საქართველოს პარლამენტი

საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარება წელიწადში სამჯერ იქნება შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსში. ცვლებების მიხედვით, ადგილობრივ საკრებულოებში ვაკანტური მაჟორიტარული ადგილების შუალედური არჩევნებით შევსება საკრებულოს ვადის პირველი სამი წლის განმავლობაში წელიწადში სამჯერ იქნება შესაძლებელი. 

აქამდე არსებული წესით, საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარება წელიწადში ერთხელ, სექტემბერ-ოქტომბერში იყო შესაძლებელი. არჩევნების ჩატარების მთავარი პირობა კი მინიმუმ 5 მაჟორიტარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო. 

ახალი კანონის მიხედვით, საკრებულოს 3 მაჟორიტარისთვის უფლებასმოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შუალედური არჩევნების ჩატარება თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში იქნება შესაძლებელი. 

ასევე იცვლება ვადები, თუ როდის შეიძლება შუალედური არჩევნების ჩატარება. არსებული წესით, თუ საკრებულოს 4-წლიანი უფლებამოსილების ამოწურვამდე 2 წელზე ნაკლებია დარჩენილი, არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. ახალ პაკეტში ეს ვადა 1 წელზე მეტით განისაზღვრა. 

საკრებულოს არჩევნები შესაძლოა გაიმართოს თბილისში, ონში, წალკაში, მესტიაში, ჩოხატაურსა და ხობში. სწორედ ამ რაიონებში გამოაკლდა საკრებულოს 3 წევრზე მეტი. 

საპარალემენტო უმცირესობისთვის ცვლილებათა პაკეტი მიუღებელია. მათი თქმით, ცვლილებების მიზანი თბილისის საკრებულოს ხელში ჩაგდებაა. 

დეკემბერში მიღებული მსგავსი შესწორებით, პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება ოქტომბერთან ერთად აპრილშიც იქნება შესაძლებელი. შუალედური საპარლამენტო არჩევნები ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის ოლქებში 27 აპრილს არის დაგეგმილი. 

კომენტარები