ტაბულა ART

გელა ჩარკვიანი: ირაკლი

არსებობს მოსაზრება, რომ ირაკლისთვის მისი შემოქმედება იყო პროტესტი საკუთარი ბექგრაუნდის მიმართ. ბექგრაუნდი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებისეულ პოზიციას და ირაკლის შემთხვევაში ის უეჭველად იყო მისი ქცევის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი. მაგრამ, ისტორიულად, შვილების პროტესტი უმეტესად მამების იდეოლოგიისა და კულტურული კონსერვატიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. ირაკლისთან ასე ვერ მოხდებოდა, რადგან მე, მისი მამა, ახალგაზრდობაში თავად ვიყავი გარკვეული დოზით კულტურის სფეროში მეამბოხე. ბაბუის, კანდიდ ჩარკვიანის მიმართ კი არ მგონია მას რაიმე პროტესტი გასჩენოდა. ზოგადად ბაბუები არ იწვევენ ამგვარ გრძნობებს. მით უმეტეს, რომ ირაკლის ბაბუა ძალიან უყვარდა, რაც კარგად ჩანს მის უდავოდ საუკეთესო მოთხრობაში „ცალფეხშიშველი ბავშვი" და არაერთ ინტერვიუში. საერთოდ მიმაჩნია, რომ მისი პოზიცია მხოლოდ პროტესტისა და ეპატაჟის სურვილით არ იყო ნაკარნახევი, თუმცა თავად ხშირად იმეორებდა, რომ მისი შემოქმედება რეაქციაა. რეაქცია რაღაც არსებულ, მოდუნებულ ან სულაც ჩამკვდარ რეალობაზე, ანუ მისი დიალექტიკური ანტითეზისია. როგორც ირაკლი ამბობდა, „მე რეაქციას ვიწვევ და რეაქცია მშობს. მე ახალ ტალღას ვიწყებ...".

მართლაც, ირაკლი უპირისპირდებოდა იმ რეალობას და ახალს ეძებდა ყველგან და ყოველთვის. მაგრამ ეს იყო მისი ბუნება – უკომპრომისო, უშიშარი ახალგაზრდისა და არა ბექგრაუნდით უკმაყოფილების კომპენსაცია. ბექგრაუნდთან დაკავშირებით დავძენდი, რომ, თუმცა ახალგაზრდობაში მეც მქონდა „ამბოხის" მცდელობები, როგორც ხელოვანი, ირაკლი ჩემზე გაცილებით ნიჭიერი იყო და, ბუნებრივია, მისი რეაქცია, ანტითეზისი თუ პროტესტი, ჩემსაზე გაცილებით მეტად ჟღერადი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ჩემს დროში საქართველოში მედია, ნორმალური გაგებით, არ არსებობდა, ირაკლი კი მუდამ მედიის ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა.

ირაკლი ჩარკვიანი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ჩემ მიერ დაწერილი (ალბათ პირველი) ქართული როკ-ენ-როლი, რომელიც 1959 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ოლიმპიადაზე შესრულდა, საზარელი ეპითეტებით შეამკო ამავე ინსტიტუტის მრავალტირაჟიანმა გაზეთმა „კიროველმა" და ამით ყველაფერი დასრულდა. მასზე პარლამენტში ბჭობა არ გამართულა და ვერც გაიმართებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ იმ დროს, ნორმალური გაგებით, არც პარლამენტი არსებობდა. ირაკლის სიმღერა „შენ აფრენ" კი მაშინდელი პარლამენტის განხილვის საგანი გახდა. ირაკლი ამ ამბავს კარგად შეხვდა. ფაქტობრივად, ხდებოდა ის, რაც მას სურდა. ვერ გეტყვით რამდენად შეესატყვისებოდა ირაკლის ხედვა სინამდვილეს, მაგრამ მისი დიალექტიკური გადასახედიდან ასე ჩანდა – მისმა პროტესტმა, ანტითეზისმა იმარჯვა, ხავსმოკიდებული თეზისი აფორიაქდა თავისი გაცვეთილი მეტაფორის გადასარჩენად. ამას ვერ ავუხსნიდი ჩემს კეთილმოსურნეებს, რომლებიც მირეკავდნენ და სამძიმრის ტონით მთავაზობდნენ თანაგრძნობას. როგორც მშობელს, მადარდებდა შვილის უსაფრთხოების საკითხი. კარგად ვიცოდი მსოფლიო პრაქტიკა. კერძოდ ის, თუ რა საფრთხეებს უქმნის გამომწვევი პოპულარობა ამ ჟანრში მომუშავე ახალგაზრდებს. ისიც ვიცოდი, რომ ჩემი თაობის ადამიანების უმეტესობას არ შეიძლებოდა მოსწონებოდა „აფრენ". მეტიც, დარწმუნებული ვიყავი, ის მათ საშინლად გააღიზიანებდა. მე კი დღესაც ხშირად ვუყურებ და მომწონს ეს ღარიბ ინტერიერში გადაღებული კლიპი და ვთვლი, რომ სწორედ მან გამოიწვია ის აუცილებელი პარადიგმული ძვრა 90-იანი წლების ქართული კულტურის შესაბამის სეგმენტში. თავისი უკიდურესი ან თუნდაც იმ დროისათვის შოკისმომგვრელი ხატებით, ამ კლიპმა გზა გაუხსნა პროდუქციას, რომელიც დღეს მრავლად იწარმოება და აღარავის უფრთხობს ძილს.

