ტაბულა ART

ლადო ბურდული

მუსიკოსობას არ ვაპირებდი. არ იყოს ეს ჩემი, საკუთარ თავს მუსიკოსად ვერ ვხედავდი. რეჟისორობა მინდოდა. ბავშვობიდან ბევრ ფილმში ვარ გადაღებული. მაგრამ ზუსტად იმ დროს დასავლეთიდან პანკმა და ნიუ ვეივმა დაიწყო შემოსვლა. მეც მოსმენა დავიწყე და ცოტა ხანში ხარისხიანი ქართულენოვანი მუსიკის მოთხოვნილება გამიჩნდა. ამ დროს საქართველოში მარტო ისეთი ჯგუფები არსებობდა, როგორიც იყო „ვია 75", „ივერია", „ორერა" და მათთან შედარებით ოდნავ წინ წასული „ნატვრის ხე". კიდევ იყვნენ „ბლიცი", ჭილაშვილები, „მემენტო მორე", რაც შედარებით ანდერგრაუნდად ითვლებოდა, გიტარული სკოლა – ბაჩი ქიტიაშვილი, კაკო ვაშალომიძე და ტრადიციული ქართული დუქნიდან წამოსული მუსიკოსები.

სიმღერების წერა ჩემთვის დავიწყე. არასდროს მიფიქრია თაყვანისმცემლებსა და სტადიონზე ანთებულ სანთებელებზე. მინდოდა ჩემთვის და რამდენიმე ჩემი მეგობრისთვის გამესწორებინა. თან მაშინდელ საქართველოში წარმოუდგენელი იყო ჩემისთანა ადამიანს სადმე კონცერტის ჩაეტარებინა, მარტო ახლობლების წრეში თუ დაუკრავდი. საყურეზე, გრძელ თმებზე, გადაპარსულ თავზე თუ ზოგადად არაორდინალურ გარეგნობაზე ქუჩაში ომები იყო. მახსოვს, 1983 თუ 84 წელს მე და ჩემი მეგობარი დაგვიჭირეს, მილიციის განყოფილებაში მიგვიყვანეს და ვიღაც კაციჭამიებთან ერთად კამერაში ჩაგვყარეს. როცა უფროსი შემოვიდა, ჯერ ჩვენ შემოგვხედა, მერე იქ მყოფებს და გვითხრა: ესენი შეიძლება კრიმინალები არიან, მაგრამ კაცებს გვანან და აი თქვენო და ტყლაშ... ასეთი რაღაც ხდებოდა. სისტემა, რომელშიც ვიზრდებოდი, ასეთი იყო – მარცხნივ წახვალ, მგელი შეგჭამს, მარჯვნივ წახვალ, დათვი დაგგლეჯს. ქუჩური სამყაროც ჩვენ წინააღმდეგ იყო და ხელისუფლებაც. ჩემ გარშემო საზოგადოება იმდენად რადიკალური და აგრესიულად განწყობილი იყო, რომ სიმღერის დაწერა და დაკვრა მთელ სისტემასთან და იდეოლოგიასთან ბრძოლას ნიშნავდა, დაწყებული მშობლებიდან და დამთავრებული აეროპორტის მებაჟით. მაიმუნებში მოხვედრილ ადამიანს მაიმუნები ყოველთვის დასცინიან, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ცივილიზებულ სამყაროში მათ მაიმუნებს ეძახიან, ადამიანებს კი ადამიანებს. მე საქართველოში დამაკომპლექსებდნენ და დამაგოიმებდნენ ორ წუთში, ბავშვობიდან დასავლეთში რომ არ მემოგზაურა და არ დავრწმუნებულიყავი, რომ მთელი დასავლეთი ჩემნაირია. ეს ყველაფერი რომ არ მენახა, ჩემი სამი მილიონი თანამოქალაქე დედას მიტირებდა.

