კოსოვო

სერბეთი და კოსოვო შეთანხმდნენ

სერბეთმა და კოსოვომ ომის დასრულებიდან თოთხმეტ წელიწადში პირველ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის 10-რაუნდიანი მედიაციის შედეგად, სერბეთის პრემიერმინისტრმა ივიცა დაჩიჩმა და მისმა კოსოვოელმა კოლეგამ ჰაშიმ ტაჩიმ 15-პუნქტიან პაქტს მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ფორმალურად კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ეთნიკურად სერბი უმცირესობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა ბევრად სცდება მხოლოდ აღნიშნული რეგიონების საზღვრებს და უდიდეს პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს.

სიახლე შეაფასეს საქართველოშიც. პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „მიღწეული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანები, რომლებსაც წარსულში არცთუ წარმატებული ურთიერთობა ჰქონდათ, ახლა საერთო ენაზე საუბრობენ და როგორღაც მოახერხეს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჩვენს ძმებთან – ოსებთან, აფხაზებთან და, რა თქმა უნდა, რუსებთან ურთიერთობის დასალაგებლად".

პრემიერის მიდგომას „დიდ შეცდომას" უწოდებს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ „კოსოვოს მაგალითი სახიფათო იყო ჩვენთვის, რადგან მსოფლიო თანამეგობრობის აზრით, მაშინ მსხვერპლი იყო კოსოვო, ჩვენს შემთხვევაში კი, ეთნიკური წმენდის და გარე სახელმწიფოს მიერ სამხედრო ჩარევის შედეგად, ეს საქართველო და ეთნიკური ქართველები არიან. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი განცხადება სერიოზულ რისკებს ქმნის".

კოსოვო სერბეთს 2008 წელს ცალმხრივი დამოუკიდებლობის აქტით გამოეყო, რასაც ხანგრძლივი და რთული ისტორია უძღოდა წინ. 90-იანი წლების ბოლოს სერბეთის ნაციონალისტური რეჟიმის ბრძოლამ ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და 800 000-მდე კოსოვოელი ალბანელი ლტოლვილად აქცია. სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის მიერ კოსოვოელთა გენოციდის მცდელობას NATO-ს ჯარების მიერ ბელგრადის დაბომბვა და კოსოვოში საერთაშორისო კონტროლის დამყარება მოჰყვა.

დღეს კოსოვოს სუვერენიტეტი 100-მდე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის 22-მა წევრმა სახელმწიფომ, თურქეთმა, ავსტრალიამ და საუდის არაბეთმა. ახალი ბალკანური სახელმწიფოს შექმნას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: რუსეთი და ჩინეთი.

სერბეთის პრემიერი ივიცა დაჩიჩი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ და კოსოვოს პრემიერი ჰაშიმ ტაჩი
ფოტო: Reuters
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კოსოვოს, დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადებით, საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის 5 წევრი სახელმწიფო არ აღიარებს კოსოვოს სუვერენიტეტს. მათ შორისაა საბერძნეთი და ესპანეთი, რომლებსაც საკუთარი ტერიტორიული პრობლემები აქვთ და არ სურთ, კოსოვომ ევროპაში საზღვრების ცვლილების პრეცედენტი დაამკვიდროს.
ამავე მიზეზების გამო, არც საქართველო ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. წლების განმავლობაში რუსული მხარე ცდილობდა, სერბეთისგან კოსოვოს ცალმხრივი გამოყოფა და ქართული კონფლიქტური რეგიონების მდგომარეობა ერთ ჭრილში, ერთმანეთის ანალოგებად წარმოედგინა. რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვდა, კოსოვოს აღიარების შემთხვევაში, ქართული ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობაც ეცნოთ. ჩრდილოელი მეზობლის ამ პოლიტიკას ქართული მხარე ორი შემთხვევის სრულ განსხვავებულობაზე მითითებით აბათილებდა.

მართლაც, კოსოვოში სერბების ნაციონალისტურმა მთავრობამ ალბანელების ეთნიკური წმენდა განახორციელა, 8-10 ათასამდე ალბანელი ეთნიკური ნიშნით დახოცა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევით საშინაო საქმეებში საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო ჩარევა გამოიწვია.

საქართველოს შემთხვევაში კი, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელდა ქართველთა ეთნოწმენდა. საგულისხმოა, რომ კოსოვოელი ალბანელები ომამდე მოსახლეობის 89%-ს, სერბები კი 7%-ს შეადგენდნენ. 2011 წლის მონაცემებით, კოსოვოში სერბთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, ხოლო კოსოვოელთა დემოგრაფიული მაჩვენებელი 92%-მდე გაიზარდა.

