ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის ყოფილი პარტნიორი ფედერაციის საბჭოდან გააძევეს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყველაზე მდიდარი წევრი (სენატორი), ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და ყოფილი ბიზნესპარტნიორი ვიტალი მალკინი 26 მარტს თანამდებობიდან გადადგა. ფედერაციის საბჭომ მისი განცხადება დააკმაყოფილა. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის დატოვება მალკინმა კანონდარღვევებში მისი მხილების შემდეგ გადაწყვიტა.

მალკინი ფედერაციის საბჭოში 2004 წლიდან ბურიატიის რეგიონს წარმოადგენდა. 2002 წლიდან საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა არა არჩევითი წევრების, არამედ რეგიონების ადმინისტრაციების მიერ დანიშნული წარმომადგენლებისაგან შედგება.

დოკუმენტები იმის შესახებ, რომ მალკინი, რუსული კანონმდებლობის დარღვევით, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ასევე ფლობდა საზღვარგარეთ უძრავ ქონებას და ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, პოლიტიკურმა აქტივისტმა ალექსეი ნავალნიმ თავის ბლოგში გამოაქვეყნა.

ნავალნიმ წარმოადგინა იმ დოკუმენტების ასლები, რაც მალკინმა კანადის საიმიგრაციო უწყებასთან დავაში გამოიყენა, რომელსაც იგი 2011 წელს აწარმოებდა. კანადამ მალკინს ბინადრობის უფლება ჩამოართვა, რომლის დაბრუნებასაც იგი სასამართლოს გზით ცდილობდა.

კერძოდ, მალკინის ადვოკატი წარმოდგენილ სარჩელში ამტკიცებს, რომ მალკინი ტორონტოში საოფისე შენობას ფლობს, რომელსაც

მისთვის შემოსავალი მოაქვს. ეს ქონება მის დეკლარაციაში ვერ მოხვდა. ასევე მალკინი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად შევსებულ აპლიკაციაში აღნიშნავდა, რომ ჰქონდა ორმაგი, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა და მიუთითებდა სახელს, რომელზეც ისრაელის პასპორტი იყო გაცემული - ავიხურ ბენ-ბარი.

ალექსეი ნავალნიმ განცხადებთ ფედერაციის საბჭოს და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ბლოგერმა მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება და, იმ შემთხვევაში, თუ ის დადასტურდა, მალკინის გადაყენება მოითხოვა.

თუმცა, ფედერაციის საბჭომ მისი განცხადების განხილვაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ მოქალაქეთა ამგვარ განცხადებებს არ განიხილავს. ამის შემდეგ იმავე მოთხოვნით სენატს გაზეთმა მოსკოვსკი კომსომოლეცმა მიმართა, რომლის ოფიციალური მოთხოვნა საბჭომ განსახილველად მიიღო. პალატის სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მალკინის მიერ ჩადენილი დარღვევები დადასტურდა, მას სენატორის თანამდებობიდან გაიწვევდნენ.

თავად სენატორმა განაცხადა, რომ მის მიმართ „ბინძურ კამპანიას“ აწარმოებენ, რომელიც, მისი თქმით, უცხოეთიდან იმართება. შესაძლო დამკვეთებად კი ფონდ Hetmitage Capital-ის დამფუძნებელი უილიამ ბრაუდერი დაასახელა.

მან ასევე განმარტა, რომ ისრაელის მოქალაქეობაზე უარი 2007 წელს თქვა, როდესაც დეპუტატებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აკრძალვა ძალაში შევიდა. ასევე, მისი თქმით, უცხოეთში ბიზნესს იგი ფაქტობრივად არ ფლობდა მისი ქონების გარშემო მუდმივი სასამართლო პროცესების გამო.

თუმცა, საბოლოოდ მალკინმა გადადგომის შესახებ განცხადება ფედერაციის საბჭოში 25 მარტს შეიტანა. მისი საკითხის განხილვა პალატაში 26 მარტისთვის იყო დანიშნული.

ვიტალი მალკინის ქონება, Forbes-ის ვერსიით, 600 მილიონ დოლარს შეადგენს და რუსეთში უმდიდრეს ბიზნესმენებს შორის იგი 163-ე ადგილს იკავებს.

სენატორად ყოფნისას პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩეოდა. იგი მხოლოდ 2012 წლის ივლისში გააქტიურდა, როდესაც რუს პარლამენტართა დელეგაციას ჩაუდგა სათავეში, რომელიც აშშ-ში გაემგზავრა და შეეცადა ამერიკელი კოლეგების დარწმუნებას, „მაგნიტსკის აქტი“ არ მიეღოთ.

აშშ კონგრესის მიერ აქტის მიღების შემდეგ კი მალკინი რუსეთის სენატში „ანტიმაგნიტსკის აქტის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გახდა, რომელსაც რუსულმა ოპოზიციამ „მეფე ჰეროდეს კანონი“ უწოდა - ის აშშ-ის მოქალაქეებს რუსი ბავშვების შვილად აყვანას უკრძალავს.

ვიტალი მალკინს საქართველოს პრემიერმინისტრთან ხანგრძლივი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. რუსული წყაროების ცნობით, ივანიშვილმა მალკინი 80-იან წლებში გაიცნო, როდესაც მოსკოვში შრომისა და სოციალური საკითხების კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა. 1990 წელს მალკინმა ივანიშვილი კოოპერატივ აგროპროგრესში თანადამფუძნებელად მიიწვია. ამავე წელს მალკინმა და ივანიშვილმა ბანკი როსიისკი კრედიტი დააფუძნეს. ბანკის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ივანიშვილი იყო, პრეზიდენტის პოსტი კი მალკინმა დაიკავა. 90-იან წლებში მათ კიდევ ერთი ბანკი, იმპექსბანკი, შექმნეს.

ივანიშვილმა და მალკინმა ასევე შეისყიდეს ორი უმსხვილესი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის - სტოილენსკისა და მიხალოვსკის, საკონტროლო პაკეტები, რომლებიც 2004-2005 წლებში გაყიდეს. 2006 წელს მათ იმპექსბანკი Raiffeisen International-ს მიჰყიდეს.

ფორმალურად ივანიშვილის და მალკინის ბიზნესპარტნიორობა 2004 წლიდან შეწყდა - მას შემდეგ, რაც მალკინმა სახელმწიფო თანამდებობა დაიკავა. 2012 წელს კი ივანიშვილმა საკუთარი რუსული აქტივები, მათ შორის ბანკი რისიისკი კრედიტი, გაყიდა.

თუმცა, როგორც 2012 წლის მარტში ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი წერდა, ივანიშვილის ყოფილი უახლოესი ბიზნესპარტნიორი და ფედერაციის საბჭოს წევრი ვიტალი მალკინი „ბოლო დრომდე ივანიშვილის ზოგიერთ პროექტში წილობრივად მონაწილეობდა“. შესაბამისად, მისი აზრით, „ძნელია დაიჯერო, რომ პუტინის რუსეთში (ივანიშვილის) ასეთი მასშტაბის მომგებიანი სამეწარმეო საქმიანობა ხელისუფლების თან-ხმობის გარეშე იყო შესაძლებელი“.

 

კომენტარები