აბაშიძის საქმე

საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში ასლან აბაშიძეს დააპატიმრებენ

ასლან აბაშიძე
http://interpol.com/

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს ასლან აბაშიძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დააპატიმრებენ. 

მისი თქმით, აბაშიძეს ერთ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, ხოლო მეორე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, სასამართლო განხილვა გრძელდება. 

"მის მიმართ საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. რამდენიმე ბრალდების ეპიზოდია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო და ეს დამტკიცდა ათეულობით მოწმის დაკითხვისას. ანუ, ბრალდებას იმ ეპიზოდებში, სადაც ვიცავ ასლან აბაშიძეს, არანაირი მტკიცებულებები, მოწმის ჩვენებები, რომლებიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობაზე საუბრობენ, არ არსებობს. რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, მე სანამ მის დაცვას დავიწყებდი, იქამდე მის მიმართ გამოტანილი არის გამამტყუნებელი განაჩენი. როგორც ვიცი, იმ ბრალდებებშიც ძალიან სერიოზული დაუსაბუთებლობის ვარიანტებია. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს საქმე ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი. შესაბამისად, მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააკავებენ", - განაცხადა სამუშიამ. 

15 წლით თავისუფლების აღკვეთა აბაშიძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის და საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გატაცება-გაფლანგვის ბრალდებით მიესაჯა. 

შეგახსენებთ, რომ გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ასლან აბაშიძის შვილმა და ბათუმის ყოფილმა მერმა გიორგი აბაშიძემ განაცხადა, რომ ოჯახი საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება. 

"ჯერ მე მოვდივარ, მოგვიანებით მამაც ჩამოვა", - აღნიშნა გიორგი აბაშიძემ. 

კომენტარები