ლადო ბურდული
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

აკუსტიკური გიტარა მქონდა. იყო ასეთი ჯგუფი „კომენდანტის საათი" და მის მუსიკოსებთან ერთად ვუკრავდი. პირველ პროექტს, რომელიც მათთან ერთად გავაკეთე, „ურჩხული" ერქვა. მაგრამ არაფერი არ გამოგვივიდა. სუსტები იყვნენ, ვერ უკრავდნენ. მუსიკაში კი მარტო მონდომება არ კმარა. პირველი პროფესიონალი ვინც ვნახე, იყო ზაზა სახამბერიძე, „ბლიცის" და „ტაქსის" იმდროინდელი გიტარისტი. მე და ზაზამ რამდენჯერმე ერთად დავუკარით და ზაზამ მითხრა, მინდა შენთან ერთად ჯგუფი გავაკეთოო. ასე შეიქმნა „რეცეპტი". შემადგენლობა იყო ზაზა სახამბერიძე, ვოვა ვარდანიანი, კახა გუგუშვილი (ჯოზეფა) და მე. სამწუხაროდ, ვოვა და ჯოზეფა დღეს ჩვენთან აღარ არიან. მერე შალვა ხახანაშვილი დაგვემატა, მერე სანდრო კაპანაძე (კირპიჩა). შემადგენლობა მოვლენების მიხედვით იცვლებოდა, მაგრამ ძირითადი ბირთვი სწორედ ესენი იყვნენ.

ვუკრავთ, ვუკრავთ და ვხვდებით, რომ სისტემა, რომელმაც პრომოუშენი უნდა გაუკეთოს ამ მუსიკას, არ არსებობს. არის რადიო და ტელევიზია, მაგრამ იქ მოგეხსენებათ მაშინ რა გადაცემები იყო. ამ დროს გამოჩნდა ასეთი გოგონა, დარეჯან გულიაშვილი და „ტაქსის" დრამერმა ბიჭიკო ოსიპოვმა მითხრა – ლადო, შენ ისეთი ტიპი ხარ, ამ ყველაფერში კარგად ერკვევი, ამ გოგოს რადიოში გადაცემის გაკეთება უნდა და იქნებ დაეხმაროო. ცხონებული მოდიოდა და ჩემგან იწერდა როკი რა არის, ჯაზი რა არის და ა.შ. აბსოლუტურად გაგებაში არ იყო. მის სიმღერას თუ მოისმენთ, მიხვდებით, რომ სულ სხვა ოპერიდან იყო. ასე ყველაფერი ავუხსენი, გავაცანი და მალე საქართველოს რადიოს პირველი არხის ეთერში „როკი ნაშუაღამევს" გავიდა. ეს იყო პირველი გადაცემა, რომელშიც ჩემი, დადა დადიანის, ქიშო გლუნჩაძის და სხვა იატაკქვეშა მუსიკოსების სიმღერები გაჟღერდა. ქიშო იყო ადამიანი-ლეგენდა ჩემთვის, ფენომენალური ტიპი. ყველაზე მეტად რაზეც გული მტკივა არის ის, რომ საქართველომ ქიშო გლუნჩაძე დაკარგა. ნამდვილი გენიოსი. იმის მიუხედავად, რომ ყველა კლიპი და ჩანაწერი არის საზიზღრობა და ახლოსაც კი ვერ მოდის მის ფენომენთან. ეს ადამიანი უფრო მეტი იყო და არის კიდევაც. ახლა ნიუ იორკში მუშაობს. დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის და ახლაც ჩემს ძმად ვთვლი.

როდესაც მე და ქიშომ დავინახეთ, რომ რადიოგადაცემამ შედეგი გამოიღო, გადავწყვიტეთ ტელევიზიაში მივსულიყავით და ახლა იქ გვეცადა ბედი. ტელევიზიის შენობას მოტოციკლეტით მივადექით. იქ ასეთი სიტუაცია გვხვდება – გვეუბნებიან, რომ მუსიკალური რედაქტორი არის ლაფაური. შევდივართ მასთან კაბინეტში, ზის კაცი ნაციონალურ ქუდში, უკან კედლებზე ფანდურები უკიდია და ჩვენ ვეუბნებით – მუსიკალური გადაცემის გაკეთება გვინდა. თავიდან კარგად მიგვიღო, ახალგაზრდების არის მომავალი და ა.შ. გვებაზრება და ბოლოში გვეკითხება, მაინც რა მუსიკაზე გინდათ გადაცემის გაკეთებაო. პასუხის მოსმენის შემდეგ, მისი ყვირილი მთელ ტელევიზიაში ისმოდა. ასე დავიწყეთ ტელევიზიაში მუშაობა.

