საკონსტიტუციო ცვლილებები

აკაკი ბობოხიძემ პრეზიდენტი და პრემიერი გააკრიტიკა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის განცხადებები გააკრიტიკა. მისი თქმით, გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური მხარე, არამედ ქართველი ხალხია.

„აღარ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, აღარ მაინტერესებს, რას იტყვის მიხეილ სააკაშვილი, რადგან ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს სჭირდება. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი ალბათ მიიღებს... ყველას მოვუწოდებ: ბატონებო, გვაცადეთ მუშაობა, გვაცადეთ იმ გადაწყვეტილებებს მიღება, რომელიც საქართველოს სჭირდება და რომელსაც მიიღებს პარლამენტი, დაანებეთ ჭკუის სწავლებას და იმის მცდელობას თავი, თუ ვისმა მკლავმა გადასწია ერთი თუ მეორე ხელი", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადების აქცენტებს ის არ ეთანხმება, ისევე, როგორც პრემიერმინისტრს:

"გუშინ შეფასება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და მინდა ვთქვა, რომ მიმაჩნია, აქცენტები არასწორად იყო დასმული. გუშინ ნაციონალურ მოძრაობას არ გაუმარჯვია, საქართველოს მოსახლეობამ გაიმარჯვა. სამწუხაროდ, დღეს იგივე გააგრძელა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ "ჩვენ ეს ასი ხმა მაინც გვქონდა და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა სულ არ გვჭირდებოდაო".

მანვე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობის ნებისა და გადაწყვეტილების გარეშე, კანონპროექტი 130 ხმას ვერ აგროვებს.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. გუშინ, 21 მარტს, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარი 135-მა პარლამენტარმა დაუჭირა. კენჭისყრამდე ჩატარებულმა სარეიტინგო კენჭისყრისას, ცვლილებებმა 93 ხმა მოაგროვა.

მომხდარს გამოეხმაურა როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი, ასევე პრემიერი ივანიშვილი.

 

კომენტარები