რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში

orientalreview.org

ბოლო პერიოდში საქართველოში გააქტიურდნენ „ევრაზიულ კავშირში“ და ზოგადად, რუსეთის გავლენის სფეროში შესვლის ღია ლობისტები. კიდევ უფრო გავრცელებულია ირიბი პრო-რუსული ლობირება ანტი-დასავლური რიტორიკის სახით, რომლის ლოგიკური შედეგი გარდაუვალად გამოდის საქართველოს ჩავარდნა რუსეთის ხელში. როგორი იქნება საქართველო ასეთ შემთხვევაში? მოდით, ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი:

წარმოვიდგინოთ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში. სულ ერთია, იქნება ეს ფორმალიზებული „ევრაზიულ კავშირში“ შესვლით, თუ არა. წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოხდა იდეალურ პირობებში - საქართველომ თავისი ნებით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, უარი თქვა ახლო ურთიერთობაზე ნატო-სთან და ევროკავშირთან და ჩაეხუტა გახარებულ მოსკოვს. დავივიწყოთ ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებები, რომელიც დასავლეთისკენ გვიბიძგებს. უფრო მეტიც, წარმოვიდგინოთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არ არსებობს, რომ 1992-1993 და 2008 წლების ომები არ მომხდარა, რომ ცხინვალი და ჯავა არიან ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტები, ხოლო აფხაზეთი - ჩვეულებრივი ავტონომიაა. როკის გვირაბთან და ფსოუზე დგანან ქართველი მებაჟეები ზუსტად ისევე, როგორც სარფში. გავაკეთოთ ეს თეორიული დაშვება ექსპერიმენტის სისუფთავის გულისთვის.

რა მოხდებოდა ასეთ ვითარებაში? გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკვე შედის რუსეთის გავლენის სფეროში, ან რომლის შეყვანასაც კრემლი ამ სფეროში ცდილობს, რუსეთს სჭირდება არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად რაღაცისთვის.

მაგალითად ყაზახეთი რუსეთს სჭირდება, როგორც ბუფერი ისლამურ სამყაროსთან და ჩინეთთან, რადგან რუსეთ-ყაზახეთის საზღვარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელია, თანაც არ მისდევს არავითარ გეოგრაფიულ ბარიერებს. ყაზახეთი ასევე არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ლუკმა, რუსული კოსმოსური პროგრამის ბაზა და გასასვლელი ცენტრალურ აზიაში, სადაც რუსეთს ასევე აქვს ინტერესები და სამხედრო ბაზები. ბელარუსი რუსეთს სჭირდება როგორც კონტროლირებადი ბუფერი ევროპასთან, რომელშიც საბჭოთა დროდან განლაგებულია სარაკეტო შეტევის შესახებ ადრეული გაფრთხილების რადიოლოკაციური სადგური და სხვა რუსული სტრატეგიული ობიექტები, და სადაც რუსეთი მალე აპირებს ახალი სამხედრო საავიაციო ბაზის გახსნას. ბელარუსს ასევე გააჩნია გარკვეული ინდუსტრიული პოტენციალი, რომლის მიერთებას საკუთარ ეკონომიკასთან რუსეთი ახორციელებს „ევრაზიული კავშირის“ ფარგლებში. ამის გარდა, ბელარუსი წარმოადგენს მოსახერხებელ მარშრუტს რუსული ენერგორესურსების ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. სომხეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მისთვის მნიშვნელოვანია ზოგადად სამხრეთ კავკასია. ყაზახეთსა და ბელარუსისგან განსხვავებით, სომხეთს რუსეთისთვის ნაკლებად აქვს ეკონომიკური ღირებულება. კრემლის სტრატეგიული ინტერესებისთვის ის მნიშვნელოვანია როგორც სამხედრო და სადაზვერვო ფორპოსტი სამხრეთ კავკასიაში. ამ ტიპის კონკრეტული ინტერესები რუსეთს გააჩნია ყველა იმ ქვეყანაში, რომლის ხილვა მას სურს თავის გავლენის სფეროში.

მაშ რა უნდა რუსეთს საქართველოში? ისევე როგორც სომხეთი, საქართველო თავისთავად არ წარმოადგენს რუსეთისთვის ეკონომიკურ ღირებულებას. სომხეთის მსგავსად, საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის განისაზღვრება მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობით. მაგრამ საქართველოს მიმართ რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესები შინაარსობრივად განსხვედება მისივე ინტერესებისგან სომხეთთან მიმართებაში.