გადაცემის ჩაწერის დროს ოპერატორი სახეში ვერ გვიყურებდა, ისე რცხვენოდა ჩვენი გარეგნობის – მე ტყავებში, ქიშო ბენდენით. მახსოვს „მშიას" რომ ვწერდით, როგორი სცენა იყო C სტუდიაში. ვიტრინის უკან ვისხედით და ვხედავდით. ჯერ ზის ერთი, მერე დგება და გადის, შემოდის ორი, მერე შემოდის ხუთი, მერე შემოდის ათი და გვიყურებენ როგორც მაიმუნებს გალიაში. ბოლოს გამოჩნდა ასეთი პიროვნება გიორგი ებრალიძე. მითხრა აქ დროს ტყუილად კარგავთ, რევოლუციური რაღაცის გაკეთება მინდა და თქვენისთანა ხალხი მჭირდება, მეორე არხი იხსნება და იქ გავხურდეთო. აგაშენა ღმერთმა, ამ იდიოტებს თუ მომაშორებ და საქმე გაკეთდება, წავიდეთ მეთქი, ვუპასუხე. როგორც კი მეორე არხი ეთერში გავიდა, პირველი კლიპები, რაც ეთერში გავუშვი, იყო The Stranglers და The Cure. შემდეგ „ოქროს ბიბილო" გავაკეთე. მაშინ დავინახე ტელევიზიის მნიშვნელობა. რამდენიმე თვეში როგორ შეიცვალა ხალხის გემოვნება და ქუჩაში სხვა ტიპები გაეძრნენ. შეიძლება მასიურად არა, მაგრამ ჩემ ირგვლივ ასე იყო. უცებ რუსთაველზე ნორმალური ხალხი გამოჩნდა. მივხვდი, რომ მასმედიას უზარმაზარი ძალა აქვს, თუ სწორად გამოიყენებ და ადამიანებს რაც პროგრესულია, იმას აჩვენებ, შედეგი არ დააყოვნებს.

ქიშო გლუნჩაძე, ლადო ბურდული
ფოტო: ბაკურ ბურდული

ამასობაში „რეცეპტი" დაიშალა. 1992 წელი იყო – გამსახურდია, მხედრიონი. მუსიკისთვის ცოტას თუ ეცალა. ამ დროს ირაკლი ჩარკვიანი გამოჩნდა. მაშინ ის დადასთან უკრავდა. ძალიან დიდი სიმპათიით განვეწყე მის მიმართ. არაჩვეულებრივი მოსაუბრე იყო და ძალიან გონებაგახსნილი. ურთიერთობაშიც ძალიან კომფორტული იყო. ძალიან დავახლოვდით იმ პერიოდში. მთელი 2-3 წელი ფაქტობრივად ჩემს სახლში ცხოვრობდა. მაგრამ ის ადამიანი, რომელსაც მე მაშინ ვიცნობდი, ირაკლი ჩარკვიანი ერქვა და ჩემი მეგობარი იყო – სხვა ადამიანია და ის, რომელთანაც მე შემდეგ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია მქონდა – სხვა. პირველს, რომელსაც მე Svan Songs ჩავაწერინე და სულ სხვა სამყარო დავანახე და სულ სხვანაირი ურთიერთობა მქონდა, იმ ადამიანს ვიცნობ და მის მეორე ნაწილს სამწუხაროდ არა. მეორე ნაწილში კი ასეთი სიტუაციაა – არაჩვეულებრივი მეგობარი იყო ჩემი და არაჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ მან დაინახა, რომ სიჩუმეში შეუძლია ვიღაცას რაღაც დაასწროს. აი ეს იყო ძალიან ცუდი. შვარცის „ურჩხული" თუ გაქვთ წაკითხული. ნამდვილი გმირი ამ ურჩხულს ეომება და მასთან ბრძოლაში იღუპება და როცა ხალხი ითხოვს გმირს და გმირი არ ჩანს, ჩნდება ფსევდოგმირი და იძახის – მე ვარ გმირი. დადა ნახევრად მკვდარი, გალახული, გაქცეული, ქიშო ნახევრად გაჟიმული, მეც მსგავს მდგომარეობაში ამ ყველაფრის მერე, ირაკლი კი მეფეა.

Svan Songs ჩემთვის შვილივითაა. ახლა გარდაცვლილია და არ გავხურდები, მაგრამ ადრე სასამართლოში მინდოდა მეჩივლა იმის გამო, რომ ამ ალბომზე მარტო ირაკლის სახელი იწერებოდა. 92-ში მთხოვა რაღაც მინდა გავაკეთოო. ჩემს სამზარეულოში ვიჯექით. ყველა სიმღერას ინსტრუქციის მიხედვით ვაკეთებდი და ვწერდი. რომ მოხვიდე გიტარით და სხვა აკორდები დაუკრა და მე სულ სხვა აკორდებით რომ დაგაკვრევინო, გითხრა ასეა კარგი, ასეა კარგი, თავიდან ბოლომდე რომ გაგაკეთებინო. მერე გერმანიაში წაგიყვანო და საკუთარი ჯგუფით ალბომი ჩაგაწერინო. ასეც რომ არ იყოს, „ისევ დაბრუნდება", „მე მინდა შენთან", „მე მოგიტან წყალს" – მთლიანად ჩემი გაკეთებულია, ტექსტის გარდა. როგორი მეგობარი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, რომ ასე მთელი ჯგუფით გვერდში დავუდექი. თან იმ დროს გაითვალისწინეთ მე ვინ ვიყავი და ირაკლი არავინ არ იყო. ირაკლი იყო „ტაქსიში" და კლოუნის პონტში ჰყავდა დადას. მტკივნეული იყო ეს ჩემთვის. მაგრამ გულნატკენი ხალხი არ მიყვარს და არც არაფერზე ვარ ნაწყენი. უბრალოდ, არასწორად გამოუვიდა რაღაცები, მაგრამ ამასაც ვპატიობ. დღესდღეისობით უკვე ძალიან ძველი ამბავია.

ირაკლი ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ჰქონდა თვისებები, რომლებიც მაინტერესებდა და მიზიდავდა. გეტყვით მასსა და ჩემს შორის რა სხვაობა იყო. ირაკლის დიპლომატიის საოცარი უნარი ჰქონდა, ყოველთვის შეეძლო ადამიანებისთვის თავისი სათქმელი სწორად მიეწოდებინა. მე კი არა. ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ლადო ბურდული უყვარს, მოსულა ჩემთან და ისეთი ინფანტილური რაღაცები მილაპარაკია, რომ ტიპი გულდაწყვეტილი წასულა. გული მიტკენია. არასდროს ვიცი, როგორ ველაპარაკო ადამიანებს. როგორ მოვძებნო სწორი სიტყვები, რა გავაკეთო, რომ თავი მოვაწონო. ირაკლიმ ეს კარგად იცოდა. მე კი არასდროს ვიცოდი და არც მქონია ამის პრეტენზია. მე ვარ დასავლური გმირი, ჩემი ცხოვრების შინაარსით, ჩემი ლაპარაკით. იქ ესმით ჩემი. საქართველო მაინც ცოტა მუსლიმური ქვეყანაა, სადაც ეს ორმაგი აზრები, სამაგი ქმედებები ძალიან პოპულარულია. მე ასეთი ტიპი არ ვარ. ურთიერთობებში გახსნილი ვარ და თამაში არ მეხერხება, პირდაპირ ვამბობ რასაც ვფიქრობ. ის დიპლომატია არ მაქვს, რომ მე დღეს ამას ვიტყვი და ხვალ რა დაიბეჭდება და ზეგ ის ადამიანი ჩემზე რას იფიქრებს. ეს მუხრუჭები გათიშული მაქვს. არადა ამ ქვეყანაში ეს მთავარი ყოფილა. როგორ მიაწოდებ შენს პიროვნებას საზოგადოებას. არა შემოქმედება და შენი ნიჭი, არამედ ხალხთან როგორ თამაშობ. მე ამის წინააღმდეგი ვარ. მე სხვა ადამიანი ვარ. ჩემნაირმა ტიპებმა ააშენეს ამერიკა. ენერგიულმა, პირდაპირმა. მე ის დოგი ვარ, მეთხუთმეტე სართულიდან კატას რომ დაინახავს და გადახტება. ასე ვცხოვრობ დღემდე. ამიტომ გაკეთდა ისტორია. ირაკლი ისტორიას ვერ გააკეთებდა, ირაკლი ისტორიას მოკლავს და ფულად აქცევს. ჩემისთანა ტიპები კი ისტორიას ქმნიან, მაგრამ ფულად ვერ აქცევენ. მას თავისი მისია ჰქონდა, მე ჩემი. მაგრამ ბოლოში მარტო მუსიკა რჩება. დააჭერ ხელს ფლეის და მიხვდები რა არის ნაღდი. მიტყდება გარდაცვლილზე ამდენს რომ ვლაპარაკობ, მაგრამ არ ვარ ამ კაცის მტერი. პირიქით, მოყვარე ვარ და მოყვარე რომ არ ვიყო, ეს პროდუქტი დღეს საქართველოს არ ექნებოდა. იქნებოდა დადას ჯგუფში კლავიშნიკი ირაკლი ჩარკვიანი და მადლობა აქვს ბევრს სათქმელი, მაგრამ ესეც მკიდია.

