩვენთან მასწავლებლობის ბევრი მსურველი არ არის. შესაბამისად, უმაღლესებში მიღების ან სერტიფიცირების პირობების გამკაცრებამ, შესაძლოა, ამ სპეციალობებზე სწავლის მსურველთა კლებაც გამოიწვიოს. ცხადია, ასეც მოხდება, თუ შესაბამისი მხარდაჭერის ელემენტები არ მივაშველეთ. მასწავლებლების ხელფასების ზრდა და საზოგადოების თვალში მათი პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვა, მრავალი შესაძლებლობიდან, მხოლოდ ორი აუცილებელი პირობაა. არსებობს სხვა მექანიზმებიც.

უმაღლესებში სტუდენტების მოზიდვისთვის, ინტერესის კლებას ფინანსური წახალისების დამატებითი ორი გზა შეგვიძლია დავუპირისპიროთ. განათლების პროგრამების დაფინანსებაზე გამოყოფილი სახელმწიფო გრანტები ერთი სამოტივაციო ელემენტი იქნებოდა. არანაკლები წახალისება კი, შეიძლება იყოს მასწავლებლების მომზადების პროგრამები, სადაც სტუდენტები, სწავლის პარალელურად, სკოლებში მუშაობენ და ამისთვის, ამ მიზნით შექმნილი სპეციალური ფონდიდან, ხელფასსაც იღებენ.

პროფესიის მიმზიდველობისთვის მნიშვნელოვანია როგორც პროფესიის მდგრადობა, ისე კარიერული ზრდის შესაძლებლობა. მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური გარანტიები. თუ, ვთქვათ, მასწავლებლის წლიური ხელფასი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ს მიებმებოდა, მასწავლებლის ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 500 ლარს გაუტოლდებოდა. ეკონომიკის ზრდასთან ერთად კი მისი ხელფასიც გაიზრდებოდა.

კარიერული ზრდისთვის მნიშვნელოვანია სკოლის შიგნით შესაბამისი სტრუქტურების არსებობა. ჩვენს სკოლებში ამ სტრუქტურების ნაწილი უკვე არსებობს და მათ განვითარებას მხოლოდ მხარდაჭერა სჭირდება. ასეთებია კათედრები, მენტორობის ინსტიტუტი, სასწავლო ნაწილები და სხვა. კარიერული ზრდა უნდა გულისხმობდეს სკოლის შიგნით ხარისხის შეფასების იმგვარი მექანიზმების არსებობასაც, რომლებიც მასწავლებლებს შორის დაპირისპირების და შეჯიბრის ნაცვლად, თანამშრომლობას უწყობს ხელს.

თავისთავად ცხადია, რომ პრობლემა რთული და მრავალშრიანია. შესაბამისად, სახელმწიფო ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, რომ მის გადაჭრაში რაც შეიძლება მეტი მხარე ჩართოს: მასწავლებლები, სკოლების ადმინისტრაცია, უმაღლესები, მედია, მასწავლებელთა ასოციაციები და სხვა.

საქართველოს სკოლებში ხარისხის ასამაღლებლად გადამწყვეტია პროფესიონალი მასწავლებლების ყოლა. ამისთვის კი აუცილებელია პედაგოგიური პროფესიის პრესტიჟულობის ზრდა. მხოლოდ დაფინანსების მცირე ზრდით, მასწავლებლებისთვის ინფორმაციის და დირექტივების მიწოდებით, ტრენინგებით ან ყოველწლიურად რამდენიმე მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიალის გამართვით ეს ვერ მოხერხდება. საჭიროა საუნივერსიტეტო პროგრამებზე, სკოლის კულტურაზე, სამუშაო გარემოზე, აკადემიურ თავისუფლებასა და კარიერულ ზრდაზე ზრუნვა. თუ გვინდა, რომ საუკეთესო სკოლები გვქონდეს, მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელი გზაც მხოლოდ საუკეთესოებისთვის უნდა იყოს ხსნილი. პედაგოგებს შორის საუკეთესოებს კი მუდმივად გამოვლენა, საზოგადოებისგან დაფასება და პატივისცემა სჭირდებათ.