პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროეტს ვეტო დაადო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა  საგანგებო ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლა და პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. 
პირველი კანონპროექტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ეხება. 
"საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ახალ მთავრობასა თუ ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობასა და წევრებს, შეეძლება მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება", – განაცხადა ბარნოვმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე დაბლოკა კანონპროეტი, რომელიც ბრალდებულს  უზღუდავს უფლებას თავად აირჩიოს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს თუ არა. 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია იმედის ეთერში უკვე გამეხმაურა პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ  საპარლამენტო უმრავლესობა ორივე კანონპროექტზე ვეტოს დაძლევს და რეფორმები როგორც ბრალდებულის უფლებების ნაწილში, ასევე, სასამართლო რეფორმის ნაწილში უპირობოდ გატარდება.
"სააკაშვილს ეშინია, თავისუფალი მოსამართლეების. საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე დღით ის მოახერხებს ამ რეფორმის შეჩერებას. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში შევიკრიბებით და ამ ვეტოს დავძლევთ. მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ ვეტოს არავითარი ფასი არ აქვს, გარდა ერთი კვირისა. ხალხს ერთი კვირით მოპარავს საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს დაწყების შესაძლებლობას. 9 წელი ითმენდა და ამ ერთ კვირასაც მოითმენს ქართველი ხალხი", - განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები