
პროტესტის ინსპირატორი ფემენის ტუნისელი აქტივისტი ამინა ტაილერი გახდა. გასულ თვეში 19 წლის გოგონამ სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოები განათავსა, სადაც ის წელსზევით შიშველია, მის სხეულზე განთავსებული წარწერები კი „მორალს“ უცენზუროდ მოიხსენიებენ. ტუნისელი აქტივისტის მხარდაჭერები შიშობენ, რომ შეიძლება ის ამის გამო გაასამართლონ.
გავრცელებული ცნობებით, ამინა ტაილერი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს. მისი ოჯახის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ ის დაბრუნდა და სახლში უსაფრთხოდაა. თუმცა, გოგონას მხარდაჭერებს ეჭვის საფუძველი აქვთ, რადგან თავად ამინასგან არაფერი ისმის. ერთერთ უკანასკნელ ინტერვიუში, რომელიც იტალიელ ჟურნალისტს მისცა, იგი შიშობდა, რომ შეიძლება ეცემათ ან გაეუპატიურებინათ, რადგან „პოლიცია ტუნისში ისე არ მოქმედებს, როგორც ევროპაში“.
აქცია ლოზუნგებით „შიშველი მკერდი ისლამის წინააღმდეგ“, „არა შარიათს“ და სხვა მსგავსი, ბერლინში, პარიზსა და კიევში ჩატარდა. უკრაინის დედაქალაქში მდებარე მეჩეთთან პოლიციამ ორი აქტივისტი სწრაფადვე დააკავა. მათ შიშველ მკერდზე ეწერათ „გაათავისუფლეთ ამინა“. აქტივისტები დააკავეს ტუნისის საელჩოთან პარიზშიც.
„ჩვენ თავისუფლები ვართ, შიშვლები ვართ, ეს ჩვენი უფლებაა, ჩვენი სხეული და ჩვენი წესებია. არავის აქვს უფლება, გამოიყენოს რელიგია ან სხვა სიწმინდეები ქალების შეურაცხყოფისთვის, მათი ჩაგრისთვის“ - ამბობს ბერლინში მყოფი ფემენის წევრი ალექსანდრა შევჩენკო.


რაც შეეხება ფემენს, ეს უკრაინული ფემინისტური ჯგუფი 2008 წელს კიევში დაარსდა. პოპულარობა მოძრაობას პროტესტის მათებურმა სტილმა - წელს ზემოთ სიშიშვლემ - მოუტანა. ჯგუფი თანამედროვე ფემინიზმის მათებურ ინტერნპრეტაციას სექსტრემიზმს უწოდებს და მიიჩნევს, რომ შიშველი სხეული პატრიარქალური ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საუკეთესო იარაღია. მათივე საიტზე განთავსებული ინფორმაციით, სექსტრემიზმი თავს ესხმის „ პატრიარქალიზმის ყველა გამოვლინებას - დიქტატურას, ეკლესიას, სექს-ინდუსტრიას“.
ფემენის აქტივობები ითვლის რუსეთის პრეზიდენტი პუტინის, გაზპრომის, ბერლუსკონის წინააღმდეგ მოწყობილ აქციებს.
2011 წელს პლაკატებით შეიარაღებულმა აქტივისტებმა იტალიაში პაპის საკვირაო ქადაგების შემდეგ მოედანზე გახდა დაიწყეს, 2012 წელს კი ერთერთი აქტივისტი რუსეთის პატრიარქ კირილს თავს დაესხა, ზურგზე წარწერით „მოკალი კირილი“. ფემენი ასევე აპროტესტებდა აბორტების შეზღუდვას უკრაინაში, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებისას უკრაინის მთავრობას სექს-ტურიზმისა და პროსტიტუციის წახალისებაში ადანაშაულებდა, ლონდონის ოლიმპიადის დროს კი აქცია „სისხლიანი ისლამისტური რეჟიმების“ წინააღმდეგ მოაწყვეს. არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია გასულ წელს, პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის მხარდასაჭერად, ფემენის სამი აქტივისტის მიერ კიევში ჯვარცმის ჩამოაგდებამ, რომელიც სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა. მომხდარზე მაშინ საქმეც აღიძრა.





