ადგილობრივი თვითმმართველობა

სამართლიანი არჩევნები: 1 ოქტომბრიდან თვითმმართველობებში 1790 თანამშრომელი გათავისუფლდა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს აკვირდებოდა. დღეს, 26 მარტს, ორგანიზაციამ მათ მიერ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე ადგილობრივი თვითმმართველობებიდან  გათავისუფლებულია 1790 თანამშრომელი. 
საკადრო ცვლილებები 69 მუნიციპალიტეტიდან 54 გამგეობასა და 25 საკრებულოს შეეხო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ "მასობივი" გათავისუფლება ყველაზე მეტად რწმუნებულებს შეეხო. საერთო ჯამში, 34 მუნიციპალიტეტში 418 რწმუნებული დაითხოვეს. 
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 10 მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებები  საბავშვო ბაღებსაც შეეხო, კერძოდ, ბაღებში გაერთიანების უფროსები შეიცვალა. ახმეტის რაიონში ე.წ. ოპტიმიზაციის პროცესი 205 საბავშვო ბაღის თანამშრომელს შეეხო. კასპის ბაგა-ბაღებში კი ქართული ოცნების წევრები ნახევარ განაკვეთზე დაინიშნენ, ხოლო დასაქმებულ თანამშრომლებს ხელფასი გაუნახევრდათ. 
"გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განაცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. რიგ შემთხვევებში ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს. ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით ახსნა. რაც შეეხება თანამშრომლების აყვანას,  საანგარიშო პერიოდში ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში 18 მუნიციპალიტეტში პარტიული ნიშანი გამოიკვეთა. კონკურსი მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა.  პარტიული ნიშნით, ძირითადად, კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ", - ნათქვამია სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჯარო ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით არცერთ მუნიციპალიტეტსა თუ ქალაქს ვადები არ დაურღვევია. გამონაკლისი მხოლოდ ქარელის მუნიციპალიტეტი იყო, სადაც  გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირთა ვინაობა და თანამდებობები არ გაასაჯაროვა.  
"სამართლიანი არჩევნები გამოვლენილ ტენდენციას უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლების უფრო მეტი ყურადღების საგანი უნდა გახდეს, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებს მოვუწოდებთ თანამდებობაზე აყვანა და გათავისუფლება მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის სრული დაცვით განხორციელდეს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები