„როდესაც პოსტი დატოვე, წითელი ვარდები გამოგიგზავნე. ახლა, კორდილიერების მთებსა და მენდოზას ვენახებში ჩაკარგულმა, არ შემიძლია ვარდები მოგართვა, ამიტომ აღფრთოვანების და მადლიერების სიტყვებს გწერ", – ასე გამოემშვიდობა ნობელის პრემიის ლაურეატი, ესეისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, მარიო ვარგას ლიოსა მარგარეტ თეტჩერს.
„დინგ დონგ ალქაჯი მკვდარია", – ასე შეხვდნენ პრემიერმინისტრის სიკვდილს მისი მოძულეები.
თეტჩერი, ოლივერ კრომველთან ერთად, ალბათ ბრიტანეთის ყველაზე კონტროვერსიული პოლიტიკური ფიგურაა. გაღმერთებული და ამავდროულად საძულველი.
ის, ჩერჩილის შემდეგ, მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერმინისტრია ბრიტანეთის ისტორიაში. ოღონდ ჩერჩილმა თუ მმართველობის სტილი დაამკვიდრა, მან თეტჩერიზმის სახელით ცნობილი დოქტრინა შექმნა, რაც დღემდე ცხარე კამათის საგანია და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს იქნება.
„ვერ ვეგუები ბრიტანეთის დაღმასვლას, უბრალოდ ვერ ვეგუები", – განაცხადა თეტჩერმა 1979 წელს პრემიერმინისტრად არჩევამდე ცოტა ხნით ადრე და გააკეთა ის, რაც საჭიროდ მიიჩნია იმისთვის, რომ ქვეყანა აღმართს შედგომოდა. თანაც ისე, რომ არც კი დაფიქრებულა, სხვა რას იტყოდა. ამის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფოს ერთადერთმა ქალმა პრემიერმინისტრმა უფრო დიდხანს შეინარჩუნა პოსტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, მეოცე საუკუნის განმავლობაში და რომ არა სიხისტე, უფრო დიდხანს დარჩებოდა. „მე არაჩვეულებრივად მომთმენი ვარ, თუ ვიცი, რომ ბოლოს ჩემსას გავიტან", – ამბობდა ის და მიზანდასახულობით წყობიდან გამოჰყავდა ოპონენტები, როგორც პარტიის შიგნით, ისე მის გარეთ.
მომავალი პრემიერმინისტრი ბრიტანეთის პროვინციულ ქალაქ გრანთამში, მაღაზიის მეპატრონის, ალფრედ რობერტსის ოჯახში დაიბადა. საშუალო განათლება კოლეგებისგან განსხვავებით, არა იტონის რანგის კერძო სასწავლებელში, არამედ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში მიიღო. ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა მეთოდისტურმა ეკლესიამ – მომჭირნეობა, თვითგადარჩენის ჟინი და შრომისმოყვარეობა, ეს თვისებები სარწმუნოებამ შესძინა. შემდეგ სტიპენდია მოიპოვა და ოქსფორდის უნივერსიტეტში მოხვდა – ქიმიის განხრით. მოგვიანებით საგადასახადო სამართალი შეისწავლა. ოქსფორდშივე დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა, რომელიც მისმა ქმარმა, ბიზნესმენმა დენის თეტჩერმა დააფინანსა.
40-იანი წლების კონსერვატიული პარტია არისტოკრატთა თავყრილობა იყო. უბრალო წარმომავლობის და თანაც ქალის წარმატებას არათუ ამ პარტიის წევრები, თავად თეტჩერიც ვერ წარმოიდგენდა – „ქალი ვერ გახდება პრემიერმინისტრი ამ ქვეყანაში ჩემი სიცოცხლის მანძილზე", – უთხრა ადგილობრივ გაზეთს 1970 წელს, როდესაც ედვარდ ჰითის მთავრობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი მიიღო. მაგრამ, მისი სიცოცხლე მიილია და 2013 წელს ბარონესა თეტჩერი დაკრძალეს ისე, როგორც 1965 წელს სერ უინსტონ ჩერჩილი. მხოლოდ, იმ განსხვავებით, რომ თეტჩერის დაკრძალვის ცერემონიალს სახელმწიფო სტატუსი არ ჰქონია ბრიტანეთის მოსახლეობის მისდამი არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო.
