ლევან კობიაშვილი

კობიაშვილი: მივდივარ ნაკრებიდან, მაგრამ დავბრუნდები ქართულ ფეხბურთში

ლევან კობიაშვილს საქართველოს ნაკრების ფორმა 2011 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ არ მოურგია. კობიაშვილს სხვადასხვა დროს უთამაშია რუსთავის მეტალურგში, თბილისის დინამოში, ვლადიკავკაზის ალანიაში, მაგრამ ყველაზე წარმატებული პერიოდი ფეხბურთელმა გერმანულ ფრაიბურგში და გელზენკირხენის შალკეში გაატარა.

2010 წლიდან კობიაშვილი ბერლინის ჰერტაში თამაშობს და გუნდის ლიდერად ითვლება. საქართველოს ნაკრებში ლევანს 100 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია - არცერთ სხვა ფეხბურთელს ნაკრების მაისური ამდენჯერ არ მოურგია. სამწუხაროდ არც მისი და არც ალექსანდრე იაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი დღემდე არ გამართულა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დღეს, სოციალურ ქსელ Facebook-ში წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მოგესალმებით,
ვწუხვარ, რომ ამ ფორმით მიწევს თქვენთვის მადლობის გადახდა.მადლობა იმ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან. საქართველოს ნაკრების წევრობა ყოველთვის პრიორიტეტული და საამაყო იყო ჩემთვის. მიუხედავად მრავალი სირთულისა, თავი არასოდეს დამიზოგავს. გუნდისთვის, ისევე როგორც ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებდი მაქსიმუმს.
ყოველთვის დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეროვნული გუნდის მაისურის ტარება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში საქართველოს ნაკრებში; ყველა იმ მწვრთნელს, ვისთანაც მიმუშავია. განსაკუთრებით მსურს გამოვყო რეზო ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი. მათ დიდი როლი ითამაშეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში. 
სამწუხაროდ, ჩემი და ქართველი გულშემატკივარის ოცნება - გვეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე - ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, აუხდენელი დარჩა. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს. მათ დღეიდან, ჩემი სახით, ერთით მეტი ჭეშმარიტი გულშემატკივარი შეემატა.
ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ თუ რას ნიშნავს სპორტსმენისათვის ღირსეულად დამშვიდობება. ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები.
იმედი მაქვს მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს. მე მივდივარ, როგორც აქტიური ფეხბურთელი ნაკრებიდან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ქართულ ფეხბურთში. 
პატივისცემით, თქვენი ლევან კობიაშვილი.

კომენტარები