შსს

შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში, ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით, დამოუკიდებლად განათავსა მისმა მოადგილე გელა ხვედელიძემ, რომელიც უკვე დაკავებულია. ღარიბაშვილის განცხადებით, კადრები წინა ხელისუფლებამ, კერძოდ კუდ-მა გადაიღო, ისინი დალუქული იყო და ხვედელიძეს მათი უსაფრთხოება ჰქონდა მინდობილი. 

"მინდა, ვაცნობო საზოგადოებას, სწრაფი და ეფექტური გამოძიების შედეგად ჩვენ დავადგინეთ იმ დანაშაულის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დაკავშირებულია გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელებასთან. შევეცდები ავხსნა, რასთან გვაქვს საქმე: პირველი, ეს კადრები გადაღებულია წინა ხელისუფლების, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, გიორგი ფარესაშვილზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების, მისი შეშინების, შანტაჟის და თანამშრომლობაზე დაყოლიების მიზნით, უფრო გასაგებად - გადმობირებისა და რეჟიმის სამსახურში ჩაყენების მიზნით; მეორე - ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს და სხვა კადრები მიკვლეული იქნა და მათი გამოყენების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, დაილუქა დადგენილი წესით. თუმცა არ გვაქვს გარანტია, რომ წინა ხელისუფლების ხელში არაა მათი ასლები; მესამე - ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების დაცვა სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მინდობილი ჰქონდა ჩემს ყოფილ პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს; მეოთხე - პირადად ჩემთვის ეს არის უსიამოვნო ფაქტი. ჩემმა პირველმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ, სამწუხაროდ, ჩაიდინა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ მოხელისათვის და მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად მიიღო ბოლო პერიოდში გავრცელებული, ჩემი შეფასებით, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამებები და გიორგი ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით დამოუკიდებლად განათავსა ეს კადრები ინტერნეტსივრცეში. მისი ფიქრით, ამგვარად შეწყდებოდა მის მიმართ ცილისწამების კამპანია. ჩემი ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძე, დაკავებულია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი არქივი დაუყოვნებლივ განადგურდება. 

"საქართველოს პროკურატურასთან შეთანხმებით, მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ განადგურდეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები