საქართველო-საფრანგეთი

რენო სალინი: ჩემი მესიჯი იყო - გაიზარდოს საქართველოში ინტერესი ფრანგული ენის მიმართ

ambafrance-ge.org

საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რენო სალენსი დღეს, 14 მაისს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები შეხვდა. მან დეპუტატებს მოუწოდა, იმუშაონ კანონპროექტზე, რომელითაც სკოლებში ფრანგული ენის სწავლება გაფართოვდება.
"ერთ-ერთი ჩემი მესიჯი იყო, რომ გაიზარდოს საქართველოში ინტერესი ფრანგული ენის მიმართ და უფრო გაძლიერდეს საგანმანათლებლო საქმიანობა ამ კუთხით. მე კანონმდებლებს ვთხოვე, იმუშაონ კანონპროექტზე, რომელიც მთავრობას შეთავაზებს სკოლებში ისწავლებოდეს ერთზე მეტი ენა, ანუ ფრანგულიც ისწავლებოდეს სხვა ენასთან ერთად", - განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ელჩის სტუმრობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემაც გააკეთა. თედო ჯაფარიძის თქმით, ფრანგული ენის საკითხის გარდა, ელჩთან ბევრი სხვა საინტერესო თემაც განიხილეს.
"მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობა საფრანგეთთან, რომელიც მეგობრული და სტრატეგიული მნიშვნელობის არის. განვიხილეთ ასევე საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ, NATO-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების საკითხი. იყო ბევრი საინტერესო კითხვა, რომელიც დაუსვეს ელჩს ჩვენმა პარლამენტის წევრებმა და აპარატის წარმომადგენლებმა. კითხვები ეხებოდა კონკრეტულ საკითხებს, თანამშრომლობას მეცნიერების სფეროში, განათლების სფეროს, კულტურას, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში, ჩვენ შევეხეთ ქუთაისის თანამშრომლობას საფრანგეთის ქალაქებთან. იგეგმება ამ მხრივ საინტერესო პროგრამა. იყო საუბარი იუნესკოზე, შევეხეთ ბაგრატის ტაძრის პრობლემებს. ჩვენი კომიტეტი გააგრძელებს ამ ტრადიციას და მომავალშიც გვეყოლება ძალიან საინტერესო, მაღალი რანგის სტუმრები", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები