საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მედვედევი: შემძრა რუსი სამხედროების დაცხრილვაში ქართველების მონაწილეობამ

wikipedia.org

დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთს საომარი გეგმები არასდროს ჰქონია, მისი მოქმედებების მიზეზი თავდაცვა იყო და რომ არა რუსეთის მოქალაქეების "დახოცვა", არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდებოდა. რუსეთის პრემიერმინისტრის თქმით, ის "შეძრა" რუსი სამშვიდობოების "დაცხრილვამ".

"რეალური მიზეზი ის არის, რაც მე თქვენ გითხარით - საქართველოს შეიარაღებული ძალების შეჭრა ცხინვალში და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დახოცვა. მხოლოდ ეს. სხვა დანარჩენი შეიძლება იყოს შედეგი, შეიძლება რაღაც პროექცია იყოს, მაგრამ უშუალო მიზეზი თავდაცვა იყო. და მე ამაში დღემდე მყარად ვარ დარწმუნებული. რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა და არ დახოცილიყვნენ სამშვიდობოები და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იმ მომენტში ცხოვრობდნენ ან იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდებოდა. ეს სრულიად ნათელია. იმის კვალობაზეც კი, რომ იქ იყო დაძაბულობა, იყო რაღაც გამოხდომები, იყო პერიოდული, შესაძლოა, კონფლიქტებიც, ჩვენ მაინც ვახერხებდით დაშოშმინებას და, საერთო ჯამში, ნორმალურ ურთიერთობებს. იცით, რამ შემძრა მაშინ, რადგან ამაზე ვსაუბრობთ? სამწუხაროდ, მომახსენეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ფორმირებები, რომლებიც სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში შედიოდნენ, ფაქტობრივად, რუსი სამშვიდობოების დაცხრილვაში მონაწილეობდნენ. ეს უკვე ყველა საზღვარს სცილდება! ეს, სამწუხაროდ, არა უბრალოდ დანაშაულია, ეს ყველა საერთაშორისო ნორმის ცინიკურად ფეხქვეშ გათელვაა! სწორედ ეს იყო პირდაპირი და მთავარი საბაბი", - ამბობს მედვედევი გადაცემა პოზიციასთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსეთი კონფლიქტის აცილებას "ყველანაირი საშუალებით" ცდილობდა

"ეს არ არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პრობლემა, ჩვენ ასეთი პრობლემა არ გვჭირდებოდა. სამწუხაროდ, მის გადაწყვეტილებას საქართველოს სხვადასხვა მმართველები, არ მინდა ცალკე გამოვყო, უვარგისი მეთოდებით, უგუნურად ან დანაშაულებრივად ცდილობდნენ. ეს ძლიერ დასანანია... ჩვენ არასდროს გვქონია საომარი გეგმები, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა. პირიქით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, თავიდან აგვეცილებინა ეს კონფლიქტი, ჩვენ გვესმოდა, რომ პოტენციურად ეს შესაძლებელი იყო. და მაინც, სხვადასხვა სიტუაციებში დასმულ კითხვებზე მე არაერთხელ მიპასუხია: იმის მიუხედავადაც კი, რომ ჩვენ გვქონდა ასეთი ეჭვები, ყველაფერი, რაც მოხდა, ეს, რა თქმა უნდა, იყო ანომალია, ძალიან უხეში შეცდომა, რომელიც სამხედრო დანაშაულში გადაიზარდა. სამწუხაროდ, ბატონმა სააკაშვილმა, როცა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რა მდგომარეობაში, ეს უკვე აღარ ვიცი, უბრალოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც პრაქტიკულად აღარ დარჩა შესაძლებლობა, რომ შეეკოწიწებინა საკუთარი ქვეყანა", - ამბობს მედვედევი.

რუსეთის პრემიერმინისტრი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრასაც იხსენებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, მისი თქმით, პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შესთავაზა:

"რა მივიღე სამი თვის პრეზიდენტობის შემდეგ? სამხედრო შეჭრა, ადამიანთა მკვლელობები", - ამბობს მედვედევი და 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედებებს "სამხედრო დანაშაულს" უწოდებს.

 

კომენტარები