დავუბრუნდეთ ჩვენს ექსპერიმენტს - საქართველო რუსეთის გავლენის სფეროშია! როგორ ისარგებლებს რუსეთი ამ მონაპოვრით? და როგორ აისახება ეს საქართველოს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე? ამ კითხვებზე პასუხებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის გათვალისწინებით, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის მყარი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, ის გააკეთებს ჩვენს ქვეყანასთან ყველაფერს რასაც საჭიროდ ჩათვლის, და მისი ხელისშემშლელი აღარავინ იქნება.

მივყვეთ რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს ჩვენს ქვეყანაში:

რუსეთის ერთ-ერთი ინტერესია თავისუფალი სტრატეგიული კომუნიკაცია, მათ შორის სამხედრო ტრანზიტი სომხეთთან... რა პრობლემაა? ჩვენ ხომ აწი ყველანი ერთი გეოპოლიტიკური სფეროს ნაწილი ვართ. იარონ!

რუსეთს ასევე სურს, რომ უსაფრთხოების და სამხედრო სფეროში საქართველოში გავლენა არ ჰქონდეს არცერთ სახელმწიფოს თავად რუსეთის გარდა... ამისთვის არ ჩავეხუტეთ?! მივეწებოთ ბოლომდე.

კიდევ რუსეთს სურს, რომ ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების საზოგადოებები იყვნენ იზოლაციაში გარე სამყაროსგან, რათა მის მკაცრ კონტროლს ამ რეგიონზე არაფერი ედგას წინ. ასეთი იზოლაცია შესაძლებელია მხოლოდ თუ ჩრდილოკავკასიელებისთვის საქართველო „ჩაიკეტება“. აქ უკვე პრობლემები იწყება. როგორ უნდა მოხდეს ეს: კავკასიელებს აქ მგზავრობა, ქართველებთან ურთიერთობა და საქართველოს გავლით გარე სამყაროში გასვლა ავუკრძალოთ? რანაირად? საზღვარი ხომ ვერ იქნება დაკეტილი. და ჩერქეზთა გენოციდზე რა ვუთხრათ - უი, ბოდიში, შემთხვევით ვაღიარეთ და ეს აღიარება უკან მიგვაქვს? თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ხომ გვინდა წარმატებული, განვითარებული საქართველო ავაშენოთ. ასეთი საქართველო კი მაინც იქნება პოზიტიური მაგალითი და მიმზიდველი ქვეყანა ბევრი ჩრდილოკავკასიელისთვის. როგორ უნდა შევათავსოთ ეს რუსეთის ინტერესებთან? გაუგებარია.

მაგრამ რუსეთის მთავარი ინტერესი, ის ძირითადი მიზეზი, რატომაც სჭირდება მას სამხრეთ კავკასია და შესაბამისად საქართველო, არის ამ რეგიონზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ფონზე მათ საზღვარზე ეს დერეფანი ვერ გავა. მისთვის ღია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაა. კრემლი აუცილებლად მიიჩნევს კონტროლს ყაზახეთზე, ცენტრალურ აზიაზე, აზერბაიჯანზე. ასეთი კონტროლის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ამ ქვეყნების დასავლეთთან და თურქეთთან კომუნიკაციის შეზღუდვით. ასევე, კრემლი ეწინააღმდეგება ევროპისთვის ენერგიის ალტერნატიული წყაროების გაჩენას. ზოგი ასეთი ალტერნატივა შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი პროექტები საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით განხორციელდება. რუსეთის აღნიშნული მიზნების რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ თუ საქართველო დაკარგავს თავის სატრანზიტო ფუნქციას. არა მხოლოდ ახალი ენერგოპროექტების შეჩერების თვალსაზრისით, არამედ საერთოდ.

წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყოს ეს თავსებადი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან, როგორ შეიძლება ეს მოხდეს იმ პირობებში, როცა საქართველო იქნება ოდნავ მაინც დალაგებული და სტაბილური ქვეყანა, წარმატებულობას თავი რომ დავანებოთ. თუ საქართველო დარჩება ქმედითუნარიან სახელმწიფოდ, სატრანზიტო დერეფნის განვითარება ობიექტურად გარდაუვალია. ამას მსოფლიოს ეკონომიკური და გეოგრაფიული რეალიები განაპირობებს. მაგალითად თურქეთში სრულდება სარკინიგზო გვირაბის პროექტი ბოსფორის სრუტის ქვეშ, რომელიც ერთმანეთს ევროპას და აზიას დააკავშირებს. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან და კასპიის ზღვაზე არსებულ ბორნებთან ერთად ეს პროექტი შექმნის სარკინიგზო კავშირს ლისაბონსა და პეკინს შორის. როგორ გავაუქმებთ ჩვენ ამ რეალიებს, რაოდენ ღრმადაც არ უნდა შევძვრეთ რუსეთის გავლენის სფეროში? ჩავხერგოთ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ჩავკეტოთ უკვე არსებული ნავთობ და გაზსადენები? უარი ვთქვათ ახალ სატრანზიტო პროექტებზე? იქნებ ესეც არ იყოს რუსეთისთვის საკმარისი, და ჩვენ მოგვთხოვენ შევზღუდოთ საქართველოს საზღვრების გადალახვა და ჩრდილო კორეის ტიპის იზოლაცია გამოვაცხადოთ?

სინამდვილეში, დამოუკიდებელი საქართველო ამას არ და ვერ გააკეთებს იმის მიუხედავად, ვინ იქნება აქ მთავრობაში და როგორი ურთიერთობა ექნება მას მოსკოვთან. სატრანზიტო დერეფანი პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს განვითარების პერსპექტივებთან. რაც უფრო განვითარდება ეს დერეფანი, მით უფრო შეუწყობს ის ხელს საქართველოს განვითარებას. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის პირობებში იზოლაციონიზმი არარეალურია. ვერც რუსეთ-სომხეთს შორის სატრანზიტო როლით დავკმაყოფილდებით მაშინ, როცა გვაქვს პერსპექტივა ვიყოთ ცენტრალური ქვეყანა სატრანსპორტო კომუნიკაციაში ევროპას, ჩინეთს, თურქეთს, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის.

ამიტომ, „უბრალოდ“ საქართველოს შესვლა რუსეთის გავლენის სფეროში ვერ გადაწყვეტს კრემლისთვის ცენტრალური აზიის და აზერბაიჯანის დასავლეთისგან იზოლირების საკითხს. რუსეთის გადასახედიდან, მის გავლენის სფეროში ჩვენი ქვეყნის შესვლას  უნდა მოჰყვეს კიდევ რაღაცა, რაც ამ ხარვეზს გამოასწორებს. თუ საქართველოს მთავრობა ვერ დათმობს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს, რუსეთი ამ მთავრობას შეცვლის. საჭიროების შემთხვევაში - ძალით. მაგალითად გადატრიალებით, როგორც ყირგიზეთში 2010 წელს და საქართველოში 1991-1992 წლებში. მას ასეთი ქმედებების დიდი გამოცდილება აქვს. ესეც თუ  ვერ უშველის საქმეს, რუსეთი სულაც სამხედრო ინტერვენციაზე წავა. თუ ჩვენ ვიქნებით მისი გავლენის სფეროში, რუსულ აგრესიას ვერავინ და არავინ შეუშლის ხელს. ჩვენ შემოგვხედავენ, როგორც რუსეთის უკანა ეზოს, სადაც წესრიგის დამყარება ეზოს პატრონის პრეროგატივაა.

კიდევ უფრო საიმედო მეთოდი რუსეთისთვის იქნება ქართული სახელმწიფოს მოშლა, სომალიზაცია, ისეთი ვითარების მიღწევა, როდესაც მთავრობა ვერ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე მიმდინარე პროცესებს. ასეთი ვითარება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს. მოშლილი, უუნარო სახელმწიფო, ცხადია, ვერანაირად ვერ იქნება სატრანზიტო დერეფანი. ამიტომ საქართველოს დაშლის, ერთ-ერთი რუსი პუბლიცისტის გამოთქმით, „დესუვერენიზაციის“ შემთხვევაში უკვე აღარ ექნება დიდი მნიშვნელობა იმას, ვინ იჯდება მთავრობაში თბილისში. რუსეთის სტრატეგიული მიზანი მიღწეული იქნება. ამის განხორციელებაშიც რუსეთს ვერაფერი შეუშლის ხელს, თუ ჩვენ ვიქნებით მისი გავლენის სფეროში, მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე.

მე ასეთი მომავალი არ მომწონს. ამ მომავალში მე ჩემს ქვეყანაში ნორმალურად ვერ ვიცხოვრებ. იგივე ეხება პრაქტიკულად ყველას ვინც საქართველოში ცხოვრობს და სურს, რომ იცხოვროს. ამიტომ, მე არ მინდა, რომ საქართველო შევიდეს რუსეთის გავლენის სფეროში.

კომენტარები