საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად ნაციონალურ მოძრაობაზე დიდი ზეწოლისა, პარტიამ შეინარჩუნა თავისი პოზიცია და არ დანებდა. სააკაშვილის თქმით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის.
მისივე თქმით, მმართველი ძალა თავისი პროკურორებით, ახალი გამგებლებით, ახალი ფორმირებებით, მათ შორის ქუჩის ხულიგნებით და სხვა ძალებით, თვეებისა და კვირების განმავლობაში ცდილობდა ოპოზიციონერი პარლამენტარების დაშანტაჟებას და ზეწოლის ყველაზე უღირს მეთოდებს იყენებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 135-ით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ოფიციალურ კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სარეიტინგო კენჭისყრა დანიშნა. სარეიტინგო კენჭისყრისას გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას საკმარისი ხმა არ ჰქონდა საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 100 ხმა იყო საჭირო, სარეიტინგო კენჭისყრისას კი კანონპროექტმა მხოლოდ 93 ხმა მოაგროვა.





