შიდა ქართლში, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების დაკავებათა რაოდენობა გაიზარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.
ზაქარეიშვილის თქმით, დაკავებების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ "რუსებმა დაიწყეს მავთულხლართების შემოვლება".
სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ "დაკავებებით ისინი ახდენენ ადამიანების დატერორებას, რომ მათ არ გადალახონ გარკვეული ხაზები. ჩვენ ამის აღსაკვეთად ჟენევის ფორმატშიც და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კომისიის ფარგლებშიც ვმუშაობთ. მაგრამ ყველა ვხედავთ, რამდენად განუკითხაობა და სრული უპასუხისმგებლო პოლიტიკაა რუსეთის მხრიდან და ამ პოლიტიკას ის მთელ მსოფლიოში აწარმოებს. რუსეთის ქცევები აღარ ემორჩილება არანაირ საერთაშორისო ნორმებს".
მიუხედავად აღნიშნულისა, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ პროგრესიც შეიმჩნევა. კერძოდ, მინისტრის თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოქტომბრის შემდეგ "პრაქტიკულად არ მომხდარა არცერთი ტერაქტი როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს საკმაოდ დიდი წარმატებაა უსაფრთხოების მიმართულებით".
ზაქარეიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ახლა უფრო სწრაფად ხდება დაკავებულების გათავისუფლება და ამას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებს უკავშირებს.
"არ არის საამაყო, მაგრამ ახლა უფრო ადვილად ხდება დაკავებულების გათავისუფლება, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს", - აცხადებს ზაქარეიშვილი.





