აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აცხადებს, რომ ბათუმში მეჩეთი სახელმწიფოს ფულით არ აშენდება. მეჩეთის მშენებლობაში პრემიერი ივანიშვილი საკუთარ სახსრებს გაიღებს.
"ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ მეჩეთის მშენებლობა მოხდება ქართული ფულით, ანუ მრევლი მოახდენს ამ თანხის მობილიზებას. ამასთანავე, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი სახსრებით დახმარება გაუწიოს მეჩეთის მშენებლობას. სახელმწიფო მეჩეთის მშენებლობას არ დააფინანსებს. მრევლის ნაწილი ღია ცის ქვეშ ლოცულობს, რაც არ შეიძლება, რადგან ლოცვა შენობაში უნდა შესრულდეს და ხელი არ უნდა ეშლებოდეთ ღვთისმსახურებაში. საუბარია იმაზე, რომ გაფართოვდეს მეჩეთი, რაზეც საზოგადოების ნაწილში პოზიტიური განწყობა შეიმჩნევა. არის სხვა კატეგორიაც, რომელიც ამბობს, რომ ახალი მეჩეთი უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე, ადგილი შერჩეული არ გვაქვს და ვაპირებთ კონსულტაციები გავმართოთ ამ საკითხზე", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ხაბაძის თქმით, მეჩეთის მშენებლობის ადგილის განსასაზღვრად კონსულტაციები გაიმართება მორწმუნე მრევლთან, სამუფთოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ცოტა ხნის წინ პრემიერმა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი, მეჩეთის აშენებაში პირადად მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, თურქეთში ვიზიტის პერიოდში ის პრემიერ ერდოღანთან დამეგობრდა, მათ "ტელეფონებიც კი გაცვალეს". მისი თქმით, პრემიერი ერდოღანი მეჩეთთან დაკავშირებულ საკითხს გაგებით მოეკიდა, რისთვისაც ის მადლიერია:
"არასდროს დამდგარა მეჩეთის აშენება პოლიტიკის დონეზე. იყო საჭიროება, ხალხი აშენებდა და ლოცულობდა. სააკაშვილი ნერგავდა, რომ ქართველები ვართ ველურები, ჩვენ მხოლოდ მართლმადიდებლობას ვცემთ პატივს. ქართველი მუსლიმები ისეთივე ჩვენი მოქალაქეები არიან, როგორც ქართველი მართლმადიდებლები, მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ააშენონ მეჩეთი. ესენი ჩვენი ქართველები არიან და მე ისეთი მუსლიმები ვნახე ზედა აჭარაში, რომ ყველა ქართველს ქართველობაზე დაუდებენ თუ გნებავთ. ჩვენ იგივე ხალხი ვართ და არ შეიძლება ამ საკითხს ასე შეხედოთ. მე პირადად დიდი სურვილი მაქვს ავაშენო მეჩეთი. დიდი სურვილი მაქვს, რომ დავეხმარო, აშენდეს და მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მუსლიმებისთვის მეჩეთის მშენებლობის აქტიური მოწინააღმდეგე მმართველი კოალიციის ლიდერი და პარლამენტის ვიცესპიკერი, მურმან დუმბაძე გახლდათ. ის იყო ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგ მიტინგების ორგანიზატორიც. მაშინ მურმან დუმბაძე აცხადებდა:
"სხვა ქვეყნის მიერ საქართველოს სახელმწიფოში საკულტო ნაგებობა ვერ აშენდება; მით უმეტეს, ისტორიის იმ მონაკვეთს არ დავუდგამთ ძეგლს, როცა ბათუმში დამპყრობი სულთანის, აზიზიეს სახელობის მეჩეთი აშენდა. რუსეთმა რომ გვითხრას, ლენინის ძეგლი აღადგინეთო, აღვადგინოთ? ტელეფონის ზარები არ წყდება ჩემთან - მთელი ქალაქის ინტელიგენცია (განსაკუთრებით უნივერსიტეტიდან) გადამჭრელი ზომების მიღებას მთხოვენ. გარწმუნებთ, მოღალატე სააკაშვილს ამის უფლებას არ მივცემთ! აზიზიეს სახელობის ოკუპაციის მეჩეთ-მუზეუმის ხელახალი აშენებით თურქეთის სახელმწიფოს ოსმალური იმპერიის ამბიციებს გავუღვივებთ. ამის დაშვება კი ქართული სახელმწიფოს ნგრევის დაწყებას ნიშნავს".
მურმან დუმბაძე "პროვოკაციაში" თურქეთის კულტურის მინისტრთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც სდებდა ბრალს:
"ამ კაცს არ სურს ხელისუფლებიდან წასვლა საარჩევნო ბიულეტენების მეშვეობით; მისი მიზანი პანღურით გაგდებაა - მას გაგდებული პრეზიდენტის სახელით სურს ისტორიაში შესვლა, მაგრამ ამას ვერ ეღირსება - რამდენიმე თვეში სააკაშვილი თავის "აზიზიეს მეჩეთიანად" უნდა დასრულდეს საარჩევნო ყუთებთან", - აცხადებდა მურმან დუმბაძე.