ირაკლი ერთი მხრივ ძალიან ნიჭიერი მელოდისტი იყო და მეორე მხრივ მოუსვენარი, მარად ახალი მუსიკალური მეტაფორის მაძიებელი შემოქმედი. ამიტომაც, მან ორი, საკმაოდ განსხვავებული ბუნებისა და ტიპის სიმღერები შექმნა. პირველი – ძლიერი, ლამაზი მელოდიები, რომლებსაც მსმენელი იმახსოვრებს და კიდევაც ღიღინებს თავისთვის. ასეთებია „მე გადმოვცურავ ზღვას", „ისტორიას დარჩება", „ორღანი 78", „სულს" და ბევრი სხვა. მეორე კი მინიმალისტური, გამიზნულად გულუბრყვილო ან სულაც ბავშვურ-დადაისტური, მრავალჯერ გამეორებული ფრაზები ან რეჩიტატივი, დასმული რთულ ტექნო-რიტმებზე. ასეთებია „შენ აფრენ", „ომარას ძაღლი", „აგრე რატომ მიყურებ?" და ა.შ. იყო რამდენიმე ისეთიც, სადაც მან ერთდროულად გამოიყენა ყველა ეს საშუალება – რეპიც, ტექნოც და ხარისხიანი მელოდიაც. ასეთი სიმღერაა, მაგალითად, „სექსი". ბუნებრივია, ვიცოდი რა ირაკლის როგორც მელოდისტის შესაძლებლობები, მე მას პირველი ტიპის, ანუ მელოდიური სიმღერების წერისკენ ვუბიძგებდი. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ ირაკლიმ თავად უკეთ იცოდა როდის რა უნდა ეწერა იმისათვის, რომ სრულად გამოეხატა თავისი საკმაოდ რთული ბას და კომერციულ ალღოს მოკლებული ადამიანი იყო. გამდიდრების სქემები და პროექტები, რომლებსაც იგი ზოგჯერ გაახმოვანებდა, იმდენად არარეალური და მიამიტური იყო, რომ მათ ეფექტიანობას მარტო თავად თუ დაიჯერებდა. ვფიქრობ, მას გაუჭირდებოდა ჩვენი ოჯახისაგან მოშორებით დიდხანს არსებობა.