აბსოლუტურად საწინააღმდეგო მოვლენასთან გვაქვს საქმე საქართველოს შემთხვევაში. აფხაზეთის მოსახლეობა, 1989 წლის მონაცემებით, ნახევარ მილიონს აჭარბებდა, საიდანაც 45-47% ეთნიკურად ქართველი იყო, აფხაზები 17-19%-ს შეადგენდნენ, მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი კი სომხებს, რუსებს, ბერძნებს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენდნენ. აფხაზეთში, ეთნოწმენდის შედეგად, მოსახლეობის რაოდენობა განახევრდა და 2011 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ 45 ათასამდე ქართველი (20%-მდე) და 130 ათასამდე (50%) აფხაზი ცხოვრობდა. გამოდის, რომ თუკი კოსოვოს შემთხვევაში საერთაშორისო ჩარევა და ახალი სახელმწიფოს შექმნა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის გასამართლებული რეჟიმისთვის ერთგვარი სასჯელი აღმოჩნდა, აფხაზეთის შემთხვევაში დამოუკიდებლობას ეთნოწმენდის შემოქმედები ცდილობენ. სერბეთისგან განსხვავებით, აქ დამნაშავე რეჟიმი არათუ გასამართლდა, არამედ წლების შემდეგ კიდევ უფრო გააფართოვა ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრები და საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ლობირებაც.

განსხვავებული იყო კონფლიქტის მიმდინარეობაც. კოსოვოელები სერბეთში იდევნებოდნენ იუგოსლავიის დაშლამდე, აფხაზები (ომამდელი მოსახლეობის 17%) კი, პირიქით, განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. აფხაზებისგან განსხვავებით, კოსოვოში გარე ძალები თავიდანვე აქტიურად არ ყოფილან ჩართული და კონფლიქტი სწორედ დისკრიმინირებული კოსოვოელებისა და ნაციონალისტი სერბების დაპირისპირებამ წარმოშვა.
მიუხედავად ალბანური წარმომავლობისა, კოსოვოელი სეპარატისტები არ სარგებლობდნენ ისეთი მასშტაბური გარე სამხედრო მხარდაჭერით, რასაც აფხაზები იღებდნენ რუსეთისგან.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოსოვოში მალევე მოხდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. უპირველესად იმიტომ, რომ გარე ძალების მიზანი იქ ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვა იყო, მაშინ როდესაც აფხაზეთში რუსეთის გაუმართლებელი ჩარევა იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა.

ირონიულია, რომ მრავალი წლის მანძილზე რუსეთი „აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტში" მესამე, „დამოუკიდებელ" მხარედ იყო ჩართული, რეალურად კი, პირდაპირ დაინტერესებული გავლენიანი მეზობელი, მშვიდობის დაცვის მოტივით, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მოსახლეობის გარუსებას ახდენდა. ამის საპირისპიროდ, კოსოვოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არც მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეობა მიუღია და საერთაშორისო საზოგადოებას არც მათი სამხედრო ძალისთვის მიუცია პოსტკონფლიქტური რეგიონის კონტროლის უფლება.

ამ ფონზე, სწორედ ორი შემთხვევის განსხვავებულობის აღნიშვნის აუცილებლობას უსვამს ხაზს საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანათავმჯდომარე ელენე ხოშტარია. „რუსეთმა კოსოვოს პრეცედენტი აბსოლუტურად დამახინჯებულად გამოიყენა თავის დროზე, ეს არის პრინციპულად განსხვავებული სიტუაციები და პირიქით, სწორედ რუსეთია ამ შემთხვევაში ის ქვეყანა, რომელმაც პასუხი უნდა აგოს, დათმოს და შეცვალოს პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ქვეყანამ, რომელიც არის აგრესორი და ოკუპანტი", – აცხადებს ხოშტარია სააგენტო ჯი-ეიჩ-ენთან ინტერვიუში.

საგულისხმოა, რომ შეთანხმების მიუხედავად, ყოფილი რეგიონის დამოუკიდებლობას არ ცნობს სერბეთი და ბლოკავს მის მონაწილეობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. სერბი პოლიტიკოსები ამ დრომდე კოსოვოელ კოლეგებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასაც კი ერიდებოდნენ და სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებთან ნებისმიერი შეთანხმება, ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი ლობირების მიუხედავად, დაუშვებლად მიაჩნდათ. სერბეთის პრეზიდენტი, ტომისლავ ნიკოლიჩი, ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ „ევროკავშირი პრიორიტეტია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად". ამ ფონზე, შეთანხმების მიღწევა განსაკუთრებით მოულოდნელი იყო.

კოსოვოს 1,7 მილიონამდე მოსახლეობიდან 140 000-მდე ეთნიკურად სერბია. მათი დაახლოებით მესამედი კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ოთხ პროვინციაში ცხოვრობს. სერბებით დასახლებული რეგიონის ცენტრალური ქალაქი მიტროვიცა ორადაა გახლეჩილი და სამხრეთთან შემაერთებელი ხიდი გადაკეტილია. საგულისხმოა, რომ ამ დრომდე კოსოვოს ჩრდილო ნაწილში მცხოვრები სერბების უმრავლესობა თავს სერბეთის ნაწილად მოიაზრებს და რეალურად სწორედ ბელგრადიდან იმართება.