საინტერესოა, რომ თეტჩერი განსაკუთრებით ფემინისტებს სძულდათ. მათი აზრით, რკინის ლედი ქვეყანას კაცივით მართავდა. „ის მდედრობითი სქესის პირველი პრემიერმინისტრია, მაგრამ ქალი? ჩემი გაგებით – არა", – თქვა ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ლეიბორისტმა გლენდა ჯექსონმა. თუმცა, კლიშეების მსხვერპლთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ თეტჩერს ქალთა უფლებებზე ზრუნვისთვის დიდი დრო არ დაუთმია. მას სხვა პრიორიტეტები ჰქონდა – არ სურდა, პოლიტიკა და ბრიტანეთის დასუსტების მენეჯმენტი სინონიმები ყოფილიყო.
[gallery]
თეტჩერი თვლიდა, რომ ერი მხოლოდ მაშინ შეიძლება გაძლიერდეს, თუ ინდივიდები თავისუფალნი იქნებიან. მას სჯეროდა, რომ ადამიანები თავად უნდა მართავდნენ თავიანთ ცხოვრებას სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩარევის პირობებში. ის მიიჩნევდა, რომ კეინსი ცდება, ხოლო ფრიდმანი და ჰაიეკი მართლები არიან. ამტკიცებდა, რომ საზოგადოებამ რისკიანი ადამიანები ანუ მეწარმეები უნდა დააფასოს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან სახელმწიფოში დოვლათს. ფიქრობდა, რომ სახელმწიფო მაშინ ვითარდება, თუ ხალხი იმაზე მეტს არ ხარჯავს, რასაც გამოიმუშავებს.
ამ წარმოდგენების მქონე ქალი გახდა 1975 წელს ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ხოლო 1979 წელს, საერთო არჩევნების მოგების შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრი.
საინტერესო ისაა, რომ არისტოკრატულ კონსერვატიულ პარტიას გამარჯვება სწორედ თეტჩერის უბრალო წარმომავლობამ მოუტანა, რადგან ამ უკანასკნელში ამომრჩეველმა ის ადამიანი ამოიცნო, რომელსაც არ ჰქონია პრივილეგიები, გარდა ყველაზე მნიშვნელოვანისა – მშრომელი მშობლები, რომელთაც შვილების წარმატება აინტერესებდათ. ამის გამო, მას ლეიბორისტთა ამომრჩევლებმაც მისცეს ხმა.
1970-იანი წლების ბოლო დიდ ბრიტანეთში ის დრო იყო, როდესაც განათლებულ ახალგაზრდას ბიზნესში წასვლა ეთაკილებოდა და სამსახურს ან სახელმწიფო სექტორში ეძებდა, ანაც სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. თუ ადგილმამულები არ გქონდა და არისტოკრატი არ იყავი, ჯობდა ბოჰემურად გეცხოვრა, ვიდრე ფულის საშოვნელად საქმე წამოგეწყო. საშუალო კლასი სულს ღაფავდა. ხოლო პოლიტიკური პარტიები პროფკავშირების მძევლები იყვნენ – ყოფილი იმპერია გაფიცვების ვირუსით იყო შეპყრობილი. ეკონომიკური ლიბერალიზმი დავიწყებას მისცემოდა. თეტჩერის ფავორიტები – მილტონ ფრიდმანი და ფრიდრიხ ჰაიეკი, მარგინალებად მიიჩნეოდნენ. სახელმწიფო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაციონალიზებული, სიკვდილის პირას მყოფი საწარმოების სუბსიდირებას ვერ აუდიოდა.
თეტჩერი, რომელიც სოციალიზმის მთავარ პრობლემად იმას მიიჩნევდა, რომ „სხვისი ფული, ადრე თუ გვიან, მთავრდება", სათავეში მოსვლისთანავე, ქვეყნის მიმართულების შეცვლას შეუდგა – მკვეთრად შემცირდა საბიუჯეტო ხარჯები, გაუქმდა საწარმოო სუბსიდიები. შედეგად, უამრავი კომპანია გაკოტრდა და უმუშევრობამ პიკს მიაღწია. ბრიტანეთს პროტესტის ტალღა მოედო, პოლიცია მოლოტოვის კოქტეილების მოგერიებაში ატარებდა დღეებს.
ამ პერიოდში თეტჩერის პოპულარობა ფსკერამდე დავიდა – 1981 წელს, თეტჩერი ყველა დროის ყველაზე არაპოპულარულ პრემიერმინისტრად იქცა. The Times-ში 364 ეკონომისტის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ისინი თეტჩერის პოლიტიკას გმობდნენ. კოლეგები მისგან უკანდახევას მოელოდნენ, მაგრამ ამაოდ.