ბავშვობაში ირაკლი მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა. კარგი სმენა ჰქონდა, მაგრამ გამების და ეტიუდების დაკვრა ეზარებოდა. გვერდში დამიდგებოდა და ყურადღებით მისმენდა, როცა ჯაზს ვუკრავდი. საღამოობით ბავშვებს ძველ ბერძნულ მითებს ვუყვებოდი ხოლმე. ერთხელ, როცა იკაროსის შესახებ ვუამბე, მითხრა, მე ახლა ამას პიანინოზე დავუკრავო. დაჯდა და შექმნა, შეიძლება ითქვას, თავისი პირველი კომპოზიცია იმის შესახებ, თუ როგორ არ დაუჯერა მამას იკაროსმა და გაფრინდა მზისკენ. როგორ დადნა მისი ცვილისაგან დამზადებული ფრთები და როგორ ჩავარდა იგი ზღვაში. ასე დაიწყო ირაკლიმ კლავიატურის დამოუკიდებლად ათვისება. მისი დებიუტი მეტ-ნაკლებად პროფესიულ მუსიკალურ ასპარეზზე ჯგუფ „არიშში" შედგა. საკუთარი სიმღერა, რომელსაც 15 წლის ირაკლი „არიშის" კონცერტებზე ასრულებდა, ჩემთვის შინაგანი სამყარო. ჩვენ ვკამათობდით უფრო იმაზე, თუ რამდენად არის ხელოვანის პირადი ცხოვრების სტილი მისი შემოქმედების ნაწილი. ირაკლი მიმტკიცებდა, რომ დიახაც, სწორედ ასეა. მე კი საწინააღმდეგო აზრის ვიყავი. დღეს ვხვდები, რომ ამაშიც ირაკლი მართალი იყო. დღევანდელი საინფორმაციო ველის, მედიის ამგვარი აქტიურობის პირობებში, ხელოვანის პირადი ცხოვრება ძალაუნებურად ხდება მისი შემოქმედების ნაწილი. ირაკლისთან მიმართებით ეს აშკარად ასე იყო. საერთოდ, ირაკლის ჰქონდა წინასწარ ხედვის უნარი და ბევრი რამ, რაც მას უთქვამს ან დაუწერია, თავისებურად ახდა. ისიც კი, რომ ამხელა ლონდონში, ჩვენ, მისი დედ-მამა, მაინცდამაინც ბეიკერ სტრიტზე დაგვასახლეს, ანუ იქ, სადაც ცხოვრობდა ირაკლის რომანის „მშვიდი ცურვის" მთავარი გმირი.

ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, გარეგნული ფორმის მიუხედავად, იყო შეუცდომლად ქართული, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და, იმავდროულად, სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან. ამიტომაც იყო, რომ სწორედ მან, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, შეძლო ქართულენოვანი როკი ექცია ჩვენი ეროვნული კულტურის ორგანულ ნაწილად, რომელსაც დღეს აღარავინ აღიქვამს როგორც თავზე მოხვეულ, ხელოვნურ წარმონაქმნს. ირაკლის ყოველი ქმნილება არის როგორც ახლებური და თავისთავადი, ისე ხელმისაწვდომი და უშუალო. ამით აიხსნება ალბათ მისი პოპულარობაც. მას არაერთხელ უთქვამს, რომ აპირებს საზღვარგარეთ წასვლას და წასულა კიდევაც. მე ამაში ხელს არ ვუშლიდი. პირიქით, შესაძლებლობისდაგვარად ვეხმარებოდი. ალბათ იმიტომ, რომ თავში არასდროს მომსვლია აზრი იმის თაობაზე, რომ იგი შეიძლება სამუდამოდ დასავლეთში დარჩენილიყო. კარგად ვიცოდი მისი ბუნება. როგორიც არ უნდა ყოფილიყო დროდადრო მისი ექსცენტრიული პოზა, ირაკლი სინამდვილეში საკუთარ ადგილს მხოლოდ ქართული საზოგადოების კონტექსტში ხედავდა და, თუმცა მის მიერ შექმნილი მუსიკა, პოეზია და პროზა, როგორც ითქვა, სრულად თავსებადია თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციასთან, მისი შემოქმედება სწორედ ქართული აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი. როცა ირაკლი წერდა, მას მსმენელად და მკითხველად ახალი საქართველოს ახალი თაობები წარმოედგინა. ისინი, ვინც მას ბოლომდე გაუგებდნენ. პრაქტიკულ დონეზე ყველაფერი შემდეგნაირად ხდებოდა. ირაკლი რამდენიმე მეგობართან ერთად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ. ორიოდე თვის მანძილზე მის შესახებ არაფერი ვიცოდით. შემდეგ დარეკავდა. თანდათან ზარების სიხშირე მატულობდა. ვიცოდი, უძღები შვილი მალე დაგვიბრუნდებოდა. „ჩვენს განშორებას, როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს", – მიტრიალებდა თავში მის მიერ სამშობლოსადმი ნატყორცნი ფრაზა სიმღერიდან „საქართველო". კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ირაკლი ყოველთვის ბრუნდებოდა, იყო ის, რომ იგი პრაქტიკულოსრული მოულოდნელობა და სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მას იქამდე არასდროს უთქვამს, რომ სიმღერებს წერდა. ამ სიმღერის ხარისხმა დამარწმუნა, რომ ირაკლიმ უკვე აირჩია გზა და მუსიკას თავს ვეღარავინ დაანებებინებდა. მართალია, შემდგომში იყო პერიოდები, როცა მას რაღაც სხვა იტაცებდა – ლიტერატურა ან ფილოსოფია, მაგრამ მუსიკის წერას არასდროს შეშვებია. შეიძლება ითქვას, რომ 80-იანი წლების ბოლოსათვის, მას შემდეგ, რაც გამოიცა მისი მოთხრობების კრებული და პერიოდიკაში დაიბეჭდა რამდენიმე ლექსი, ირაკლი ჩამოყალიბდა როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა ხელოვანი. მაგრამ თავისი ნიჭის სრული აქტუალიზაცია მან 90-იანებში შეძლო და ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა მის ვოკალურ ქმნილებებში. იმ ჰიტებში, რომლებისგანაც შედგებოდა დღეისათვის უკვე საყოველთაოდ აღიარებული ალბომები Svan Song და „აფრენ".

