შსს

შსს: იან­ვარ-მარ­ტში დანაშაული 20,2%-ით გა­ი­ზარ­და

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა რეგისტრირებული დანაშაულის ერთიანი კვარტალური ანგარიში და ის ახალი მეთოდოლოგია წარადგინა, რომელსაც სამინისტრო 2013 წლის იანვრიდან იყენებს.

შსს-ს ცნობით, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია.

''დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი მარტისთვის 21,9-დან 25,53%-მდეა გაზრდილი, ხოლო იანვარ-მარტის პერიოდისთვის - 28,8-დან 32,75%-მდე. კრიმინალური ელემენტების გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება ბოლო ორი წლის განმავლობაშიც. 2011 წლის იანვართან შედარებით 2012 წლის იანვარში დანაშაულის საერთო რაოდენობა 10,6%-ით, თებერვლის თვეების შედარებისას 19,5%-ით, 2012-2011 მარტის თვეებში - 4,7%-ით, იანვარ-მარტში კი 20,2%-ით გაიზარდა''.

შსს იუწყება, რომ ''მხოლოდ შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეთა ხვედრითი წილი, რომელიც ადრინდელ ანგარიშში არ ხვდებოდა, მიმდინარე წლის კონსოლიდირებულ მონაცემებში უკვე აღირიცხება, საშუალოდ რეგისტრირებული მონაცემების 5-6%-ს წარმოადგენს, რაც ახალი მეთოდოლოგიის შემთხვევაში, შესაბამისი თანაფარდობით ზრდის დანაშაულის საერთო რაოდენობასაც'' და ამ კოეფიციენტის გათვალისწინებით, ''2013 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან მიმართებაში მხოლოდ 10,3%-იანი ზრდა ფიქსირდება''.

რაც შეეხება დანაშაულის სტატისტიკის ახალ მეთოდოლოგიას, როგორც უწყება აღნიშნავს, ის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით შემუშავებული მოდელია. განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ''წარმოების შეწყვეტის სისხლის სამართლის საქმეები, მიუხედავად შეწყვეტის საფუძვლისა, სტატისტიკურ მონაცემებში 2013 წლამდე არ აისახებოდა''.

კომენტარები