დინამო თბილისი

დინამო თბილისმა დონეცკის შახტარი დაამარცხა

დინამო თბილისი - დონეცკის შახტარი
shakhtar.com

დინამო თბილისი ავსტრიულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. თბილისელები ამჯერად ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი გათამაშების მერვედფინალისტს, უკრაინის ჩემპიონს დონეცკის შახტარს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ, ისევე როგორც დუშან უჰრინმა, ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. მატჩის პირველ ნახევრის 34-ე წუთზე, დინამოელებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს - თავი ჩისკომ გამოიჩინა. მეორე ნახევარში, დინამოელები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ, გიორგი ლორიამ კი სულაც დუგლას კოშტას მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო. საბოლოოდ, დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით - 1:0 გაიმარჯვეს.

დინამო თბილისის ვებგვერდი, გუნდის მწვრთნელის და მოთამაშეების კომენტარებს ავრცელებს:

დუშან უჰრინი: როგორც მოსალოდნელი იყო რთული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. მირჩა ლუჩესკუმ, რომელსაც რუმინეთიდან ვიცნობ, გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ათამაშა. მატჩის წინ ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ შახტართან ადრეც მქონდა ნათამაშები ფრედ, მოგებული არ მქონდა. იმ ფეხბურთელებსაც მივეცით თამაშის შესაძლებლობა, ვისაც წინა შეხვედრაში არ უთამაშიათ და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. მეორე ნახევარი უკეთ ჩავატარეთ. ვაგრძელებთ მუშაობას და მზადებას სეზონისთვის.

გიორგი ლორია: სასიამოვნოა შახტართან მოგება. რთული თამაში იყო, გვიტევდნენ. კარგია, რომ გატანა შევძელით და არ გავუშვით. ბიჭებმა მონდომებით ითამაშეს.

ჩისკო: ამხანაგური შეხვედრა გახლდათ, მაგრამ მაინც პრინციპული ჩვენთვის, ვინაიდან დინამო დიდი ტრადიციების გუნდია და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ეს თამაში კარგი იყო კონდიციების ასამაღლებლად. შეკრებაზე ყველაფერი კარგად მიდის და ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ.

შემდეგ შეხვედრას დინამოელები უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გასული სეზონის მონაწილე რუმინულ კლუჟთან გამართავენ.

კომენტარები