ირაკლი ჩარკვიანი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

მშობელი ყოველთვის ცოტაოდენ ბიურგერია. მას წყნარი ცხოვრება სურს. ამიტომ უნდა, რომ შვილს ჰქონდეს სტაბილური პროფესია და უწყვეტი შემოსავალი. არ უნდა, რომ შვილი მონაწილეობდეს რევოლუციებში, თუნდაც კულტურულ ამბოხში. გვინდა ჩვენი ვაჟები იყვნენ ინჟინრები, ექიმები, იურისტები, მენეჯერები. მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება. ხშირად ჩვენ თავადვე, ამის გაუაზრებლად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ გავუღვივოთ ნონკონფორმიზმის სურვილი. თავის ინტერვიუებში ირაკლი ხშირად იხსენებს იმ შემთხვევას, როცა სკოლაში მასწავლებელმა კატეგორიულად მოსთხოვა თმა გაეკრიჭა და როცა ბავშვმა მისი ბრძანება არ შეასრულა, გადაწყვიტა დალაპარაკებოდა მამამისს, ანუ მე. მაგრამ როდესაც დამინახა, მასწავლებელი ადგილზე გაქვავდა. მე ირაკლიზე უფრო გრძელი თმა მქონდა. მიჩიგანიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და ვჰიპობდი. საერთოდ, ჩემმა მაგალითმა გარკვეული გავლენა ირაკლიზე ნამდვილად იქონია. იგი ადრეული ბავშვობიდან მუდმივად მუსიკით იყო გარემოცული. მე ვუკრავდი. ჩემს მეგობრებთან ერთად ვწერდით სიმღერებს და მიუზიკლებს, რომლებსაც სახლში ვდგამდით, რადგან მათი შინაარსი და ენა არა მარტო ცენზურისთვის, არამედ იმდროინდელი ფართო საზოგადოებისთვისაც მისაღები არ იქნებოდა. ასეთი სპექტაკლების დროს პატარა ირაკლის ბარმენის მოვალეობას ვაკისრებდით და იგი მას პირნათლად ასრულებდა – სტუმრებს საინტერესო კოქტეილებს სთავაზობდა. ალბათ ყოველივე ეს უბიძგებდა მას თვითონაც შეექმნა მუსიკა, ლექსები და სხვა ამგვარი, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ირაკლის გარემო, იგი მაინც იტყოდა თავის სათქმელს. ასეთი დაიბადა – შემოქმედებითი, უკომპრომისო და მოუსვენარი.

გავლენა არ შეიძლება იყოს მხოლოდ ცალმხრივი. მით უმეტეს, რომ ირაკლის თაობა რაღაც მხრივ არღვევდა ძველ სტერეოტიპს, რომ წინა თაობას მეტი გამოცდილება ჰქონდა, მეტი იცოდა, ვიდრე მომავალმა. სწორედ ამ დროს ხდებოდა ინფორმაციული რევოლუცია, ახალი თაობაც უფრო გამოცდილი იყო, ვიდრე წინა. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლიმ და მისმა თაობამ მეტი გამოცდილება მიიღო ცხოვრებაში, ვიდრე ჩემმა, მაგრამ არ შეიძლებოდა ჩვენ მათგან არ გვესწავლა. მე ირაკლისგან ბევრი რამ ვისწავლე, ბევრ საკითხში, რომლებზეც ჩვენ ვკამათობდით, ის მართალი აღმოჩნდა, რაც მე გავიგე მხოლოდ შემდეგ.

