IRI-ის კვლევა

IRI: მარგველაშვილი - 41%, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი -11%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კითხვაზე ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 41% კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, 11% კი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. სხვა სავარაუდო კანდიდატთა შორის სალომე ზურაბიშვილს 7% მისცემდა ხმას, ნინო ბურჯანაძეს 5%, გიორგი თარგამაძეს კი - 5%. 

შეგახსენებთ, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. პარტიაში აცხადებენ, რომ კანდიდატის გამოვლენას ისინი პრაიმერის მეშვეობით გეგმავენ. 

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულთა 47% უმუშევრობას მიიჩნევს, შემდეგ  ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მოდის - 18%-ით  და ეკონომიკური სიტუაცია - 13%-ით. 
გამოკითხულთა 29% კი მიიჩნევს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყველაზე მეტად დასაქმებას მოელის, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ელოდება გამოკითხულთა 14% და დაპირებების შესრულებას - 6%.
ამასთან, გამოკითხულთა 37 % მიიჩნევს, რომ პარლამენტმა პირველ რიგში დასაქმების პრობლემაზე უნდა იმუშაოს,რასაც  ჯანდაცვა მოჰყვება  - 16%-ით და  ეკონომიკა - 14%-ით.

კითხვაზე "უნდა გააგრძელონ თუ არა მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ დიალოგი?" გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ "დიახ", 13% - "არა", ხოლო 14%-ს პასუხი არ აქვს. 

ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად გამოკითხულთა 41%-ს აშშ-ს მიიჩნევს, ყველაზე დიდ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საფრთხედ კი რუსეთს 57% ასახელებს. ამასთან, რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 82%, ნაწილობრივ კი - 11%. 
გამოკითხულთა 61% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ნაწილობრივ ეთანხმება - 19%. 

IRI-ის კვლევა 17 მაისიდან 2 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საარჩევნო ასაკის მქონე 3 998 რესპონდენტი გამოიკითხა.

 

 

 

კომენტარები