განათლება

საუნივერსიტეტო უტოპია

გია დვალის კონცეფცია მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კომისიის სამთავრობო კომისიამ, ფიზიკოს გია დვალის, ბიოლოგ ზაზა კოკაიას, ფიზიკოს ვაჟა ბერეჟიანისა და პალეონტოლოგ დათო ლორთქიფანიძის შემადგენლობით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია მოამზადა. პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კომისიის შექმნის თაობაზე ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა და შესაბამისი ჯგუფი კონცეფციას თვეების განმავლობაში ამზადებდა. ავტორთა მტკიცებით, კონცეფციის ღერძი აკადემიური თავისუფლების პრინციპია, რომლის განხორციელების გზადაც ე.წ. ტენურის (tenure) მოდელის დანერგვას აცხადებს.

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კონცეფცია საფუძვლიანად მოწყვეტილია დღევანდელ ქართულ რეალობას. იგი თითქოს ვაკუუმშია დაწერილი – მოწყვეტილი ქვეყნის განვითარების მოდელს, ხედვას, შრომის ბაზარსა და რეგიონული უპირატესობების ძიებას.

კრიტიკოსების აზრით, კონცეფცია ხშირ შემთხვევაში ღია კარის მტვრევას წარმოადგენს და გვთავაზობს იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც ან საერთოდ არ არსებობს, ან თავისი არსით მარგინალურია. მეორე მხრივ, კონცეფცია არ პასუხობს საქართველოს განათლების სისტემაში ამჟამად არსებულ მთავარ გამოწვევებს და არ ითვალისწინებს გლობალიზაციითა და ახალი ტექნოლოგიებით განპირობებულ საგანმანათლებლო რევოლუციას, რომლის გავლენა სულ უფრო იგრძნობა მთელ მსოფლიოში.

ოპონენტების თქმით, სახელმწიფო კონცეფცია ეფუძნება ტენურის ინსტიტუტის გადამეტებულ რწმენას, მისი დანერგვის პერსპექტივებს უპირატესად ვარდისფერ ფერებში ხედავს, არ შეიცავს შემოთავაზებული რეფორმის განხორციელებით გამოწვეული პოტენციური ზიანისა და სარგებლის (cost benefit) ანალიზს. რაც მთავარია, იგი მხოლოდ პროფესურის არასწორად გაგებულ ინტერესებზეა მორგებული და, პრაქტიკულად, საერთოდ არ ითვალისწინებს სტუდენტის საჭიროებებს.

უნივერსიტეტის, როგორც სტუდენტების და პროფესორების თანამეგობრობის უმთავრესი ფუნქცია, სამეცნიერო კვლევებთან ერთად, სტუდენტის იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურვაა, რომელიც მას, როგორც სპეციალისტსა და მოქალაქეს, დამოუკიდებელი არსებობისა და წარმატებისთვის სჭირდება.

ოპონენტები თვლიან, რომ კონცეფციის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხარვეზი სწორედ ისაა, რომ მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა მოთხოვნებს უყენებს ბაზარი და საზოგადოება ადამიანს. საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია უნდა შეიცავდეს ნათელ ხედვას, თუ როგორი ქვეყნის შრომის ბაზარსა და საზოგადოებაში მოუწევს მოღვაწეობა ახალგაზრდას უმაღლესი განათლების კურსის დასრულების შემდეგ.

მეტიც, ვინაიდან გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო მობილობა სულ უფრო მეტი ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდება, მკაფიოდ უნდა იყოს გააზრებული ისიც, რომ შესაძლოა ეს ქვეყანა საქართველო საერთოდაც არ იყოს. სწორედ ამ ფაქტორების სწორი გააზრება უნდა დაედოს საფუძვლად რეფორმირებული ქართული უნივერსიტეტების მისიის განსაზღვრას.

კონცეფცია არ ითვალისწინებს იმ საგულისხმო გარემოებას, რომ გლობალიზაციის და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ქართულ უნივერსიტეტებს მზარდი კონკურენციის პირობებში მოუწევთ საქმიანობა. აქედან გამომდინარე, უნდა გააზრებულიყო, თუ რა არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებს შეიძლება ჰქონდეთ, რა არის ის ნიშა, რომელიც მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე ჩვენმა უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა შეიძლება დაიკავონ.

კიდევ ერთი რამ, რაც განათლების შესახებ თანამედროვე კონცეფციაში აუცილებლად უნდა იყოს განხილული და რასაც კონცეფცია ყურადღების მიღმა ტოვებს, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ძვრებია. დღეს უმაღლესი სასწავლებლები საუკუნოვანი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ ცვლილებებს გადიან, რაც განათლების ტრადიციულ სისტემას გამოწვევების წინაშე აყენებს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ონლაინსწავლება.

გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტები სწავლების ტრადიციული მეთოდების პარალელურად გვთავაზობენ ონლაინკურსებს, სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთი პლატფორმები, როგორიცაა, მაგალითად, Coursera და edX. Coursera სტუდენტებს საერთაშორისო მასშტაბით ისეთი ცნობილი უნივერსიტეტების კურსებს სთავაზობს ონლაინ, როგორიცაა ბერკლის, ბრაუნის, კოლუმბიის, პრინსტონის, დიუკის და ა.შ. edX-ზე კი ჰარვარდის, ბერკლისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტების კურსების გავლაა შესაძლებელი. მათ შორის: კომპიუტერულ მეცნიერებებში, ჯანდაცვაში, განათლებაში, ეკონომიკაში, ინჟინერიაში, მათემატიკასა და ბიზნესში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სტუდენტების 40%-ზე მეტი უკვე გადის კურსების ნაწილს ონლაინ. ივარაუდება, რომ მათი რიცხვი 2014 წლისთვის 80%-ს გადააჭარბებს. ამ ტენდენციების შესაბამისად, იცვლება ბიზნესსტრატეგიებიც. ერთ-ერთი საინტერესო და თამამი წამოწყება ონლაინსწავლების მიმართულებით მინერვას პროექტია. ის ონლაინუნივერსიტეტია, რომელიც 2014 წლიდან უნდა ამოქმედდეს და საერთაშორისო სტუდენტების მიზიდვას ისახავს მიზნად. როგორც პროექტის ავტორი ბენ ნელსონი აცხადებს, ეს საუკუნის პირველი ელიტური უნივერსიტეტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. ვარაუდობენ, რომ მან ამერიკის წამყვან, ე.წ. აივი ლიგის უნივერსიტეტებს უნდა გაუწიოს კონკურენცია – მათზე ბევრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფინანსურად, თუმცა, მიღებაზეც მკაცრი სტანდარტები იქნება.

ამ ახალი საგანმანათლებლო პროგრამების მომრავლებამ გაააქტიურა დისკუსია თემაზე, ჩაანაცვლებს თუ არა ონლაინსწავლება ტრადიციულ უნივერსიტეტებს. სრულად ჩანაცვლება, ახლო მომავალში, ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა მის სახეცვლილებას ნამდვილად განაპირობებს. მაგალითად, იმგვარად, რომ თეორიული კურსები სტუდენტებმა ონლაინ გაიარონ, ხოლო უნივერსიტეტებში უფრო პრაქტიკული აქტივობებით დაკავდნენ. ვარაუდობენ, რომ სულ უფრო მეტი ტრადიციული საუნივერსიტეტო კურსის გავლის წინაპირობა შესაბამისი ონლაინკურსის გავლა გახდება.

სწორედ ამაზე საუბრობს ბენ ნელსონი. მისი აზრით, მომავალში უნივერსიტეტები სტუდენტებს ეტყვიან, რომ, მაგალითად, ზაფხულის განმავლობაში გაიარონ ონლაინკურსები, შემდეგ კი, როდესაც კამპუსებზე მივლენ, ახალი ეტაპი დაიწყება. როგორც ნიუ იორკ თაიმსის კონსერვატიული კომენტატორი დევიდ ბრუკსი წერს, მომავალში უნივერსიტეტები ამ ახალ ეტაპზე ნაკლებ დროს დაუთმობენ ტექნიკური ცოდნის გადაცემას და უფრო მეტად პრაქტიკაზე ორიენტირებულები გახდებიან. ეს კი ნიშნავს არა იმის სწავლებას, რა აკეთონ, არამედ – როგორ აკეთონ. ეს ითვალისწინებს არა რაიმეს დამახსოვრებას, არამედ მისი გამოყენებისთვის საჭირო უნარების ათვისებას, კვლევას, ექსპერიმენტებს და ა.შ.

