ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი, დღეს, ორგანიზაცია თავისუფალი ზონის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა. დოკუმენტი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს ეხება და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით კომპანია დენსუსმა მოამზადა. ის დანიშნულების დანაყოფების მომზადებისა და მათი შეფასების დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.
დასკვნა ადასტურებს, რომ 26 მაისს მომიტინგეთა დაშლა საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის ფარგლებში განხორციელდა, - აცხადებს მერაბიშვილი. ყოფილი პრემიერმინისტრის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს, ჩემი ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განკარგულებით 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დაშლა განხორციელდა საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის ფარგლებში. აღნიშნული დასკვნის მოზადება სამინისტრომ დაუკვეთა კერძო კომპანიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით.
დასკვნის მომზადების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ამოძრავებდა პოლიტიკური მიზნები, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს ჰქონდა 2011 წლიდან, თუმცა არასოდეს ყოფილა გამოქვეყნებული და პოლიტიკურად გამოყენებული. ამ დასკვნის ერთადერთი მიზანი იყო მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარება და რჩევების მიღება მდიდარი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან. სწორედ ამიტომ, კომპანიის შერჩევა მოხდა ამერიკელი მეგობრების მიერ. მიმაჩნია, რომ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ამ დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი არ შეეპარება.
მე არასოდეს მიფიქრია, რომ მომიწევდა მსგავს ბრალდებაზე თავის მართლება და შესაბამისად, არც მიფიქრია ამ დოკუმენტის ადრე გამოქვეყნების ან მისი შენახვის თაობაზე. სწორედ ამიტომ, ჩემს ადვოკატებს დასჭირდათ სერიოზული შრომა ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად, რამაც ჩემი დიდი გაკვირვება გამოიწვია. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა გაეჭიანურებინა დოკუმენტის გადმოცემის პროცესი და მისი მიღება მხოლოდ ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩარევით მოხერხდა. იმის გამო, რომ მე მოკლებული ვარ საშუალებას თავად მოვიძიო ჩემი დაცვისთვის აუცილებელი მტკიცებულებები, ჩემს ადვოკატებს უწევთ დიდი შრომის გაწევა, რისთვისაც მე დიდ მადლობას ვუხდი მათ. მე ვფიქრობ, რომ დღემდე პროკურატურას არ გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ბრალდება ჩემს წინააღმდეგ წარდგენილი არ იქნებოდა".