თეტჩერის პოპულარობას მისმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯმა უშველა. 1982 წელს არგენტინის დიქტატორული რეჟიმი ბრიტანეთის კუთვნილ ფოლკლენდის კუნძულებზე შეიჭრა. თეტჩერმა პირობა დადო, რომ დაიცავდა 13 000 კილომეტრით დაშორებული კუნძულის მცხოვრებთა უფლებას, დარჩენილიყვნენ ბრიტანელებად და აგრესიას სამხედრო წინააღმდეგობით უპასუხა. ფოლკლენდის ომი გაერთიანებული სამეფოს გამარჯვებით დასრულდა. წარმატებამ დასუსტებული და თავმოყვარეობა შელახული ბრიტანეთის იმპერიის მოქალაქეებს თავდაჯერება შესძინა, რამაც რკინის ლედის 1983 წლის არჩევნებში კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა.
ამ პერიოდში თეტჩერმა მასშტაბური პრივატიზაცია დაიწყო. კერძო მფლობელის ხელში გადავიდა ბრიტანული ტელეკომი, ბრიტანული გაზი, ბრიტანული ავიახაზები. გაიყიდა „ყველაფერი, სინდისის გარდა". მთავრობა ინტენსიურად ახალისებდა მოქალაქეებს, წილი ეყიდათ პრივატიზებულ კომპანიებში. შედეგად, რეფორმებმა „სახალხო კაპიტალიზმის" ელფერი შეიძინა.
ყველაზე დიდი მოთმინება თეტჩერმა პროფკავშირებთან გამოიჩინა. 1981 წელს, ის მაღაროელთა ეროვნულ კავშირთან კომპრომისზე წავიდა და მათი ყველა მოთხოვნა შეასრულა, რადგან იცოდა, ვერ გაიმარჯვებდა. მაგრამ შემდეგი სამი წელი, შეტევისთვის ემზადებოდა – მოიმარაგა ქვანახშირი, მოახდინა MI5-ის აგენტების ამ ორგანიზაციებში ინფილტრაცია და 1984 წელს, როცა მაღაროელებმა ახალი პირობები დააყენეს, აღარ დაუთმო. გაფიცვა თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა და პროფკავშირების განადგურებით დამთავრდა. ამის შემდეგ, მათ ვეღარ დაიბრუნეს ის ძალა, რითაც მანამდე ფაქტობრივად მთელ დიდ ბრიტანეთს მართავდნენ. მაღაროელთა მოთვინიერებით, თეტჩერმა ბოლო მოუღო კონტინენტური ევროპის გამუდმებულ ქირქილს „ბრიტანული დაავადების" შესახებ.
თეტჩერის რეფორმების შედეგად მსოფლიო ბრიტანული ეკონომიკური სასწაულის მომსწრე გახდა. ინფლაციის დონე 1975 წელს თუ 27% იყო, 1986 წელს 2.4% გახდა, გაფიცვების გამო დაკარგული სამუშაო დღეები 29 მილიონიდან, 2 მილიონამდე შემცირდა. მაქსიმალური გადასახადის ნიშნულმა 80%-დან 40%-მდე დაიწია. ფულის „კეთება" მოდური გახდა, საშუალო კლასი გაძლიერდა, მშობლების წარმომავლობით თითქმის აღარავინ ინტერესდებოდა. შეზღუდვები მოეხსნა ლონდონის ბირჟას – ბიგ ბენგის სახელით ცნობილმა რეფორმამ ლონდონი მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად აქცია. ბევრი ამტკიცებს, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისი, თეტჩერის მიერ ფინანსური რეგულაციების გაუქმების შედეგია, მაგრამ თეტჩერის დამცველები ამბობენ, რომ მისი რეფორმის ფარგლებში ის რეგულაციები არ გაუქმებულა, რამაც უოლ სტრიტის კოლაფსი გამოიწვია.
თეტჩერის მაგალითს ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიბაძა. 1985-2000 წლებში ევროპის მთავრობებმა 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაყიდეს – მათ შორის ლუფტანზა, რენო, ფოლკსვაგენი.