ირაკლი ჩარკვიანი, ლადო ბურდული
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ქიშო და დადა ძალიან მგავდნენ. სამწუხაროა, რომ ეს ხალხი აქედან გაქცეულია. ის ხიდები, რომელსაც საზოგადოება უნდა დაეკავშირებინა დასავლეთთან – იგივე დადა, იგივე ქიშო, აღარ არიან. მე ერთი ვარ და რეალურად რაღაცები შევძელი და ესენიც რომ ყოფილიყვნენ, რამდენ რამეს გავაკეთებდით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაზე მეტად ვნანობ, რომ ამ ქვეყანამ დაკარგა და ნახმარი ტუალეტის ქაღალდივით აღარ ახსოვს ქიშო. ეს იყო გენიოსი. ადამიანს შეეძლო დამჯდარიყო, ხელში გიტარა აეღო და იმ ოთახში ყველაფერი იცვლებოდა. ისეთი ენერგია ჰქონდა და ისეთი ნიჭიერი იყო. ძალიან გული მწყდება, ქვეყანას რომ შეუძლია ასეთი ადამიანი დაკარგოს. მოცარტები ამ ქვეყანაში ათასი ვერ გაჩნდება, მოცარტი მსოფლიოში ერთი გაჩნდა.

დღეს ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ მუსიკალურ გადაცემასაც ვერ ნახავთ, რომელიც სწორ და მართალ რაღაცებს უკეთებს პრომოუშენს. არცერთი არ არის. სამაგიეროდ ყველგან ჩართავ ივანიშვილი, ყველგან ჩართავ სააკაშვილი. არ შეიძლება ამდენი პოლიტიკა. ორივე ფეხებზე მკიდია, პირდაპირ ვამბობ, და საერთოდ არ მაინტერესებს, რომ მათ ამდენი ვუსმინო და ამდენი მესმოდეს მათი სახელები.

ამას წინათ მოვდიოდი ქუჩაში და ვფიქრობდი, რომ სიამოვნების გამო ადამიანების დაჭერა არ შეიძლება. მე აღარ ვეწევი, მაგრამ ჩემ გარშემო ბევრი ეწევა. ადამიანი თუ არ განიტვირთა, როგორ შეიძლება გენიალური იდეა გაუჩნდეს. როგორ შეიძლება დაკომპლექსებულმა და შიშის ქვეშ მყოფმა ადამიანმა იაზროვნოს და ქვეყანა ააშენოს? ვერ ააშენებს. ჩემთან ძველი ბიჭები რა კარგები იყვნენ და ქურდული სამყარო რა კარგი იყო საუბარი, ყველამ იცის, რომ არ მოსულა. მაგრამ ყველა დაჭერილია უკვე და ეს შიში ჩემისთანა ხალხზეა გადასული, ნორმალურ ხალხზე. მედიატორია საჭირო, რომ ცოტა განტვირთოს საზოგადოება, იმიტომ, რომ ძალიან დაიძაბა ყველა. მე ვფიქრობ, რომ ალკოჰოლმა უფრო მეტი ზიანი მოუტანა ქვეყანას, ვიდრე მოსაწევმა. უმუშევარი, უფულო ტიპი რომ დალევს, იმისგან რა არის მოსალოდნელი – კრიმინალი. ჩემი აზრით, ალკოჰოლი არის ცოტათი შესამცირებელი და მარიხუანა უფრო მეტად დასაშვები საქართველოში და კიდევ ბევრი ტუსოვკაა საჭირო, რომელიც ახალგაზრდობას უფრო მეტ თავისუფლებას და უფრო მეტი თვითგამოვლენის საშუალებას მისცემს. საზოგადოების მუჭში მოჭერის არაეფექტურობა საბჭოთა კავშირმა გვაჩვენა ჩვენ უკვე და თავიდან ამ ყველაფრის გავლა არასწორი მიდგომა მგონია.

