ვანო მერაბიშვილის საქმე

დავით საყვარელიძე: სასამართლომ განაჩენი ზეწოლის პირობებში გამოიტანა

primetimenews.ge

ნაციონალურმა მოძრაობამ შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით საყვარელიძის თქმით, ვერცერთი სხვა მოსამართლე განსხვავებულ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა, რადგან მთელი დღის განმავლობაში სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდებოდა. "თქვენ ნახეთ, რომ მობილიზებული იყო ე.წ. ნანა კაკაბაძის საძმოს თუ სადოს თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, პოლიტპატიმრების, ყოფილი კრიმინალების დაჯგუფება, რომელიც სკანდირებდა სასამართლოსთან მთელი დღის განმავლობაში, ნაპოვნი იყო ადგილზე ასევე რაღაც შამფურის ზომის ე.წ. შტირები, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ციხეში გამოიყენებენ ძირითადად. ჩვენი ინფორმაციით, დიდ ზეწოლას ახდენდნენ სასამართლოზე ანტიკორუფციული და პოლიციის თანამშრომლები, ხოლო ბრალი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, იყო უსუსური", - აღნიშნა დავით საყვარელიძემ.

საყვარელიძის თქმით, პროკურორები აღნიშნავდნენ, რომ ვანო მერაბიშვილის მხრიდან არსებობდა მიმალვის საფრთხე, რომ მას ჰქონდა კავშირები და შეეძლო დაეტოვებინა ქვეყნის საზღვარი, მაშინ როცა, საყვარელიძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ოთხჯერ აქვს გადაკვეთილი და გადმოკვეთილი საქართველოს საზღვარი ისე, რომ არ უცდია საქართველოდან მიმალულიყო. "ნაციონალური მოძრაობა იდეოლოგიაზე დაფუძნებული მოძრაობაა, ჩვენთვის რა თქმა უნდა რთულია, როცა პარტიის გენერალური მდივნის მიმართ მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდება, თუმცა ნაციონალური მოძრაობა გაათმაგებულად და გაასმაგებულად გააგრძელებს ბრძოლას", - აღნიშნა საყვარელიძემ.

კომენტარები