19 აპრილის აქცია

გიორგი ვაშაძე: ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არის საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის

რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის აქცია დაიწყო. შეკრებილებს სიტყვით გიორგი ვაშაძემ მიმართა. პარლამენტარმა აქციას ახალი ეროვნული მოძრაობა უწოდა. ვაშაძის თქმით, ახალი ეროვნული მოძრაობა სამ უმთავრეს პრინციპს ემყარება - ერთიანი სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, გლობალურ სამყაროში საქართველოს ფუნქციის და მისი შესაძლებლობების ახლებური დანახვა.

"ჩემთვის ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არის საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება მეტი მცოდნე, განათლებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანი. ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის უბრალოდ გულზე მჯიღის ცემა. ეს არის რეალური საქმის კეთება შენი ქვეყნისათვის. ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა შენი ქვეყნისათვის. ეს არის ფიქრი და გულწრფელი დამოკიდებულება შენი სამშობლოს მომავლისადმი. ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის ჩვენი კულტურის შემოზღუდვა და ჩაკეტვა. ჩემთვის ეს არის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მთელ მსოფიოში გატანა და ჩვენი ღირებულებების, ღირსებების, ტრადიციების მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა და გაზიარება. ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის ბოღმა და გაუტანლობა. ეს არის სიყვარული, შენდობა და ურთიერთპატივისცემა. ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის ერთეულთა ხვედრი. ეს არის ყველასთვის - თითოეული ჩვენგანისთვის კარგად გასაგები, ხელშესახები რეალობაა" - აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ეროვნული მოძრაობა არ იქნება მხოლოდ ერთნიკურად ქართველთა ან მხოლოდ მართლმადიდებელთა მოძრაობა, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის და რელიგიური კონფესიების მოძრაობაა, როგორც ამას ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ქადაგებს. 

ვაშაძის თქმით, ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არის სრულიად თანამედროვე სამყაროში, ოცდამეერთე საუკუნეში ახლებურად გააზრებული საქართველო. "ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის რუსეთის სიძულვილი. ეს არის პრინციპული პოლიტიკა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რისი საბოლოო მიზანიც მათი მხრიდან ჩვენი პარტნიორად აღიარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს. ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის რომელიმე ძალის თუნდაც ამერიკის ან ევროკავშირის ინტერესების დაცვა. ეს არის ჩვენი საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე თანამედროვე სამყაროს სრულუფლებიანი წევრობა. ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არის მოძრაობა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის ზედაპირული მსჯელობა. ეს არის სიღრმისეული ანალიზი და ანალიზის შედეგად გადადგმული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ ყველაფერს შრომა სჭირდება და ამიტომაც "ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის ოცნება, მიუღწეველი კატეგორია. ეს არის რეალური, ხელშესახები შესაძლებლობა, რისი რეალიზებაც ჩვენს ხელშია," - აღნიშნა ვაშაძემ.

 

 

 

კომენტარები