პრესკონფერენცია

ბიძინა ივანიშვილი: ყველას, ვისაც მოესურვება, რომ გადამზიდველი იყოს, ეს კონტროლის გარეშე დარჩება

საქართველოს პრემიერმინისტრმა ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან და ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს კომენტარი გადამზიდავების პრობლემაზეც გააკეთა. მისი თქმით, „მთლიანად რომ გაიხსნას ყველაფერი და ყველამ წამოიღოს ვისაც როგორ უნდა, ეს კონტროლის გარეშე დარჩება. რაღაც კოორდინაციაა საჭირო, ყველა, ვისაც მოესურვება, რომ გადამზიდველი იყოს, გამოიწვევს ძალიან ბევრი აღურიცხავი საქონელის შემოსვლას და ქაოსს“.

2013 წლის 25 იანვრის და 6 თებერვლის ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის ბრძანებების საფუძველზე, მცირე და საშუალო გადამზიდველებს შეეზღუდათ საბაჟო პროცედურების გავლა. შედეგად, საქართველოს ფოსტა - ყველაზე მსხვილი გადამზიდავი - დომინირებულ პოზიციაში აღმოჩნდა.

ადგილობრივმა მეწარმეებმა დახმარებისთვის ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიმართეს. ბრძანების ამოქმედებიდან, ისინი საქმიანობას ვეღარ ახორციელებენ, რაც სერიოზულად აზარალებს მათ ბიზნესს. მეწარმეების თქმით, დამატებითი რეგულაციების პირობებში, ისინი ბაზრიდან ხელოვნურად განიდევნებიან, რითაც მთავრობა ბაზარზე მონოპოლისტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 5 აპრილს მთავრობის ბრძანებების გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან და ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, „ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, ყველაფერი ჩაწყნარდა“.

პრემიერმინისტრის ამ განცხადებას საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა: „ფინანსთა სამინისტროს, თანამშრომლობაზე სიტყვიერი მზადყოფნის მიუხედავად, ამ დრომდე მხედველობაში არ მიუღია ჩვენი რეკომენდაციები. ზუსტად ამიტომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სასამართლოს გზით მოითხოვს ფინანსთა სამინისტროს იმ ბრძანებების გაუქმებას, რითაც მცირე და საშუალო გადამზიდველებს შეეზღუდათ საბაჟო პროცედურების გავლა და დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს ფოსტა“.

კომენტარები