ციხის სკანდალი

ხმალაძე ბედუკაძის გათავისუფლებას არასწორად მიიჩნევს

ვახტანგ ხმალაძის Facebook გვერდი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არასწორად მიიჩნევს. განცხადება ამის შესახებ ხმალაძემ პირველი რადიოს პრესკლუბში გააკეთა. ვლადიმერ ბედუკაძე მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, შუამდგომლობით, "განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ" საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს.

"მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა წამებაში და თუ ეს ასეა, ეს მოქმედება არ იყო მძიმე იძულების შედეგი, მაშინ მისი გათავისუფლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ჩემი აზრით, არის ყოვლად დაუშვებელი", - განაცხადა ხმალაძემ, პირველი რადიოს ცნობით.მისი განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გზით პირის გათავისუფლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ან პასუხისმგებლობის შემცირება, უნდა შეიძლებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პირის მოქმედებით ხელი შეეწყო უფრო დიდი დანაშაულის გახსნას, ან დანაშაულში უფრო მეტად დამნაშავე პირების გამოვლენას და არა თავისუფლების ყიდვას.

გუშინ, 3 ივლისს, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წამების მონაწილე პირებთან დადო პროკურატურამ შეთანხმება. "ვისაც ჩადენილი ჰქონდა წამება, ასეთებთან დადეს საპროცესო შეთანხმება?" - კითხვითვე უპასუხა ივანიშვილმა ტაბულას შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეში ადამიანების წამებაში მონაწილე ვლადიმერ ბედუკაძე, მისი ხელისუფლების დროს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა, სხვა რვა ადამიანთან კი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის შედეგადაც რამდენიმე უკვე გათავისუფლდა.

"გამიჭირდება პასუხის გაცემა, რამეთუ თუ დამტკიცებულია, რომ კონკრეტულად პიროვნებას წამებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, მე ვეთანხმები თქვენს კითხვას და მეც ვუერთდები. თუ ეს ასეა, მე დამატებით გამოვიკვლევ, ასე არ უნდა იყოს. თუ თქვენ ეგ გაქვთ მხედველობაში, რომ ადამიანი წამებაში იღებდა მონაწილეობას და ის საპროცესოთი გამოუშვეს, მე გეთანხმებით თქვენ და დავინტერესდები ამით და თქვენც მოგაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ წამების ამსახველი არც ერთი კადრი არ უნახავს, რადგან ამის დრო არ ჰქონდა.

კომენტარები