ქვეყანაში ნორმალური კლუბები არ არსებობს. კლუბში შედიხარ და ისეთი ხალხი მუშაობს იმ კლუბში, შეგეშინდება. ადამიანმა, რომელსაც თავისი დაბადების დღე არ აქვს გაკეთებული კარგად, როგორ შეიძლება კლუბი გახსნას. მეხინკლე წარმოგიდგენიათ თქვენ, რომელსაც ხინკალი არ უყვარს და ხინკალს აკეთებს? არასწორი ხალხი არის არასწორ ადგილზე და ამიტომაცაა არეული ყველაფერი. ადამიანები მუშაობენ სამსახურებში, რომლებიც არ უყვართ. ამ არანატურალურმა მდგომარეობებმა კრიზისამდე მიგვიყვანა. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული კრიზისი გვაქვს დღეს საქართველოში. სამწუხაროა ეს ჩემთვის და ამის გამო ძალიან მწყდება გული.

სიმართლე გითხრათ, ვარდების რევოლუციისგან უფრო მეტს ველოდი. როდესაც ნანტში ჩავედი 2009 წელს, იქ ასეთი რამ მითხრეს – ჩვენ არ გვჯერა, რომ თქვენთან რევოლუცია მოხდა, იმიტომ, რომ 30 წელია, რაც ნანტი და თბილისი დამეგობრებული ქალაქებია და რაც კომუნისტების დროს ჩამოგქონდათ აქ, ახლაც იგივე ჩამოგაქვთო – ასა, მრავალჟამიერი და დიმპიტაური. ჩემი იქ მოხვედრაც ფრანგული მხარის ინიციატივა იყო. აღმოჩნდა ასეთი პიროვნება არნო კონტრერასი, რომლის მამიდაც არის მერის ცოლი და შესთავაზა, მე ასეთ და ასეთ ხალხსაც ვიცნობ, შემიძლია დავპატიჟოო და გაგიჟდნენ იქ, როგორ, საქართველოში ასეთებიც არსებობენო? ჩაგვიყვანეს კოტე ყუბანეიშვილი, ნიკო ცეცხლაძე, თემო ჯავახიშვილი, მე და ნახეს, რომ ჩვენც ევროპის ორგანული ნაწილი ვართ. ანუ ის შიში, რომ ვიღაც ხანჯლიანი ტიპები და ცერები და უუუ და კივილი-წივილი და შუშის თვალებიანი მრავალჟამიერი, უცებ შეცვალა ერთნაირ ფასეულობებზე გაზრდილ ადამიანებთან კონტაქტმა. შოკი იყო იმ ხალხისთვის, რომ თურმე საქართველო ასეთიც არსებობს. მესმის, რომ ფოლკლორი კარგია და მრავალჟამიეროც მიყვარს და შენ ხარ ვენახიც, მაგრამ ხომ არ შეიძლება სულ ამით სპეკულაცია. ხომ არსებობენ სხვებიც. ჩაიყვანე Kung Fu Junkie, ჩაიყვანე Me and My Monkey, რომ ანახო, რომ ჩვენც თანამედროვე სამყაროს ნაწილი ვართ.