კრიტიკოსები თვლიან, რომ კონცეფციის ავტორებს საქართველოშიც შეეძლოთ ეფიქრათ მსგავსი ინოვაციების ინტეგრირებაზე. საუნივერსიტეტო რეფორმამ საშუალება უნდა მისცეს ქართველ სტუდენტებს, რომ ახალი პროგრამების მეშვეობით ცოდნა უშუალოდ მსოფლიო კლასის პროფესორებისგან მიიღონ. ახალი ტექნოლოგიები სწავლის ღირებულებას ძალიან ამცირებს. სასურველია, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და ონლაინგანათლების იურიდიული აღიარება მოხდეს – ეს გაცილებით მეტ ცოდნას აძლევს სტუდენტს, ვიდრე ქართული უნივერსიტეტის კურსები. თან ამ ონლაინკურსების რაოდენობა მუდმივად მზარდია.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში ისწავლება ისეთი საგნებიც (საუბარია ძირითადად ქართველოლოგიურ დისციპლინებზე, თუმცა არამხოლოდ), რომელთაც პრაქტიკულად არცერთი უცხოელი პროფესორი არ ასწავლის. ამ სპეციალიზაციის სტუდენტებს, შესაძლოა, როგორც მინიმუმ პირველ ეტაპზე, ონლაინკურსებმა ბევრი არაფერი მისცეს. თუმცა, თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ასეთ „ეგზოტიკურ" კურსებს ძალიან ცოტა სტუდენტი ირჩევს.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწავლობს ისეთ საგნებს, რომელსაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებშიც ასწავლიან.

ძნელი სათქმელია, რის საფუძველზე გააკეთეს კონცეფციის ავტორებმა დასკვნა, რომ დღევანდელი ქართული უნივერსიტეტების წინაშე ყველაზე მწვავედ აკადემიური თავისუფლების საკითხი დგას. კონცეფციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა კვლევები ადასტურებს ამ მოსაზრებას, ან რა ინდიკატორები მიუთითებს, რომ ასეთი პრობლემა საერთოდ არსებობს.

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული მკურნალობის მეთოდი – ტენური – არასწორად დასმული დიაგნოზის საფუძველზეა შერჩეული. ტენურის სისტემა ძვირადღირებული და მოუქნელია. ზოგადად, ამ მოდელში, პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი იღებს ტენურის სტატუსს, რაც პრაქტიკულად გარანტირებულ სამუშაოს ნიშნავს და სტაბილურობას უქმნის სტატუსის მქონეს.

უნდა აღინიშნოს, რომ სსრკ-ს დროს ტენურის მსგავსი უკვე იყო დანერგილი – პროფესორები სწორედ უვადოდ იყვნენ. თუმცა, ამან როგორი აკადემიური თავისუფლება თუ ხარისხი უზრუნველყო, საყოველთაოდაა ცნობილი.

თუ დასავლური უნივერსიტეტები საუკუნეებია არსებობს, ტენურის მოდელი მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მოქმედებს. განვითარების ერთ ეტაპზე ეს მოდელი გაჩნდა და ახლა ნელ-ნელა ქრება, რაშიც თავისთავად ტრაგიკული არაფერია – უნივერსიტეტები მანამდეც არსებობდნენ და კვლავ გააგრძელებენ არსებობას ახალი გარემოებების შესაბამისი სტრატეგიებით.

ტენურის მოდელი ფართოდ გავრცელებული იყო, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა ის ნელ-ნელა სუსტდება. იქ ტენურის სტატუსის მქონეების რაოდენობა გასულ საუკუნესთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული – თუ ამ სტატუსის მქონეთა და მისი მომლოდინეების რაოდენობა 1969 წელს 78% იყო, უკვე 2009 წელს 30%-მდე ჩამოვიდა. ამერიკული კოლეჯისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ორ მესამედზე მეტს არა ტენური, არამედ ვადიანი კონტრაქტები აქვთ, ხოლო თითქმის ნახევარი უნივერსიტეტში არასრულ სამუშაო განაკვეთზე არის დასაქმებული.

სისტემის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ეს უნივერსიტეტებისთვის დიდი ხარჯია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტენურის სტატუსის მქონე პროფესორების უზრუნველყოფა უნივერსიტეტებს მილიონობით დოლარი უჯდებათ. მარკ ტეილორის წიგნის, Crisis on Campus: A Bold Plan for Reforming Our Colleges and Universities, მიხედვით, ეს ხარჯები თითოეულ პროფესორზე 10-12 მილიონ დოლარამდე აღწევს კარიერის განმავლობაში. კოლეჯების ხელმისაწვდომობის ცენტრის 2010 წლის კვლევის მიხედვით კი, აშშ-ში ტენურის სისტემის ფარგლებში კოლეჯებს არ შეუძლიათ დაითხოვონ, მაგალითად, შუა საუკუნეების ისტორიის მასწავლებლები და მათ ნაცვლად ინფორმაციული ტექნოლოგიების და ბიზნესის სფეროს სპეციალისტები აიყვანონ. გარდა ამისა, სისტემა ახალგაზრდა კადრებისთვისაც ბარიერად შეიძლება იქცეს, მათ კი, ვისაც გარანტირებული სამუშაო აქვთ, მოტივაცია უმცირდებათ და დროთა განმავლობაში შეიძლება ნაკლები ძალისხმევა მოახმარონ სამუშაოს.

