პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის 45 კანდიდატურა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის პოზიციაზე 5 კანდიდატურა წარედგინა.კონკრეტული კანდიდატების შესახებ პარლამენტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების საბუთები უკვე წარმოდგენილია. კომიტეტმა საბუთები უნდა შეაფასოს ფორმალური ნიშნით - რამდენად შეესაბამება ის კანონის მოთხოვნებს და შემდეგ გადასცეს ბიუროს", – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
კანონით დადგენილი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, რაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სრულიად ახალი წესით და პროცედურებით მოხდება.
პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორ წევრს აირჩევს. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც 9 ივნისს არის დაგეგმილი.





