მთავარ პროკურატურასთან დაზარალებული მენაშენეების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათი განცხადებით, კომპანიებმა დექსუსმა და ცენტრპოინტმა სხვადასხვა თაღლითური სქემებით 6 ათასზე მეტი ოჯახი ანუ დაახლოებით 25 ათასი ადამიანი დააზარალეს: ოფიციალურად გაფორმებული კონტრაქტების და გადახდილი საფასურის მიუხედავად, მათ კუთვნილი ბინები დღემდე არ მიუღიათ.
პროკურატურა მათ საქმის დროულად გამოძიებას დაპირდა. როგორც პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მრჩეველმა მზია ლალიაშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, პროკურატურის წარმომადგენლები დაზარალებულ მოქალაქეებს ერთ კვირაში დაუკავშირდებიან, ამასთან, დაზარალებულები გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ყველა ინფორმაციას დროულად მიიღებენ.
აქციის მონაწილეებს პროკურატურასთან კარვების გაშლა სურდათ, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. შედეგად, პატრულის თანამშრომლები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აქციის განმავლობაში ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ პირებენ და აცხადებენ, რომ მჯდომარე აქციას გააგრძელებენ.