რკინის ლედის პერიოდში დისპროპორციულად გაიზარდა დიდი ბრიტანეთის როლი საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი სტატუსი დიდ ბრიტანეთს ჩერჩილის შემდეგ არ ჰქონია. თეტჩერი რონალდ რეიგანის მთავარი მოკავშირე იყო ცივ ომში. 1987 წელს ის საბჭოთა ლიდერს შეხვდა და, როგორც ახლახან გამოქვეყნებული საიდუმლო მასალები მოწმობს, მკაცრად და არცთუ დიპლომატიურად განუმარტა, რა არჩევანის წინაშე იდგა „ბოროტების იმპერია". ხოლო ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ გორბაჩოვთან „საქმის კეთება შეიძლებოდა" და რეიგანს, იგივე „ძვირფას რონის", საბჭოთა ლიდერთან მოლაპარაკების დაწყება ურჩია. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა.
მართლაც, თეტჩერიზმის შემოქმედი დიპლომატიას არაფრად აგდებდა, თუ სიმართლე არადიპლომატიურად ჟღერდა. ის მკაფიო ხაზს ავლებდა თავისუფალ ქვეყნებსა და ტირანიებს შორის და ყოველთვის ცხადყოფდა, რომ თვითონ თავისუფლების მხარეს იდგა.
„ჩვენ ვიცით რაც მუშაობს – თავისუფლების, საკუთრებისა და სამართლის ანგლო-საქსური მოდელი და კაპიტალიზმი.
ისიც ვიცით სად მუშაობს – ყველგან, სადაც დანერგავ.
არ უნდა შეგვბოჭოს ყალბმა თავმდაბლობამ ან თუნდაც დახვეწილმა მანერებმა. იმ ფასეულობების გავრცელება, რაზეც ამერიკა დგას, იმპერიალიზმი კი არა, განთავისუფლებაა", – განაცხადა მან 2000 წელს ჰუვერის ინსტიტუტში სტუმრობისას.
საინტერესოა, რომ თეტჩერის პერსონალური რეიტინგი, ყოველთვის ჩამორჩებოდა პარტიისას, მაგრამ მას პოპულარობა არ ანაღვლებდა, მთავარი იყო პარტიას არჩევნები მოეგო და იგებდა კიდეც. მაგრამ, 1990 წელს ლეიბორისტულმა პარტიამ პოპულარობით ტორებს გაუსწრო – თეტჩერს პარტიაში საფუძველი შეერყა.
ამას დაემთხვა შიდა განხეთქილება ევროპულ სავალუტო სტრუქტურებში ბრიტანეთის ინტეგრაციის თაობაზე. თეტჩერი ევროპული „სუპერსახელმწიფოს" შექმნას ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა და ვერ ხვდებოდა, მაშინ, როდესაც ბრიტანეთს, ამერიკასთან ერთად, ამხელა უპირატესობა ჰქონდა, რატომ უნდა დაესუსტებინა ეს კავშირი და შეეზღუდა თავისუფლება „ბიუროკრატიულ ევროპაში" დატყვევების ხარჯზე.
ამ უთანხმოების შედეგად თეტჩერი პარტიის ხელმძღვანელობიდან გადადგა. ხოლო არისტოკრატულიდან მერიტოკრატულად გარდაქმნილი პარტიის ლიდერი ჯონ მეიჯორი გახდა. თუმცა, საკუთარი პარტიის შეცვლაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან მოწინააღმდეგე პარტიაც შეცვალა. თეტჩერის საუკეთესო მოსწავლე, არა კონსერვატორი, არამედ ლეიბორისტი ტონი ბლერი აღმოჩნდა. მან ამომრჩეველს მოდერნიზებული ლეიბორისტული პარტია და თეტჩერის გზა შესთავაზა პოპულისტური ელფერით. შედეგად, ბრიტანული პოლიტიკის ცენტრმა მკვეთრად მარჯვნივ გადაიწია.
თანამედროვე გაერთიანებული სამეფო თეტჩერის პოლიტიკის შედეგია. ამიტომ არაა გასაკვირი, თუ ცვლილებების მოსურნე პოლიტიკურ ლიდერს, დამკვირვებლები თეტჩერის სტანდარტით ზომავენ. „როდესაც ხალხი ბარაკ ობამაზე, ან სხვა, გარდაქმნების პოტენციურ შემოქმედზე საუბრობს, – წერს Washington Post-ის ავტორი, დავიდ იგნაციუსი, – ყოველთვის ვეკითხები თავს, აქვს კი მას თეტჩერის ჟინი და სიმტკიცე? როგორც წესი, პასუხი ყოველთვის არის – არა".