კრიმინალი

ციხისძირის ინციდენტში მონაწილე სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები დაკავებული არიან

ქობულეთის რაიონში სოფელ ციხისძირის ინციდენტში მონაწილე სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომბი დაკავებული არიან. 

ციხისძირში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბათუმის პროკურორის მოადგილის, ზაზა მეტონიძის განცხადებით, გამოძიება ფიზიკური დაზიანების ფაქტზე დაიწყო. 

"გამოძიება ჩვენ დავიწყეთ ფიზიკური დაზიანების ფაქტზე, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ციხისძირში ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავის სახლში, სადაც რამდენიმე წუთი გაჩერდნენ და წამოვიდნენ. მანქანაში იმ სოფლის მკვიდრი ორი მოქალაქე ეჯდათ, რომლებმაც სახლი მიასწავლეს. სამხედროებმა გზაში გააჩერეს მანქანა, ამ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გასროლებიც მოხდა. ამ ინციდენტის შემდეგ, გზაში მეუღლესთან ერთად მომავალ ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, შეურაცხყოფა რელიგიური კუთხით. გარდა ამისა, გაჩხრიკეს ერთ-ერთ მოქალაქის მანქანა და წავიდნენ სამეგრელოს მიმართულებით", - აღნიშნა ზაზა მეტონიძემ. 

ციხისძირში მომხდარი ინცინდენტის გამო, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი და ინციდენტის მონაწილე რამდენიმე სამხედრო პირი სამსახურიდან დაითხოვა.

განცხადება სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით ასევე გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ.  

"გამოძიებით გაირკვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა აღნიშნულმა პირებმა, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენჯერმე უკანონოდ გაისროლეს. ხუბულავამ, გვილიამ და მამფორიამ ციხისძირის მკვიდრებს მიხეილ დიასამიძეს და ამირან დოლიძეს მოსთხოვეს ეჩვენებინათ ჯვარი, რაზეც უარი მიიღეს. გაღიზიანებულებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შეშინებული მოქალაქეები გაიქცნენ, რა დროსაც სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს. ონისე ხუბულავამ ციხისძირის მკვიდრ მევლუდ დავითაძეს იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს თან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, შეურაცხყოფა მიაყენა და პისტოლეტის კონდახი ჩაარტყა თავში, ხოლო წაქცეულ დავითაძეს ცემა დაუწყო.

მოგვიანებით, ციხისძირის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პაატა გვილიამ, მალხაზ მამფორიამ და ონისე ხუბულავამ რამდენიმე ავტომანქანა გააჩერეს, მოითხოვეს საბუთები და გაჩხრიკეს ისინი, შეამოწმეს საბარგულები. მოქალაქეებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უწოდეს მათ "თათრები" და ჯვრის ჩვენებას სთხოვდნენ. ხუბულავამ ერთ-ერთ მოქალაქეს კისერთან პისტოლეტი მიადო და შუბლის გახვრეტით დაემუქრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ადასტურებს, რომ მალხაზ მამფორია და პაატა გვილია დაკავებულები არიან, თუმცა აღნიშნავს, რომ ონისე ხუბულავა თავს არიდებს გამოძიების ორგანოში გამოცხადებას და იმალება.

 

 

კომენტარები