სოფლის მეურნეობა

პარლამენტმა მიწის სტატუსის შეცვლაზე მორატორიუმს მხარი დაუჭირა

www.radiotavisupleba.ge

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სტატუსის შეცვლის პროცესი შეჩერდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე გამოცხადებული მორატორიუმის ვადის ფარგლებში - 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ასევე ჩერდება მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისთვის დანიშნულების შეცვლა და მათი არასასოფლო-სამეურნეო მიწებად გადაფორმება მხოლოდ სახელმწიფო აუცილებლობიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.
როგორც ინიციატივის ავტორები ზურაბ ტყემალაძე და გიგლა აგულაშვილი განმარტავენ, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვების პროცესი 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლას და მის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში გადაყვანას მასობრივი სახე მიეცა. შექმნილ ვითარებაში უმრავლესობის წევრებმა გამოსავალი მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის მექანიზმების შეჩერებაში იპოვეს.

კომენტარები