ახალი შეთანხმების მიხედვით, ეს პროვინციები შექმნიან ასოციაციას, რომელიც ფორმალურად კოსოვოს ხელისუფლებას დაექვემდებარება, თუმცა, აგრეთვე, თვითმმართველობისა და სასამართლოს გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე განათლებას, ჯანდაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ასევე, სერბებით დასახლებული მუნიციპალიტეტების მერები აირჩევენ ადგილობრივი პოლიციის უფროსს, რომელიც, თავის მხრივ, კოსოვოს ცენტრალურ პოლიციას დაექვემდებარება.

ეს შეთანხმება სტატუსკვოს გეგმაზომიერი ცვლილების პირველი რეალური ბერკეტია. რეგიონების მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური საკითხიც. ამ დრომდე, სადავო რეგიონები მხოლოდ სერბეთისგან ფინანსდებოდნენ. კოსოვოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებით ისინი მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ: თანხები გამოიყოფა არა მხოლოდ სერბეთის, არამედ უკვე კოსოვოს ბიუჯეტიდანაც. ამას დაემატება საბაჟოს კონტროლიდან მიღებული შემოსავალი და ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო დონორების დახმარებები.

მიუხედავად ამისა, შეთანხმებას მყისიერი და მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მიტროვიცაშიც და ბელგრადშიც. სერბები საზღვრის ორივე მხარეს მიიჩნევენ, რომ კოსოვოს სეპარატისტულ მთავრობასთან დიალოგი დაუშვებელია. გამომსვლელთა ნაწილი მთავრობის ქმედებას ღალატსაც უწოდებს. ადგილზე სიტუაციის განსამუხტად კოსოვოს ჩრდილოეთში სერბეთის პრემიერმინისტრის მოადგილე, ალექსანდრ ვუჩიჩი ჩავიდა და მოსახლეობას აუხსნა, რომ „ამ ეტაპზე უკეთეს პირობებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა".

სიახლეს არაერთგვაროვანი შეფასებებით შეხვდნენ პრიშტინაშიც. მომხრეები ფიქრობენ, რომ დიალოგის დაწყება სერბეთისა და კოსოვოს ევროკავშირში გაწევრიანებას წაადგება. ევროინტეგრაცია ორივე მათგანის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. ამდენად, მნიშვნელოვანია ახალი შეთანხმების დებულება, რომლის მიხედვითაც მხარეებმა აიღეს ვალდებულება, არ შეუშალონ ხელი ერთმანეთის გაწევრიანებას ევროპულ ბლოკში.

მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ შეთანხმებით სერბეთმა პოზიციები განიმტკიცა და ევროკავშირის მანდატს კიდევ უფრო მიუახლოვდა, ხოლო კოსოვოს არავითარი სარგებელი არ მიუღია. „არ არსებობს კოსოვოს აღიარების დაპირება, არც ომის დანაშაულის მონაწილეებს აკავებენ. სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნით კი კოსოვოს ფუნქციები მხოლოდ შესუსტდება", – აცხადებს ბრიტანულ Independent-თან ინტერვიუში კოსოვოს თვითგამორკვევის პარტიის ლიდერი ალბინ კურტი.

კურტის აზრით, ევროკავშირის მხრიდან შეთანხმების ლობირება სერბეთის პრორუსული ორბიტიდან კვლავ დასავლეთისკენ შემობრუნების მცდელობა იყო. კოსოვოელი პოლიტიკოსის მოსაზრება უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. სერბეთს 2012 წლამდე პროდასავლური ბორის ტადიჩის მთავრობა მართავდა, თუმცა ახალმა პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა მკვეთრად პრორუსული კურსი აიღო, პრეზიდენტობის პირველივე წელს „მოძმე ერს" რამდენჯერმე ესტუმრა და არაერთხელ განაცხადა, რომ „რუსეთზე მეტად მხოლოდ სერბეთი უყვარს".

ამ ფონზე, საერთაშორისო დონეზე შეთანხმება უკვე აღიარეს ევროკავშირის მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ წარმატებად. ქეთრინ ეშტონის შუამავლობით მაღალი დონის მოლაპარაკებები 2011 წლიდან მიმდინარეობდა და ბოლო დრომდე მათ უშედეგოდ დასრულებას პროგნოზირებდნენ.

პაქტზე ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა შეთანხმების მხარეებს „სიმამაცისთვის" მადლობა გადაუხადა.

შეთანხმება უპრეცედენტოდ შეიძლება შეფასდეს ერთი ფაქტორის გამოც. კოსოვოს მთავრობის მეთაური ჰაშიმ ტაჩი 90-იანი წლების ბოლოს სერბეთის მიერ ტერორისტულად შერაცხული პარტიზანული მოძრაობის – კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის – ლიდერი იყო, სერბეთის პრემიერმინისტრი ივიცა დაჩიჩი კი, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის გასამართლებული სერბი ნაციონალისტი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის უახლოესი თანამებრძოლი გახლდათ. ჟურნალ Economist-ის ინფორმაციით, ტაჩი და დაჩიჩი შესაძლოა ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატებადაც მოგვევლინონ.

კომენტარები