საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შშ-ს თქმით, უწყება წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებულია.
"გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც დეტალურად გაწერს შეკრების და მანიფესტაციის წესებს, პასუხისმგებლობას მანიფესტაციის კანონის ფარგლებში წარმართვაზე უპირველესად აკისრებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 19 აპრილს მანიფესტანტთა უსაფრთხოება იყოს დაცული. მოვუწოდებთ ქ. თბილისის მერიასა და თავად აქციის ორგანიზატორებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და, თავის მხრივ, უზრუნველყონ მანიფესტაციის მშვიდობიანად წარმართვა.
კანონის თანახმად, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ: შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს; ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა; ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა; განზრახ დაბრკოლებების შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებისათვის; შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება; ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების ან ცივი იარაღის ქონა; ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით; ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერებების ქონა, ალკოჰოლური სასმელების ქონა", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება თვითმმართველობების წარმომადგენლებსაც.
ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ხვალ, 16:00 საათზე დაიწყება.





