მასწავლებელთა გამოცდები

სერგო რატიანი: გამოცდებზე მასწავლებელთა უმრავლესობის ჩაჭრა პოლიტიკური დაკვეთაა

Sergo Ratiani
Tabula

გამოცდებზე მასწავლებელთა უმრავლესობის ჩაჭრა პოლიტიკური დაკვეთაა, რომელიც შეასრულა განათლების სამინისტრომ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. ამის შესახებ უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს პედაგოგთა უმრავლესობამ სასერტიფიკატო გამოცდებში ბარიერი ვერ გადალახა. ფიზიკაში მასწავლებელთა 96%, ქიმიაში - 82%, მათემატიკაში - 85%, ისტორიაში - 57%, ხოლო გეოგრაფიაში - 49% ჩაიჭრა.

სერგო რატიანის განცხადებით, ასეთ შედეგებს ორი ძირითადი მიზეზი აქვს. მისი თქმით, პირველი იყო ის, რომ 2013 წელს პედაგოგებს არ გაეწიათ მეთოდური დახმარება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა მასწავლებლის სახლი - ტრენინგები იყო უფასო და ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. ამან, რატიანის აზრით, გამოიწვია მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების დისკრედიტაცია - მასწავლებლებს გაუქრათ მოტივაცია, მომზადებულიყვნენ გამოცდებისთვის და გაუჩნდათ მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, გამოცდები მკაცრი არ იქნებოდა.

"ცენტრის ხელმძღვანელობას უნდა სცოდნოდა მოცემული მომენტისთვის მასწავლებელთა მომზადების დონე. ნებისმიერი ტესტის შედგენისას გათვალისწინებულია გამოსაცდელი სუბიექტების გამოსაცდელი დონე და ამის გამომწვევი მიზეზები", - აღნიშნა რატიანმა.

 

კომენტარები