სიღრმისეულ ანალიზს იმისა, თუ რატომ მოინდომა ირაკლიმ მეფობა, ვერ შემოგთავაზებთ, ნამდვილად არ ვიცი. მეგობრები ხუმრობით მეუბნებოდნენ, მგონი ბაბუამისის კვალს მიჰყვებაო. სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ მისი ეს გადაწყვეტილება სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რაზეც ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირად ვკამათობდით – არის თუ არა ხელოვანის პირადი ცხოვრება და ამგვარი გამეფება (დამეთანხმებით ალბათ, ეს პირადი სურვილების სფეროს განეკუთვნება) მისი შემოქმედების ნაწილი. გამოგიტყდებით, მე ეს ინიციატივა, მართალია, რბილ ფორმებში, არცთუ კატეგორიულად, თავდაპირველად დავუწუნე. მაგრამ საბოლოოდ სწორედ გამეფების ეპიზოდმა დამარწმუნა, რომ ირაკლი ჩვენს ხანგრძლივ კამათში მართალი იყო. მან ექსცენტრიული, მაგრამ თამამი ნაბიჯი გადადგა და საზოგადოება აალაპარაკა. თავად კი შესაშური, სტოიკური სიმშვიდით ისმენდა დაცინვას, ლანძღვას და აღფრთოვანებას. მთავარი კი ისაა, რომ მან იცოდა რას აკეთებდა – მეფობანის თამაშმა საინტერესო განზომილება შემატა მის შემოქმედებით იმიჯს და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი მას დიდ სიამოვნებას გვრიდა. „მშვიდ ცურვაში" ირაკლი ასე წერს: „მე მეყო გამბედაობა, რომ ჩემი თავისთვის მეფე მეწოდებინა და ამ სარისკო ნაბიჯმა მთელი ქვეყანა აღაზგნო. საზოგადოებას საკმაო ადრენალინი გამოეყო ჩემ გამეფებასთან დაკავშირებით და ეს სასიამოვნოა". ირაკლის გამბედაობას საზღვარი მართლაც არ ჰქონდა.

ირაკლი ჩარკვიანი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ყველა ერის ცხოვრება გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთზე შეიძლება განვიხილოთ როგორც სამი ურთიერთდამოკიდებული პროცესის ერთობლიობა – პოლიტიკურის, ეკონომიკურის და კულტურულის. ამასთან, ამ შემთხვევაში კულტურა ძალიან ფართოდ უნდა განისაზღვროს და მასში, ხელოვნების გარდა, უნდა იგულისხმებოდეს ბევრი სხვა რამ, მიღებული ქცევის მოდელების ჩათვლით. თავიდანვე გამოვრიცხავ ირაკლის რაიმე მონაწილეობას ეკონომიკურ პროცესში. როგორც უკვე აღვნიშნე, იგი ამისათვის საჭირო ნიჭით დაჯილდოებული არ იყო. პოლიტიკა აინტერესებდა, თუმცა პოლიტიკის პრაქტიკული ასპექტი ცოტათი აშინებდა და ამიტომ მისი ჩართულობა ამ პროცესში, ვარდების რევოლუციის დროს რამდენიმე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გარდა, მინიმალური იყო. ირაკლის პოლიტიკურ მსოფლმხედველობას დავახასიათებდი როგორც მთლიანობაში ლიბერალურ-დემოკრატიულს. მას გააჩნდა კულტურის პოლიტიკის საკუთარი კონცეფცია – მისი აზრით, ახალმა ქართულმა სახელმწიფომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს ინოვაციაზე და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც ქმნის ისეთ ახალ ხელოვნებას, რომლის საშუალებით საქართველომ შეიძლება გავლენა იქონიოს მსოფლიო კულტურულ პროცესზე და არ დარჩეს უბრალოდ კულტურული ცნობისმოყვარეობის ობიექტად. მეორე მხრივ, იკონოკლასტი ირაკლი არასდროს ყოფილა. მას კარგად ესმოდა რაოდენ ძვირფასია ჩვენი ერისთვის მისი ტრადიციული მატერიალური და არამატერიალური კულტურის საგანძური და მიაჩნდა, რომ ამ, ასე ვთქვათ, სამუზეუმო ექსპონატების – ბრწყინვალე ხალხური ცეკვებისა და სიმღერების სათუთად შენახვაზე სახელმწიფომ მნიშვნელოვანი რესურსები უნდა გამოჰყოს. თუმცა აქცენტი უნდა კეთდებოდეს ისეთი ტიპის ხელოვნებაზე, რომელიც თავად მოახდენს გავლენას. ეს რასაკვირველია რთული ამოცანაა, მაგრამ მას მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს ფოკუსირება ინოვაციურ ხელოვნებაზე უნდა მომხდარიყო. და მაინც, მისი ჭეშმარიტი ასპარეზი იყო თავად კულტურა ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. სწორედ აქ გამოვლინდა მისი ინოვაციური ბუნება და ნიჭი. ირაკლიმ არაერთი თარჯი გადალახა და დაამსხვრია მრავალი ტაბუ, რომელიც, მისი აზრით, განვითარებას ამუხრუჭებდა. თვალი გადავავლოთ მის ნაწერებს – მოთხრობებს, პოეზიას, რომანს, მოვისმინოთ მისი სიმღერები, ვნახოთ კლიპები, გავეცნოთ ირაკლის მიერ მედიის სხვადასხვა საშუალებებისათვის მიცემულ ინტერვიუებს და არ გაგვიჭირდება დავასკვნათ, რომ ირაკლი ჩარკვიანმა სერიოზული გავლენა მოხდინა 90-იანი და ადრეული 2000-იანი წლების ქართულ კულტურულ პროცესზე. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს გავლენა არ შენელებულა. სულ მეტი და მეტი ახალგაზრდა მთხოვს მის წიგნებს და დისკებს. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც დასავლეთში გაიზარდა და გვიან გაეცნო ირაკლის შემოქმედებას. მისი პოპულარობის ამგვარი დინამიკა მაფიქრებინებს, რომ ის, რაც ირაკლიმ შექმნა, არც მომავალში დაკარგავს მხატვრულ ძალას და მნიშვნელობას და მისი სახელი „ისტორიას დარჩება".