ტენურის ეკონომიკური მოდელის დაუძლურების კიდევ ერთი მიზეზი, ბევრ სხვა მიზეზს შორის, გლობალიზაციაა. ის, რაც დასაქმების სხვა სფეროებში ხდება, უმაღლესი განათლების სფეროსაც ეხება. მუდმივი სამუშაო ადგილები ყველა სფეროში ქრება. მაგალითად, მეოცე საუკუნის დასაწყისში ადამიანი რომ ინჟინრად დაიწყებდა მუშაობას, მასაც მუდმივი სამსახური ჰქონდა. გლობალიზაციამ და ახალმა ტექნოლოგიებმა რადიკალური ცვლილებები მოიტანა. იმ სამუშაოს უდიდესი ნაწილი, რასაც დღეს უნივერსიტეტებში ლექტორები ასრულებენ, ავტომატიზაციისა და აუთსორსინგის შედეგად რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდის.

საქართველოში, ამ ყველაფერთან ერთად, საკითხავია, რამდენად რეალისტურია ტენურის მოდელი და რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს ტენური. სტატისტიკის დეპარტამენტის 2012-2013 წლის მონაცემით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 6300-მდე სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და მასწავლებელია. ასევე, ქვეყანაში 3000-ზე მეტი დოქტორანტია. საინტერესოა, რომ ტომსონის მონაცემთა ბაზის მიხედვით, იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში 2011 წელს ქართველებმა 500-მდე, ხოლო 2012 წელს 410 სტატია გამოაქვეყნეს, რაც დაახლოებით 300 ქართველი მკვლევრის დამსახურებაა. ტენურის სტატუსი ამაზე მეტ მეცნიერს ვერანაირად ვერ მიენიჭება, მაგრამ თუ სტანდარტის ხელოვნურად დაწევა არ მოხდება, წესით, ამ სამასიდან, ყველამ არ უნდა მიიღოს ტენურირებული პროფესორობა.

გაუგებარია, რატომ ცხადდება ახალი უნივერსიტეტის ქვაკუთხედად იდეა, რომელიც პროფესორ-მასწავლებელთა მიკროსკოპულად მცირე ნაწილს შეეხება. დღეს მოღვაწე აკადემიური პერსონალის 95%-ზე მეტი ვერ იგრძნობს ვერანაირ ცვლილებას. თუკი ტენურირების კრიტერიუმების ხელოვნური შერბილება მოხდება, ეს ინსტიტუტი უბრალოდ პროფესორ-მასწავლებლების სოციალური უზრუნველყოფის სისტემად გადაიქცევა. ჯამში, უნივერსიტეტს გაეზრდება სახელფასო ხარჯები, რაც საბოლოო ჯამში სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გაძვირებას გამოიწვევს.

სულ მალე საშუალო ქართველ პროფესორზე გაცილებით უფრო მაღალი დონის მეცნიერის ლექცია ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო გამოცდების ადმინისტრირება და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება, ვარაუდობენ, რომ სტუდენტს დაახლოებით 100-150 დოლარი დაუჯდება. ამ პირობებში რატომ იქნება ტენურის მოდელი ეკონომიკურად გამართლებული? რატომ უნდა გადაუხადოს სტუდენტმა ბევრად უფრო მეტი ფული საშუალო დონის ქართველ ლექტორს, თუ მას შესაძლებლობა ექნება, რომ იგივე კურსი ბევრად უფრო იაფად გაიაროს ჰარვარდის, სტენფორდის, იელის პროფესორთან?

საკითხავია ისიც, რამდენად გაჩერდება საქართველოში მსოფლიო დონის მეცნიერი ტენურის სტატუსის შეთავაზების შემთხვევაშიც კი, მაშინ როდესაც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია მისთვის დასავლური უნივერსიტეტების დონის პირობების შექმნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტი ავტონომიური და, ხშირ შემთხვევაში, კერძო დაწესებულებაა. შესაბამისად, არჩევანი მათზე უნდა იყოს, დანერგავენ თუ არა ტენურის სისტემას. თუ უნივერსიტეტი საკუთარი ადამიანური რესურსის მართვაში არ იქნა დამოუკიდებელი, აკადემიური თავისუფლების დაცვა რთულად წარმოსადგენია. ყველა სასწავლებელს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს მისთვის სასურველი, თუნდაც მცდარი სტრატეგია (მაგალითად, გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება პროფესორ-მასწავლებლებისთვის) და ისწავლოს თავის შეცდომებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასოდეს ვიქნებით დაზღვეული, რომ ერთ დღესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის რაიმე კარიკატურული მოდელის თავსმოხვევას არ შეეცდება.

კომენტარები