დღეს, 27 ივნისს, დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე შეხვდებიან, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიაწოდა.
"მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე და ამ თემაზე დღეს დაგეგმილია შეხვედრა პრემიერმინისტრთან ბატონი დავით ბაქრაძის და ჩემი მონაწილეობით, რომ ჩვენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დავგეგმოთ, რომელიც პარლამენტის მიერ იქნება შექმნილი. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს ბევრ საკითხზე, ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა და მეც და ბაქრაძეც დარწმუნებულები ვართ, რომ საკითხზე აუცილებელია პრემიერთან კონსულტაცია საკონსტიტუციო ცვლილებაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტარი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმაც გააკეთა. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრისთვის მზადაა, თუმცა დღეს მომხდარი მასობრივი დაკავებების ფონზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი არაადეკვატურად მიაჩნია.
"პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვესაუბრა დაგეგმილ და სამომავლო საკონსტიტუციო ცვლილებებზე და პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე. იყო შეთავაზება, რომ შემდგარიყო შეხვედრა პრემიერთან. ბუნებრივია, რომ ამ ტიპის დიალოგისა და კომუნიკაციისთვის მე ნამდვილად მზად ვარ, თუმცა იმ ფონზე, როცა პარალელურად ხდება მასობრივი დაკავება თბილისის საკრებულოს წევრების და ჩვენი პარტიის თბილისის ორგანიზაციების წევრების, მე ვფიქრობ, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბარი არის არაადეკვატური. მე იმედი მაქვს, რომ რამდენიმე საათში სიტუაცია დალაგდება და უდანაშაულო ადამიანები იქნებიან გამოშვებული, პარტიულ ინფრასტრუქტურაზე შეტევა შეწყდება და ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმაზეც და ყველა სხვა რეფორმაზეც", - განაცხადა ბაქრაძემ.