რეცეპტი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

1997 წელს BBC-ის რადიო იყო ჩემთან. ბაჯუმ დაუკრა ქვეყანაში პირველად დიჯეი სეთი ჩემს სახლში. YouTube-ზე დევს ვიდეო. BBC-მ გადასცა, ჩვენ ვიყავით საქართველოში და ვნახეთ ალტერნატიული სცენა, რომელიც არის ემბრიონის მდგომარეობაშიო. ალტერნატიული სცენა სულ ემბრიონის მდგომარეობაშია ამ ქვეყანაში და არასდროს გადაიქცევა ნაყოფად. ჩემს თაობაში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ერთმანეთთან დიალოგი ვერ შევძელით. ყველას ჩვენ-ჩვენი ამბიციები გვქონდა და მათ შორის მეც დამნაშავე ვარ. მათ შორის კი არა, ალბათ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე. მაგრამ დღეს ჯერ კიდევ არის შანსი, რომ რაღაც გაკეთდეს, რაღაც სისტემა შეიქმნას, რაღაც ახალი მოხდეს და საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილი გამოცოცხლდეს. მაგალითად, უმაღლეს სასწავლებლებში ყოველ შაბათ–კვირას ჩატარდეს ახალგაზრდა ჯგუფების კონცერტები. ამ ჯგუფებმა იმოძრაონ რეგიონებში – ბათუმში, ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში. სისტემა აეწყოს და გაყიდული ბილეთებიდან ამ მუსიკოსებს თუნდაც სიმბოლური თანხები გადაუხადონ. Talking Head და The Stranglers ჰარვარდში და კემბრიჯში გამოდიოდნენ. კონცერტებზე უნდა მოვიზიდოთ ხალხი. ძველად იყო 5 და 10 კაცი, მერე 40, ახლა გახდა 400, უნდა გავხადოთ 4000. გავაკეთოთ სწორი პრომოუშენი, გავუშვათ რეკლამა რადიოებში და ტელევიზიაში, გავაკეთოთ სწორი მენეჯმენტი. ყველა ინსტიტუტმა იყიდოს აპარატურა. ეს უკვე სისტემაა, რომელიც იმუშავებს, ჯგუფები კი პირველ ფულს იშოვიან და ნახავენ, რომ ამით ცხოვრება შეიძლება.

საზოგადოებას ერთი რამ ავიწყდება – კიბეზე ასვლა ძალიან რთულია, ჩამორბენა კი ძალზედ ადვილი. არ შეიძლება სულ სხვები ადანაშაულო შენს პრობლემებში. პრობლემა შენშია. თითი საკუთარ თავისკენ უნდა მიიშვირო. როცა შენ გამოსწორდები, მერე დაინახავ, რომ შენ ირგვლივ ატმოსფეროც იცვლება. მაგრამ ის ხალხი, ვისაც 90-იან წლებში საზოგადოება კიბეზე აჰყავდა, დღეს აღარ არის. ახალი გმირები გვჭირდება. მე ვეღარ შევძლებ ფიზიკურად იგივეს გამეორებას, რასაც მაშინ ვაკეთებდი. 47 წლის ვარ. მაგრამ ამის მიუხედავად არ ვჩერდები, არ ვზივარ სახლში და არ ვუშვებ ხელებს. სულ მოძრაობაში ვარ. ახლაც ინგლისსა და ამერიკაში ტურს ვგეგმავ. როდესაც 1993 წელს ბერლინში ვიყავი, აფხაზეთის ომი დაიწყო. გოგონამ, რომელმაც იქ ჩამიყვანა, ბილეთი დამიმალა, არ მიშვებდა, მეუბნებოდა, საქართველოში რომ დაბრუნდე, მთელი ცხოვრება ინანებო. მაგრამ მე ვიცოდი, რომ მეფეები ბრძოლის ველიდან არ გარბიან. მივხვდი, რომ არ შემიძლია ყველა მივატოვო – დედაჩემი, მამაჩემი, ახლობლები და იმიტომ, რომ მე კარგად ვიყო, იქ დავრჩე. ვეღარასდროს დავწერდი კარგ სიმღერებს. დანაშაულის გრძნობა დედას მიტირებდა. ეს თან შეცდომაც იყო, თან სწორიც, რომ ჩამოვედი. მოხდა რა – შეიქმნა ჩემი ძმა, ირაკლი ჩარკვიანი, შეიქმნა ფაბრიკა, ქართული ჰიტ პარადი, ჩემი სახლის ივენთები – იმ დროს ერთადერთი ადგილი, სადაც მუსიკოსებს და დიზაინერებს შეეძლოთ გამოსვლა. იმდენ რამეს ვყვები ჩემს თავზე, მეუხერხულება, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო-ბოლო ფილმს ვიღებ ამაზე, დოკუმენტური კადრებით. რომ არ ჩამოვსულიყავი, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. და არც ის იმედი იქნებოდა, რომელსაც ჩემს მეგობრებს ვუჩხირავდი. იქ რომ დავრჩენილიყავი, ვიქნებოდი დეზერტირი. ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ვერ შეძლო თამამი ნაბიჯის გადადგმა და ახლა უფლება აღარ აქვს დიდ რაღაცებზე წეროს. ახლა კი უფლება მაქვს დიდ რაღაცებზე ვწერო.

კომენტარები