საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გარშემო ინიცირებულ გამოძიებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და მასთან თანამშრომლობას არ აპირებს - განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ვიზიტისას გააკეთა. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი პირველი ოფიციალური პირი გახდა, რომელმაც, რუსეთის ოფიციალური პირებისა და უგო ჩავესის გარდა, საქართველო ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა.
„პოლონეთში ხშირად იცვლებოდნენ პრეზიდენტები, მთავრობები, მაგრამ არცერთ პოლონეთის ახალ პრეზიდენტს არ მოსვლია თავში აზრად, გადაეწერა პოლონეთის ისტორია. ისინი იცვლებოდნენ, არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის იდგნენ პოლონეთის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. არცერთ ოფიციალურ პირს 2008 წლიდან მსოფლიოში, გარდა რუსეთის ოფიციალური პირებისა და აწ გარდაცვლილი უგო ჩავესისა, არ დაუდანაშაულებია საქართველო ომის გაჩაღებაში და ინიცირებაში, მათ შორის, არც ევროკავშირის ცნობილ მოხსენებაში. პირველი შემთხვევაა, როცა გაჩნდა კიდევ ერთი ოფიციალური პირი, რომელმაც ეს გააკეთა და ჩვენთვის სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდა საქართველოს პრემიერმინისტრი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის მიესალმება პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ პრაგმატიზმზე საუბარი არ შეიძლება იყოს, როდესაც ხელისუფლება ოკუპანტს ოკუპაციის იურიდიული დასაბუთებასა და მორალურ უპირატესობას აძლევს.
„რუსებმა არაერთხელ თქვეს, რომ სურდათ ჩემი და ჩემი მთავრობის გასამართლება საქართველოს შემდეგი მთავრობის მიერ. გასაგებია, რომ გაასამართლო წინა მთავრობა ღალატისთვის, ქვეყნის მიტოვებისთვის, მოგონილი საბაბით სამხედრო დანაშაულისთვის. მაგრამ ბრალს უყენებდე იმაში, რომ წინააღმდეგობა გაწია, ხელი არ მოაწერა კაპიტულანტურ შეთანხმებებს, არ მიატოვა დედაქალაქი - ასეთი პრეცედენტი თანამედროვე მსოფლიო ისტორიამ არ იცის. ამ წლებში, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ჩვენ შევინარჩუნეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დავიწყეთ საერთაშორისო სამართლებრივი პროცესების სწორად წარმართვა და მოგება. ამ ყველაფრის შემდეგ რატომ ვიხევთ უკან და რატომ ვაძლევთ მათ ასეთ კოზირებს?“.
სააკაშვილმა დღეს არსებული მდგომარეობა 1921 წელსაც შეადარა.
„მე, როგორც პრეზიდენტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - მთლიანად ვემიჯნები პრემიერმინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული ქმედების დაწყება და ომის გაჩაღება. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი, ერთი წუთით არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირაა მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ჩვენი მტრის ამოცანების ბოლომდე მიყვანისკენ. საქმე ეხება არა ჩემს პიროვნებას, ეს მეასეხარისხოვანია, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ყველას გვმართებს ჩვენი მომავლის განსაკუთრებული მოფრთხილება და დაფიქრება იმაზე, თუ რას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში, კვირებში თუ წლებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




