ISFED

სამართლიანი არჩევნები მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ ტენდენციებს უარყოფითად აფასებს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მესამე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში თვითმმართველობებში განხორციელებულ პოლიტიკურ პროცესებს, საკადრო ცვლილებებს, საპროტესტო აქციებსა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ დევნას ეხება.

 ISFED მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ ტენდენციებს უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას.

"მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადების მიუხედავად, არ მომხდარა მკაფიო ნაბიჯების გადადგმა თვითმმართევლობებში განვითარებული ტენდენციის შეჩერების კუთხით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოეწყოს დისკუსია ხელისუფლების, ოპოზიციის და, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით, თვითმმართველობაში შექმნილი სიტუაციის აღკვეთის გზებსა და უფლებადარღვეული მოქალაქეების ინტერესების დაკმაყოფილების კუთხით გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ISFED-ის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე საქართველოში გამგებლის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 48-მა გამგებელმა დატოვა, 2 კი საკრებულომ გადააყენა. თანამდებობა დატოვა საკრებულოს 25-მა თავმჯდომარემ, 21-მა მათგანმა საკუთარი გადაწყვეტილებით.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გამგებლების ცვლილებების პარალელურად, საკრებულოებში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქციები, რამაც რიგ შემთხვევაში ძალთა ბალანსის შეცვლა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება გამოიწვია.

სამართლიანმა არჩევნებმა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებებიც შეისწავლა. მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე გათავისუფლებულია 1877 თანამშრომელი.

69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა, 34 მუნიციპალიტეტში 425 რწმუნებული დაითხოვეს.

გათავისუფლებები 10 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც შეეხო, სადაც ძირითადად შეიცვალა საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსები.

"გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. რიგ შემთხვევებში ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს. ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით ახსნა. რაც შეეხება თანამშრომლების აყვანას, საანგარიშო პერიოდში ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში 18 მუნიციპალიტეტში პარტიული ნიშანი გამოიკვეთა. კონკურსი მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. პარტიული ნიშნით, ძირითადად, კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ", - ნათქვამია პრესრელიზში.

 

 

 

 

კომენტარები