მე ვიცი, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს სურს თბილისში ირაკლის მემორიალის გაკეთება. საუბარია ქაღალდის ნავზე ან სხვა მსგავს სიმბოლოზე. რა შეიძლება იფიქროს მამამ ისეთი ინიციატივის თაობაზე, რომელიც, თუ განხორციელდა, სიმბოლურად, თუნდაც ქაღალდის ნავის სახით მაინც, დაუბრუნებს მას შვილს, რომელიც ასე უყვარდა და ასე უდროოდ დაკარგა. „თოვლიან ქართა დევნით დაღლილი, გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა გუნდი, მე ისევ მოვალ, მხოლოდ არავის გაუმხილო, რომ მე დავბრუნდი", – წერდა ირაკლი. არაერთხელ ამხდარა, რაც მას უთქვამს. იქნებ მისი ეს წინასწარმეტყველებაც ასრულდეს.

იმის მიუხედავად, რომ ძალიან დადებითად ვუყურებ ირაკლის ავანგარდულ, პოსტმოდერნისტულ ან სულაც ექსპერიმენტულ კომპოზიციებს და მესმის მათი მნიშვნელობა, მე მაინც მეტ კმაყოფილებას მგვრის სიმღერები, სადაც ნათლად ჩანს მისი, როგორც მელოდისტი კომპოზიტორის ნიჭი. მის ლამაზ ჰიტებს შორის, მართალი გითხრათ, გამიჭირდება რომელიმე ერთის გამორჩევა, მაგრამ სპეციფიკურ გარემოებათა გამო, ზოგი სიმღერა ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ხოლმე. 2004 წლის ზაფხულში დასასვენებლად ჩაქვში მივდიოდით. ქეთათომ გადმომცა მისი და ირაკლის ახლად გამოსული საერთო ნამუშევარი. როცა ჩაქვში ჩავედით და მოვისმინე სიმღერა „ხალხს", უცნაური გრძნობა დამეუფლა. მომეჩვენა, რომ ამ ფრაზით „ჩვენ მხოლოდ ნოტებზე დავრჩებით, ხალხს არ მოვაბეზრებთ თავს" ირაკლი დედ-მამას რაღაც კოდირებულ მესიჯს გვიგზავნიდა იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს წლებში. დღეს, როცა ყოველივე უკვე მოხდა, ყველაზე უფრო ირაკლისთან სწორედ ეს სიმღერა მაკავშირებს, იმის მიუხედავად, რომ მთლიანობაში ტექსტი საკმაოდ გაუმართავია და, რამდენადაც მახსოვს, იგი არც მსმენელებში ყოფილა განსაკუთრებით წარმატებული. როცა ფორტეპიანოზე ვუკრავ ამ თავისებურად სევდიან მელოდიას, რაღაც მისტიკური ძაფები მაკავშირებს შვილთან. იქვე შორიახლოს მჯდომ ჩემს მეუღლეს, ნანას გავხედავ ხოლმე, თუმცა ისედაც ვიცი, რომ იგი უკვე ტირის.

 

კომენტარები