ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ავრცელებს, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს ეკონომიკურ პრობლემებს თვალი გაუსწოროს.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, აპრილში საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით იკლო 1.3%-ით, მაისში - 4.3%-ით, ხოლო ივნისში - 12.8%-ით.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ივნისში ეკონომიკა შემცირდა 0.8%-ით, მაშინ როდესაც მაისში 0%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში გაჯანსაღების ნაცვლად, გაუარესების ტენდენციები აღინიშნება. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან ეკონომიკურ პრობლემებზე თვალის დახუჭვამ და სირაქლემას პოზაში ყოფნამ არ გაამართლა. ეს ნიშნავს, რომ დღეს გაცილებით მეტ საქართველოს მოქალაქეს უჭირს, ვიდრე უჭირდა ერთი წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევედით ერთგვარ ნეგატიურ სპირალში, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება".





