საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის ადმინიტრაცია რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო იცავს თავის თავზე აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მაშინ როცა რუსეთი არღვევს ნდობისა და უსაფრთხოების ზომებს (CSBM), რაც უარყოფითად მოქმედებს რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. 

"მაშინ, როდესაც საქართველო ერთგულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 23 ნოემბერს  გაკეთებული განცხადებისა ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და უარს აცხადებს იკისროს საქართველოზე თავდაუსხმელობის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ზოგადად, ასეთი გაუფრთხილებელი ქმედებების სტრატეგიული შედეგი იქნება ის, რომ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დადგება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოება," ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში

რუსეთის მიერ შავ ზღვაში მოულოდნელად დაწყებული სამხედრო წვრთნა 29 მარტს დაგმო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მოულოდნელ წვრთნებზე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ. ვერშბოუს თქმით, უკეთესი იქნებოდა, თუ რუსეთი წვრთნების შესახებ ნატოს წინასწარ შეატყობინებდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ქართული მხარის მიერ სამხედრო წვრთნების გაკრიტიკება საჩვენებელი ხრიკი იყო და საქართველოს მთავრობის განცხადებებს, რომ მას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს, ცუდად შეესაბამება. 

22 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ-ამერიკური წვრთნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "„ნებისმიერი უცხოური სამხედრო დახმარება თბილისისთვის, რითიც არ უნდა იყოს ის მოტივირებული, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერების პერსპექტივებს ართულებს“.

 

კომენტარები