"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მესამე პოლიტიკური ძალის შესახებ "ძალიან არ მოეწონა". ამის შესახებ ბურჯანაძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, მისი უკმაყოფილება პრემიერის მიერ მეორე პოლიტიკურ ცენტრად ნაციონალური მოძრაობის განხილვამ გამოიწვია. პოლიტიკოსის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, რომლის შედეგადაც გაირკვევა რომ ეს პარტია ლეგიტიმური ოპოზიცია ვერ იქნება.
"საქართველოს მოსახლეობამ "ნაციონალურ მოძრაობას" ნათლად უთხრა "არა". პარლამენტში არსებული ბალანსი მოსახლეობის განწყობას არ ასახავს. "ნაციონალურ მოძრაობას" ხმათა 40% არ მიუღია. გარდა ამისა, სამართლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური, არგუმენტირებული პრეტენზია, რასაც ჯერ პასუხი არ გასცემია. ამ პასუხების გაცემის შემდეგ, გამოძიებების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ლეგიტიმური ოპოზიცია ვერ იქნება," განაცხადა ბურჯანაძემ.





